ცხინვალის ახალ პრეზიდენტს „ებრაული საკითხი“ პირველი სერიოზული კრიტიკის მიზეზად ექცა
ცხინვალის ახალ პრეზიდენტს, მარატ კამბოლოვს, მის მიმართ პირველი, სერიოზული კრიტიკის მოსმენა მოუწია.
მიზეზი გახდა მოლაპარაკებები ქალაქ კისლოვოდსკის რაბინთან, კისლოვოდსკის ებრაული ისტორიულ-კულტურული ცენტრის ხელმძღვანელ აკივა ავშალომ ხუდაინატოვთან. მხარეებმა ცხინვალში საერთაშორისო საინვესტიციო ფონდის შექმნის საკითხი განიხილეს.
კისლოვოდსკის ებრაული თემის წარმომადგენლებმა ასევე შესთავაზეს ცხინვალში სინაგოგისა და ებრაული სასაფლაოს აღდგენა. ამ ინიციატივასაც საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
ინიციატივების მოწინააღმდეგეები ხაზს უსვამენ, რომ საქმე ებრაელებს კი არ ეხება, არამედ იმას, რომ კონკრეტულად ამ ებრაულ თემსა და მის პროექტებს ცხინვალთან არანაირი კავშირი არ აქვს.
კამბოლოვისა და ხუდაინატოვის შეხვედრა 13 ნოემბერს ცხინვალში გაიმართა. თუმცა პრეზიდენტის პრესსამსახურსა და ოფიციალურ მედიას ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
საუბრის დეტალები ერთ-ერთი ადგილობრივი Telegram-არხიდან გახდა ცნობილი. ამ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის წყაროები ჰყავს.
მხოლოდ სამი დღის შემდეგ, 16 ნოემბერს, კამბოლოვის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო:
„ებრაული თემის კიდევ ერთი ინიციატივა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ფინანსურ-საინვესტიციო ცენტრის შექმნას შეეხებოდა, რომლის საქმიანობაშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ებრაული თემის წარმომადგენლების ჩართვა იქნებოდა შესაძლებელი. ინიციატორების აზრით, ეს ხელს შეუწყობს ცხინვალისა და რესპუბლიკის განვითარებას“.
ცხინვალის საზოგადოებას ეს ინიციატივა საერთოდ არ მოეწონა. თუმცა პრეტენზიები ებრაულ თემს კი არა, საკუთარ პრეზიდენტს წაუყენეს.
„თუ ისრაელი, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს არ აღიარებს, როგორ აპირებს რაბინი ხუდაინატოვი მთელი მსოფლიოდან ფინანსებისა და ინვესტიციების მოზიდვას ცხინვალში?“ – კითხულობენ ადგილობრივი ბლოგერები და რიგითი მცხოვრებლები, რომლებიც ამგვარ პროექტებს არარეალისტურად მიიჩნევენ.
ისინი ასევე მიუთითებენ, რომ რაბინ აკივა ხუდაინატოვს სამხრეთ ოსეთთან და ადგილობრივ ებრაულ თემთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ბლოგერი და პოლიტოლოგი ალან მამიევი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კისლოვოდსკის რაბინი ჰაბადს – ლუბავიჩურ ჰასიდიზმს მისდევს, რომელსაც ცხინვალელი ებრაელები არასდროს იზიარებდნენ.
„ადგილობრივი, ცხინვალელი ებრაელები ჰაბადის მიმდევრები არ ყოფილან და, შესაბამისად, კისლოვოდსკის თემს ქალაქის სინაგოგაზე პრეტენზიის უფლებაც არ აქვს“,– მიიჩნევს ის.
ამ მოსაზრებას ბევრი სხვაც იზიარებს.
გარდა ამისა, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კამბოლოვსა და ხუდაინატოვს შეახსენეს, რომ საბჭოთა პერიოდში ცხინვალში არსებული ებრაული კვარტალი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაინგრა.
საომარი მოქმედებების გამწვავებისას ებრაული თემის წევრები იძულებული გახდნენ, სამხრეთ ოსეთი დაეტოვებინათ.
აქ დარჩენილი ერთადერთი ებრაელი რიბკა ჯინჯიხაშვილი იყო, რომელიც 2025 წლის აპრილში მარტოობაში გარდაიცვალა.
