„ეკონომიკური განვითარება სუვერენიტეტის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“ - მოსაზრება აფხაზეთში სამთო კურორტის მშენებლობაზე
აფხაზეთში სამთო კურორტის მშენებლობა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ აიბგას მთიან მასივზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის დაწყების განზრახვის შესახებ განაცხადა. პროექტი რუსულ კურორტ „კრასნაია პოლიანასთან“ თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს.
თუმცა აიბგა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთადერთი ტერიტორიაა, რომლის საზღვრებიც დღემდე დელიმიტირებული არ არის. მისი ფართობი 160 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აიბგას ერთი ნაწილი რუსეთის მხარეს აღმოჩნდა, მეორე კი აფხაზეთის. მათ შორის ფაქტობრივ საზღვრად მდინარე ფსოუ იქცა. რუსეთი მთის მასივის მეორე ნაწილზეც აცხადებს პრეტენზიას, რასაც აფხაზური მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მასშტაბური სამთო-სათხილამურო კურორტის აშენებას გეგმავს. საზოგადოებაში კი მიიჩნევენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
პროექტი რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად მომზადდა და 200 კილომეტრის სიგრძის სათხილამურო ტრასების მოწყობას ითვალისწინებს.
სამთო კურორტი სადავო ტერიტორიაზე
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ აიბგას მთის ფერდობებზე, რუსულ კურორტ „კრასნაია პოლიანასთან“ თანამშრომლობით, ერთობლივი, მთელი წლის განმავლობაში მოქმედი სამთო-სათხილამურო კურორტის აშენება იგეგმება.
„ეს ტერიტორიები ერთმანეთის პირისპირ მდებარეობს და ყველა ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება, ისრიალოს როგორც კრასნაია პოლიანას, ისე აიბგას ფერდობებზე და ისარგებლოს ამ უნიკალური შესაძლებლობებით.
ამიტომ აქ არანაირი კონკურენცია არ უნდა იყოს. პირიქით, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა გუნბამ.
აფხაზეთის პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ილია გუნიამ საკუთარ ბლოგში სამთო-სათხილამურო კურორტის პროექტი აფხაზეთსა და რუსეთს შორის ტერიტორიული დავის კონტექსტში შეაფასა.
ილია გუნია: „ეკონომიკური განვითარება სუვერენიტეტის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“

„პროექტს წარმოაჩენენ, როგორც სტრატეგიულ ეკონომიკურ გარღვევას, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა და რესპუბლიკის განვითარებისთვის ახალი იმპულსის მიცემა შეუძლია.
მე ვიზიარებ ტურიზმის განვითარების აუცილებლობას და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას, თუმცა მიმაჩნია, რომ ეკონომიკური პერსპექტივების მიღმა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები რჩება, რომელთა იგნორირება დაუშვებელია.
აიბგა, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხია.
უკვე მრავალი წელია, მოქმედებს რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივი კომისია საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე. დეპუტატობის პერიოდში ამ კომისიის წევრი მეც ვიყავი. სწორედ აიბგას მონაკვეთზე ჩიხში შევიდა კომისიის მუშაობა. მხარეებმა ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
როგორც კომისიის ყოფილ წევრს, საჭიროდ მიმაჩნია, სამი პრინციპული პრობლემა გამოვყო.
პირველი. ნებისმიერი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ტერიტორიაზე, რომლის კუთვნილებაც სახელმწიფოთაშორისი დავის საგანია, შესაძლოა სერიოზული პოლიტიკური კრიზისის წყაროდ იქცეს. კომერციული პროექტის განხორციელება არ შეიძლება იქ დაიწყოს, სადაც სახელმწიფო საზღვარი მხარეებს შორის დღემდე იურიდიულად განსაზღვრული არ არის.
მეორე. არსებული უთანხმოებების გვერდის ავლის მცდელობა ერთიანი ტრანსსასაზღვრო სივრცის შექმნის საბაბით სერიოზულ კითხვებს აჩენს. საერთაშორისო თანამშრომლობა საკუთარი ტერიტორიის მიმართ სახელმწიფო კონტროლის შესუსტების საფუძვლად არ უნდა იქცეს.
მსგავს პროექტებში მონაწილეობისას აფხაზეთი მხოლოდ თანასწორუფლებიანი მხარის სტატუსით უნდა გამოდიოდეს. ინვესტორების ეკონომიკური ინტერესები ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დადგება, რესპუბლიკის კანონები კი უპირობო პრიორიტეტად უნდა დარჩეს.
მესამე. თუ სახელმწიფოთაშორისი კომისია მრავალი წლის განმავლობაში ვერ ახერხებს ამ მონაკვეთზე შეთანხმების მიღწევას, როგორ აპირებს აღმასრულებელი ხელისუფლება დღეს ამ პრობლემის მოგვარებას? რა შეთანხმებების საფუძველზე? რა საზღვრებში იგეგმება პროექტის განხორციელება? რა პირობებით მიიღებს მასში მონაწილეობას რუსული მხარე და ვინ განახორციელებს ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლს?
აფხაზ ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რა ვალდებულებებს იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო.
მე არ ვარ ტურიზმის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის ან თანამედროვე კურორტების მშენებლობის წინააღმდეგი. თუმცა ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში და მხოლოდ იმ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, რომლის სტატუსიც მკაფიოდ არის განსაზღვრული და იურიდიულად დაცული.
ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეკონომიკური პერსპექტივების გამო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ დავაყენოთ.
აფხაზეთის დამოუკიდებლობას იმდენად დიდი ფასი აქვს გადახდილი, რომ დღეს სუვერენიტეტის საკითხებს არ უნდა მივუდგეთ, როგორც უბრალო ფორმალობას ან საინვესტიციო პროექტის განხორციელების ტექნიკურ დაბრკოლებას.
ამიტომ მოვუწოდებ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, აიბგას პროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავოს მანამ, სანამ სასაზღვრო უთანხმოებები სრულად არ მოგვარდება.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოლაპარაკებების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრა და აფხაზეთის ეროვნული ინტერესების დაცვის გარანტიების შექმნა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსგავსი პროექტების განხორციელების საკითხის კონკრეტული განხილვა.
ეკონომიკური განვითარება აუცილებელია, მაგრამ ის სუვერენიტეტის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“.