ახალი ამბები, რეპორტაჟი: 8 ოქტომბერს, ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები
-
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ალაფის ამსახველი ვიდეო გაავრცელა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ხელში ჩაგდებული მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის ამსახველი მორიგი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.
-
მეორე დარტყმა ქალაქ შუშის ტაძარზე, სამი ჟურნალისტი დაიჭრა
მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენი, არტაკ ბეგლარიანი აცხადებს, რომ ყაზანჩეცოცის ტაძარზე დღეისათვის განხორციელებული მეორე დარტყმის შედეგად, ჟურნალისტები დაიჭრნენ. ისინი წინა თავდასხმის შედეგებს იღებდნენ.
„ეს წინასწარ განზრახული და მიზანმიმართული თავდასხმაა ეკლესიასა და ჟურნალისტებზე, რადან ჩვენზე უპილოტო თვითმფრინავით ახდენდნენ დაკვირვებას“, – წერს ომბუდსმენი თავის Twitter-ზე.
სომხური მედია იტყობინება, რომ დაშავდნენ რუსი ჟურნალისტები.
-
მოწინააღმდეგის სამხედრო კოლონა განადგურებულია - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
„მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა, რომელმაც დღის საათებში გადაადგილება სცადა, საარტილერიო ცეცხლით გავანადგურეთ“, – იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
-
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებზე მოსკოვში გაემგზავრება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ზოგრაბ მნაცაკანიანი 11-13 ოქტომბერს მოსკოვში იქნება და რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას განიხილავს.«რუსეთი, როგორც ეროვნულ, ისე ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, ძალისხმევას არ იშურებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის», – განაცხადა ყოველკვირეული ბრიფინგზე, მარია ზახაროვამ.მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები სამოკავშირეო ხასიათს ატარებს და მოსკოვს იმედი აქვს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტი «ხელს შეუწყობს კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცებას». -
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეკლესიის დანგრევასთან კავშირი
„საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ქალაქ შუშაში ეკლესიის დანგრევასთან აზერბაიჯანის არმიის საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
-
ჟენევაში, ყარაბაღში ვითარების ესკალაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო
ჟენევაში, ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით, ყარაბაღში ვითარების ესკალაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ამ დროისთვის ცნობილია შემდეგი ინფორმაცია („რია ნოვოსტის“ ცნობით):
„ხუთშაბათს, ჟენევაში, მთიანი ყარაბაღის თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების (რუსეთი, საფრანგეთი, აშშ) და აზერბაიჯანის წარმომადგენლის მონაწილეობით.
შეხვედრა გაეროს ფარგლებს გარეთ, საიდუმლო ადგილას, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას იღებენ ეუთოს თანათავმჯდომარეები რუსეთიდან, საფრანგეთიდან და აშშ-დან“.
-
სომხეთში, მოწინააღმდეგის მიერ სირიელი დაქირავებული მებრძოლების გამოყენების დამადასტურებელი ფაქტების შეგროვებას აგრძელებენ
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, სირიიდან დაქირავებულ მებრძოლთა მონაწილეობის შესახებ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტელეგრამ არხზე „შეიარაღებული ძალები“, ვიდეომასალა გამოქვეყნდა, რომელიც აფრინშია გადაღებული. მასზე აღბეჭდილია მამაკაცი, რომელიც შეკრებილებს მიმართავს და აცხადებს, რომ ისლამის ბრძოლა ახლა აზერბაიჯანში მიმდინარეობს.
მანამდე, საერთაშორისო მედია, კერძოდ, ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემები Guardian და Reuters ასევე წერდნენ იმის შესახებ, რომ თურქეთს აზერბაიჯანში სირიელი დაქირავებული მებრძოლები ჩაჰყავს.
-
აზერბაიჯანმა საბერძნეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
„საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მივაწოდეთ ინფორმაცია ამ ქვეყნის სომხური წარმოშობის მოქალაქეების მთიან ყარაბაღში საბრძოლველად ჩასვლის შესახებ, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების საპასუხოდ, გაიწვიოს ბაქოდან ელჩი კონსულტაციებისთვის, ათენში აზერბაიჯანის ელჩი კონსულტაციებისთვის ბაქოში დაიბარეს.
-
აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეთა შორის გარდაცვლილთა რაოდენობამ 31 ადამიანს მიაღწია - გენერალური პროკურატურა
„სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად, 8 ოქტომბრის დილის მონაცემებით, დაიღუპა 31 მშვიდობიანი მოსახლე, კიდევ 154-მა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო“, – აცხადებს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური.
ანგარიშში ნათქვამია, რომ დაბომბვის შედეგად გამოუსადეგარია 133 სამოქალაქო ობიექტი, 928 სახლი და 45 საცხოვრებელი შენობა.
