რატომ სჭირდებათ ფემინიზმი კავკასიელ მამაკაცებს
პირველი მიზეზი, როგორც წესი, სოციალურ–ეკონომიკური შინაარსისაა
ფემინისტი ცოლი თქვენს კმაყოფაზე არ იცხოვრებს და არ იტყვის, რომ ასეა საჭირო, რადგან მამაკაცი ხართ. ის ხვდება, რომ თქვენც ადამიანი ხართ. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუკი რომელიმე სუპერვარსკვლავი ან ოლიგარქი არ ხართ, ერთი ადამიანისთვის საოჯახო მეურნეობის ფინანსური უზრუნველყოფა შეუძლებელია. ოჯახის მთელი ტვირთის აკიდება პირდაპირი გზაა ინფარქტისა და ინსულტისკენ, რომლებიც ყოველთვის ჩვენ შორიახლოს დაძრწიან. არა! ფემინისტი ცოლი ნამდვილი მეგობარია, რომელიც ყოველთვის დაგიდგებათ გვერდში _ რაიმე ახალს დაეუფლება და თავიდან დაიწყებს კარიერის შექმნას. იმისათვის, რომ მეტი ფული იშოვოს, არც სტატუსის დადაბლებაზე იტყვის უარს. გირჩევთ, ნუ დააჯდებით ასეთ ცოლს კისერზე! ის ხომ თქვენს კმაყოფაზე არ ცხოვრობდა! იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ცოლმა არ იცის, რომ ფემინისტია, ან საერთოდ უარყოფს ამ იდეას, მაინც გიყვარდეთ ფემინიზმი, რადგან ის თქვენი დამხმარე და მეგობარია. სწორედ ფემინიზმის წყალობით მიიღეს ქალებმა განათლებაც და ძალაც. რა უნდა დავთმოთ? უარი თქვით ფრაზაზე „როგორც ვთქვი, ისე იქნება!“ თანასწორუფლებიან პარტნიორებს ეს წინადადება, რატომღაც, არ მოსწონთ.
მეორე მიზეზი პოლიტიკურია
ფემინისტი ცოლი, პარტიული კოლეგა ან აქტივისტი თანამშრომელი არ ელოდება, როდის გადაწყვეტთ ყველა პრობლემას და საბოლოოდ დახოცავთ ერთმანეთს. იგი მდივნის, ხელმოწერების შემგროვებლისა თუ კურიერის როლს არ დასჯერდება. თუმცა, დღის განრიგებსა და პროკლამაციებს რეალურად სწორედ ეს უსტატუსო მეგობრები გიწერენ ხოლმე. რომც ჰქონდეს პარტიას საკუთარი პროგრამა (განა ბევრი ორგანიზაცია დაიკვეხნის ამით?!) ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ის ქალების მიერაა დაწერილი _ უცნობი და მოკრძალებული ქალების მიერ, რომლებიც ფემინიზმს არ იცნობენ. ნამდვილი ფემინისტები მოგთხოვენ, რომ საარჩევნო სიებში, პრეზიდიუმებსა და მოლაპარაკებების მაგიდებთან ოდნავ ჩაიჩოჩოთ. ნუ დარდობთ, სამაგიეროდ ნაკლები მოგხვდებათ და თითქმის აღარავინ გესვრით. სხვა პარტიებშიც ხომ იგივე პროცესები დაიწყება! იქ, სადაც ქალები არიან (სადაც ცვლილებებისთვის საჭირო მათი კრიტიკული რაოდენობაა წარმოდგენილი), მეტი პრაქტიკულობა ბატონობს და ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდეა დასული. ამის სანაცვლოდ, მოგიწევთ უარი თქვათ უცნაურ მოსაზრებაზე, რომ „პოლიტიკა ბინძური რამაა და ქალის საქმე არაა“. პოლიტიკას თქვენ აბინძურებთ, მამაკაცებო, სწორედ ისე, როგორც სამზარეულოში. ქალების მონაწილეობით ეს სფერო ბევრად უფრო მოწესრიგებული გახდება.
მესამე მიზეზი სექსუალური და ეროტიკულია
ცოლი, პარტნიორი, მეგობარი შემოგთავაზებთ… ეეე… ურთიერთობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს. იგი არ დაიწყებს რაიმეს იმიტირებას და მოლოდინით გამოწვეულ აუტანელ ტვირთსაც არ აგკიდებთ. ამის ნაცვლად, იგი თქვენი აზრებისა და სურვილების გამოცნობას შეეცდება და საკუთარ მისწრაფებებსაც გაგაცნობთ. თქვენი პარტნიორი თქვენი სანდო მეგობარი გახდება სექსში! თუკი უიმედოდ… ეეე…. სტერეოტიპული ბუნების ადამიანი არ ხართ, კარგად მიხვდებით ამ აზრის ლოგიკას. ეს სცენარი არაა ეგოისტებისთვის, ეჭვიანებისთვის და სულელებისთვის. ამდენად, ამ განყოფილებაში არაფერზე მოგიწევთ უარის თქმა.