მას, შეძლებისდაგვარად, მეზობლები – ოსები ეხმარებოდნენ, კისლოვოდსკის ებრაულ თემს კი მის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოუჩენია. ახლა კი ისინი მოულოდნელად გამოჩნდნენ საკუთარი პროექტებით.

კრიტიკის ტალღის ფონზე კამბოლოვს თავის მართლება მოუწია. მისმა პრესსამსახურმა პრეზიდენტის პოზიციის განმარტებით პოსტი გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, პრეზიდენტი მოსახლეობის რეაქციით გაკვირვებული იყო.
„ადამიანები ჩამოვიდნენ სასაფლაოს მოსაწესრიგებლად და შეხვედრა მთხოვეს, რათა ჩვენს განვითარებაში ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობები განეხილათ. მე მოვუსმინე. რა არის ამაში დასაძრახი?“ – ამბობს კამბოლოვი.
ამასთან, დასძენს, რომ ადამიანის მოსმენა არ ნიშნავს მის წინადადებებზე დათანხმებას, ან რაიმე ვალდებულების აღებას.
პრეზიდენტი ირწმუნება, რომ „ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და ოსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება“, რადგან მისთვის სხვა პრიორიტეტები არ არსებობს.
თუმცა ამ დაგვიანებული განცხადებებით კამბოლოვმა მოსახლეობის შეშფოთების სრულად გაქარწყლება ვერ შეძლო.
კონფლიქტის მოგვარება ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ითავა. მან ვიდეომიმართვა ჩაწერა და საზოგადოებას სთხოვა, საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ განეხილათ.
კოკოითიმ ხაზი გაუსვა, რომ ოსი ხალხი ტოლერანტობით გამოირჩევა, ცხინვალი მრავალეროვანი ქალაქი იყო და ადგილობრივი ებრაელები არასდროს გამხდარან დევნის მსხვერპლი:
„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეალობისა და საინფორმაციო ხმაურის ერთმანეთისგან გარჩევა, მიმდინარე მოვლენების საღად შეფასება. არ აჰყვეთ პანიკასა და ჭორებს, რომლებიც ვიღაცის ვარაუდებსა და მოსაზრებებს ეფუძნება. არ უნდა დავემსგავსოთ სხვადასხვა რადიკალურ დაჯგუფებას, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში შეღწევას ცდილობენ, მათ შორის, გარე გავლენით. რადიკალიზმი ნებისმიერი ფორმით ოსი ხალხისთვის უცხოა“.
ამასთან, კოკოითიმ ახალ სამთავრობო ხელმძღვანელობასაც, რომელიც ძირითადად რუსი ჩინოვნიკებისგან შედგება, ურჩია, მეტი ყურადღება დაუთმონ ცხინვალის ისტორიას, საქართველოსთანკონფლიქტსა და მის შედეგებს.
ასევე, გაითვალისწინონ მოსახლეობის მენტალიტეტი და საკუთარი მიწის მიმართ განსაკუთრებულად მტკივნეული დამოკიდებულება.
„ჩვენი მიწისა და დედაქალაქისთვის იმდენი სისხლი დავღვარეთ, რომ დღეს ვინმემ სერიოზულად იფიქროს, თითქოს მზად ვართ, ის „დავთმოთ“ ან „გავყიდოთ“, როგორც ამის წარმოჩენას ზოგიერთი ახლომხედველი თანამოქალაქე ცდილობს…
ამასთან, ინვესტიციების მოზიდვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ინტერესებს და მით უმეტეს, არ უნდა ლახავდეს ჩვენი ხალხის უფლებებსა და ინტერესებს. სწორედ ამაზე საუბრობს ჩვენი პრეზიდენტი მარატ კამბოლოვი“, -განაცხადა კოკოითიმ.
სამხრეთ ოსეთის ებრაული თემის გარშემო დისკუსია, ბოლოს, წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა. მაშინ გადაწყდა ცხინვალში ებრაული კვარტლის იმ ნანგრევების დემონტაჟი, რომელთა აღდგენაც შეუძლებელი იყო.
მაშინ საზოგადოებრივი აზრი ორ ნაწილად გაიყო – მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. საინვესტიციო ფონდის შექმნის იდეამ კი ერთსულოვანი უარყოფა გამოიწვია.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას
მარატ კამბოლოვი და „ებრაული საკითხი“