-
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ შუშის მთავარი ტაძარი დაბომბეს
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად, ძალიან დაზიანდა ყაზანჩეცოცი (წმინდა მაცხოვრის საკათედრო ტაძარი), რომელიც ქალაქ შუშის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის საინფორმაციო შტაბმა გაავრცელა. სომხური მედიასაშუალებების ჟურნალისტები აცხადებენ, რომ დაბომბვის დროს, ტაძარში ბავშვები იმყოფებოდნენ, რომლებიც ამ დრომდე ძლიერი სტრესის ქვეშ არიან.
-
ბარდის ტერიტორია ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „Точка-У“-თი დაბომბეს - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბარდის რაიონის ტერიტორიას დარტყმა მიაყენეს ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „Точка-У“-თი“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
-
ყარაბაღში ჯარისკაცებს ღალატისთვის აქეზებენ: სომხეთის პრემიერმა სახელმწიფოს ღალატის თაობაზე განაცხადა
ერევანში, სტეპანაკერტის მკვიდრი დააკავეს, რომელმაც სომხეთის ხელისუფლება, ტერიტორიების გადაცემის თაობაზე, აზერბაიჯანთან გარიგებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა.
პრემიერმა, რამდენიმე დღის წინ შეიტყო იმის შესახებ, რომ „რამდენიმე ადამიანი ფრონტის წინა ხაზზე, ერთ-ერთ პოზიციაზე გაემგზავრნენ და დაარწმუნეს ჯარისკაცები, რომ ნიკოლმა მიწები გაყიდა“. ფაშინიანის თქმით, მეომრებს არწმუნებდნენ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები ამ ომზე შეთანხმდნენ და ადენად, პოზიციების შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა.
„ჩემი განკარგულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო და ერევანში მოვძებნეთ და დავაკავეთ ერთ-ერთი საკვანძო მოქმედი პირი, სტეპანაკერტის მკვიდრი. აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოძიება გრძელდება“, – წერს ფაშინიანი.
მან ყველას მოუწოდა, ვისაც ასეთი ინფორმაცია გააჩნია, მიმართონ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს.
-
მოწინააღმდეგე აგრძელებს დასახლებული პუნქტების დაბომბვას, არიან დაღუპულები - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
„სომხეთის შეიარაღებული ძალები დილიდან ბომბავენ გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რაიონების სოფლებს. არიან დაღუპულები და დაჭრილები“, – იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
-
ღამით სტეპანაკერტი იბომბებოდა, დილით მოწინააღმდეგის შეტევა მოვიგერიეთ - ინფორმაცია ყარაბაღიდან
ღამით ვითარება არსებითად არ შეცვლილა, სიტუაცია დაძაბული, მაგრამ სტაბილური იყო – იუწყება ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო:
„ცალკეულ მიმართულებებზე გრძელდებოდა სროლა, სარაკეტო-საარტილერიო დარტყმები. ცოტა ხნის წინ, საბრძოლო მოქმედებები განახლდა ჩრდილოთ და სამხრეთ მიმართულებებზე“.
8 ოქტომბრის დილას, სამხრეთის მიმართულებაზე, ქალაქ ჯებრაილის გარეუბანში, აზერბაიჯანული მხარის თავდასხმა მოვიგერიეთ.
-
8 ოქტომბრის დილისთვის არსებული ვითარების მოკლე მიმოხილვა
ბრძოლების მე-12 დღე ყარაბაღში
• საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან – 27 სექტემბრიდან მოყოლებული – ოფიციალური ინფორმაციით, სომხურ მხარეს 320-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 21 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 80 – დაიჭრა. აზერბაიჯანულ მხარეს 30 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა და 143 დაიჭრა. უცნობია, რამდენიმე აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. ექსპერტები ბრძოლების ინტენსივობიდან გამომდინარე, რომელიც უკვე მე-12 დღეა გრძელდება, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი დიდია.
• მხარეების ცნობით, ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე გრძელდება.
• გაგრძელდა ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტების დაბომბვა.
• სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს სტრატეგიული სიმაღლე ვარანგატაგი (ლულასაზი) და გაიუმჯობესეს პოზიციები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.
• რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ყარაბაღში მიმდინარე ბრძოლებზე და თქვა, რომ „ძალიან განიცდის“, რადგან „აზერბაიჯანშიც, სომხეთსა და ყარაბაღშიც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც რუსებისთვის უცხონი არ არიან“. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლები სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და ერევანს კითხვები არ აქვს მოსკოვთან სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“.
• ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე მოსმენა გაიმართა ევროპარლამენტში, გამოითქვა შიში, რომ ესკალაციაში, შესაძლოა, რეგიონის სხვა ქვეყნებიც აღმოჩნდნენ ჩართული.
• 8 ოქტომბერს, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების – საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები (ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე მოლაპარაკებების მთავარი ფასილიტატორი) ჟენევაში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდებიან. ანალოგიური შეხვედრა 12 ოქტომბერს დაგეგმილია მოსკოვშიც.
-
ახალი ამბები, ფოტო/ვიდეო ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით - 7 ოქტომბერი, 2020