მეოთხე მიზეზი ემოციურ კომფორტთანაა დაკავშირებული
ფემინისტი ცოლი ყველანაირად ეცდება, რომ მხარი დაუჭიროს თქვენს ინიციატივას, მეტი დრო დაუთმოთ ბავშვებს. ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ შუაღამისას ბავშვის მოსავლელად (ღამის ქოთნის გასატანად, ან ფაფის მოსახარშად) ადგომას არ მოგთხოვთ. იგი არ გაგაგდებთ ბავშვის ოთახიდან იმისთვის, რომ ამ სივრცეში აბსოლუტური ხელისუფლება შეინარჩუნოს. არა! ის გულუხვად გაგიზიარებთ იმ სიხარულსა და შრომას, რაც თქვენს საერთო განძთან ურთიერთობას უკავშირდება. ბავშვთა ოთახში აღარასდროს იქნებით უცხო. როდესაც ცუდად იქნებით, მეგობარს, ან ალკოჰოლური სასმლით სავსე ჭიქას კი არ მიმართავთ, არამედ მოხვალთ აქ, ბავშვის ოთახში, სამზარეულოში და საძინებელში; იწუწუნებთ თქვენს პრობლემებზე, სისუსტეებზე ან ტკივილზე და მაქსიმალურად ეფექტური, და ეკოლოგიურად სუფთა გზით განუგეშებენ. ამას გარდა, თქვენ ბონუსებიც გელოდებათ! ასაკში რომ შეხვალთ და სადმე ვინმე ნაცნობს შეხვდებით, ნაცნობი გკითხავთ, თუ ვინ გახლავთ _ თანამგზავრი კი თქვენი ქალიშვილი იქნება, რომელსაც ყოველთვის უნდა თქვენთან საუბარი; ან ვაჟი, რომელიც ძალიან აფასებს თქვენს რჩევებს! როდესაც თქვენ და თქვენი ფემინისტი (აშკარა, ან ლატენტური ფემინისტი) ცოლი დაბერდებით, ერთმანეთის მიმართ დაგროვილ წყენას კი არ გაიხსენებთ,არამედ იმას, თუ როგორ ეხმარებოდით ერთმანეთს.
რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? უბრალოდ ამოიგდეთ ცნობიერებიდან სტერეოტიპული განსაზღვრება „ქალის საქმე“. არ არსებობს ასეთი საქმე! არსებობს საქმე, რომელიც უნდა გაკეთდეს. გააკეთეთ ეს საქმე ერთად.
მეხუთე მიზეზი ევოლუციურია _
იყურე შორს და მაღლა, მამაკაცო!
გამოქვაბული შორეულ წარსულში დარჩა. ნუ უჯერებთ მტრებს, რომლებიც „ჩვენი ტრადიციების“ შესახებ გაწვეთებენ აზრებს. თუ ყურადღებით დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მათი სიკეთე საკმაოდ დიდ ეჭვს იწვევს, იმიტომ რომ მთლიანად იერარქიაზეა ორიენტირებული. იერარქია კარგია ჯარში, და არა ოჯახში.
ევოლუცია საკუთარ, საკმაოდ მკაცრ წესებს გვკარნახობს. რამდენიც უნდა ვეპოტინოთ დიად წარსულს, მაინც გვიწევს ცხოვრების დინებას მივყვეთ და ისტორიის განვითარების ტემპს ავუწყოთ ფეხი. ძალიან რთულია გამოქვაბულში ცხოვრება, როდესაც გარშემო ყველა ბინებსა და სახლებში ცხოვრობს!
სულ უფრო მცირდება იმ ქალების რიცხვი, რომლებიც მზად არიან, გამოქვაბულებში ისხდნენ და თქვენს მამონტს (ან, სხვისას) დაელოდონ. პირველყოფილი ადამიანების ჯოგი ძალიან შეთხელდა. ისეთი ამხანაგებიც შემოაკლდათ, ვისთან ერთადაც გამოქვაბულში შერეკილები გაძლებენ. ამას უამრავი სხვა პრობლემაც ერთვის _ კანონები, რაღაც უფლებები (მ.შ. ქალთა უფლებები). მოკლედ, ისტორიის სვლას თუ შეეწინააღმდეგებით,უფრო ძვირი დაგიჯდებათ.
როგორ იცხოვროთ? ძალიან მარტივად _ უარი თქვით მითებზე! მოიშორეთ სტერეოტიპები! იცხოვრეთ აქ და ახლა. ევოლუცია გეტყვით, რომ ყოჩაღი ხართ, და ჰარმონიულ სამყაროს თქვენი სახით შეემატება კაცი,რომელმაც საკუთარ თავთან, ქალთან და ცხოვრებასთან თანხმობას მიაღწია. სწორედ ესაა პროგრესი.
გილოცავთ 8 მარტს, მამაკაცებო! გილოცავთ თქვენი ქალების უფლებებისა და ღირსების დაცვის დღეს. ისინი თქვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას შეაფასებენ.
გამოქვეყნდა 2016 წლის 7 მარტს