„საცობებს შენობები კი არა, ავტომობილები ქმნის“. ერევნის მერი პრემიერის მეუღლეს პასუხობს
ერევნის მერის პასუხი ანა აკოფიანს საცობების შესახებ
„საცობებს შენობები კი არა, ავტომობილები ქმნის. სომხეთში ეკონომიკური ზრდა და ფინანსების შემოდინება შეინიშნება. ადამიანებს მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ და ავტომობილებს ყიდულობენ“, – განაცხადა ერევნის მერმა ტიგრან ავინიანმა.
ამ განცხადებით მან, ფაქტობრივად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლეს, ანა აკოფიანს უპასუხა.
რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დედაქალაქში არსებულ საცობებზე საუბრობდა. მისი თქმით, ერევანი თანდათან საცხოვრებლად „ყველაზე არამეგობრულ ქალაქად“ იქცევა.
პირველმა ლედიმ დასვა კითხვა: რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის, წვიმის შემდეგ სოკოებივით მომრავლებული ახალი შენობების, მოსახლეობისა და ავტომობილების რაოდენობის ზრდისა და ტურისტების ნაკადის ფონზე, ქალაქში ცხოვრება და გადაადგილება „ინფარქტის მიზეზად“ არ იქცეს?
„არიან ადამიანები, ვისთვისაც ამ კითხვაზე პასუხის პოვნა სამსახურებრივი მოვალეობაა. თუმცა, ეს გაცილებით რთული ამოცანაა, ვიდრე იმ კომპანიებისთვის მშენებლობის ნებართვების გაცემა, რომლებიც მილიონობით დოლარს აბანდებენ. „ნებადართულია“ – ეს ჯადოსნური რეზოლუციაა, რომლის გაცემასაც მინიმალური ძალისხმევა სჭირდება, თუმცა მას უდიდესი გავლენა აქვს [ვითარებაზე]“, – აღნიშნა აკოფიანმა.
მერის თქმით, მრავალბინიანი სახლებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის რეკორდული რაოდენობის, 108 ნებართვა, მერიამ 2021 წელს გასცა. სწორედ ეს ობიექტები ბარდება ახლა ექსპლუატაციაში. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ ამდენი ნებართვა აღარ გაუციათ. მაგალითად, 2025 წელს მხოლოდ 37 ნებართვა გაიცა.
მერმა აღიარა, რომ შექმნილი ვითარება გარკვეულ „ნერვიულობას“ იწვევს და თავადაც იზიარებს ამ განცდას. თუმცა ავინიანი პრობლემების გაანალიზებასა და სწორი გადაწყვეტილებების მოძებნას გვთავაზობს.
ტიგრან ავინიანის განმარტებებმა, როგორც ჩანს, ანა აკოფიანი ვერ დააკმაყოფილა. მან მალევე კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც „კატასტროფულ საცობებზე“ საუბრობდა.
ამ პოსტში პრემიერის მეუღლემ მძღოლ ქალებს მოუწოდა, მოთმინება აღარ გამოიჩინონ:
„მანქანებში ხმაურიანი ნივთები იქონიეთ. და ყოველ ჯერზე, როცა საცობში საათობით მოგიწევთ გაჩერება, ხმაური ატეხეთ. ისეთი, რომ იმ ადამიანებამდეც მიაღწიოს, რომლებსაც გონების დაძაბვა და პრობლემის გადაჭრა ევალებათ“.
პრემიერის მეუღლე: „A წერტილიდან C წერტილამდე მისასვლელად კოსმონავტის ჯანმრთელობაა საჭირო“
პირველ პოსტში ანა აკოფიანმა განაცხადა, რომ დედაქალაქში გადაადგილებას „კოსმონავტის ჯანმრთელობა“ სჭირდება – ძლიერი გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა.
გარდა ამისა, მან გამოთქვა რწმენა, რომ არსებობს სამეცნიერო დისციპლინები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია გამოთვლა, რამდენი ავტომობილი იქნება ერევანში 25 წლის შემდეგ, განვითარების ამჟამინდელი ტემპის გათვალისწინებით, და რა ზომების მიღებაა საჭირო უკვე დღეს, ამ მომავლისთვის მოსამზადებლად.
აკოფიანმა ქალაქში „წვიმის შემდეგ სოკოებივით“ მომრავლებულ შენობებთან ერთად ესტაკადების, ასევე მიწისზედა, მიწისქვეშა და შემოვლითი გზების მშენებლობის იდეა გააჟღერა.
„ასეთი ცოდნის მისაღებად თავად უნდა იმოქმედო აქტიურად – არავინ მოგართმევს მას მზა, მრავალმილიონიანი პროექტის სახით, რომელსაც მხოლოდ „ნებადართულია“ რეზოლუციის დადება სჭირდება“, – აღნიშნა მან და კვლავ მიანიშნა დედაქალაქში მშენებლობის ნებართვების გაცემაზე.
მისი აზრით, საგზაო მოძრაობის დაგეგმვისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ რამდენად შეიძლება შეიცვალოს უახლოეს წლებში მოსახლეობის რაოდენობა და რამდენად გაიზრდება ქალაქში ავტომობილების რიცხვი.
„რა მოხდება, თუ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სამშობლოში მუდმივად საცხოვრებლად 300-დან 500 ათასამდე ადამიანი დაბრუნდება? და რა მოხდება, თუ მათგან 250 ათასი საკუთარი ავტომობილით ჩამოვა? რას ვიზამთ? ამდენივე ადამიანი უნდა წავიდეს ქვეყნიდან, რომ ქუჩებში დავეტიოთ?“ – იკითხა ანა აკოფიანმა.
მერი: „შესაძლო გადაწყვეტილებებს საზოგადოებას წარვუდგენთ“
ერევნის მერის თქმით, დედაქალაქში საცობების პრობლემას სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: კერძო ავტომობილების რაოდენობის ზრდა, მართვის კულტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პრიორიტეტის მინიჭების აუცილებლობა.
მისი ინფორმაციით, პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ვარიანტი უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი განხილვისთვის იქნება წარდგენილი. ავინიანმა რამდენიმე დაგეგმილი ღონისძიებაც დაასახელა:
- ავტობუსებისთვის განკუთვნილი ზოლების სრულად გამოყოფა;
- საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევების შესამცირებლად მექანიზმების დანერგვა;
- მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება.
ბოლო პუნქტთან დაკავშირებით მერმა დააზუსტა, რომ საუბარი არ ეხება ერევანში რეგიონებიდან შემოსულ ავტომობილებს. მისი თქმით, მიზანი ქალაქის ფარგლებში ავტომობილების საერთო რაოდენობის შემცირებაა.
ტიგრან ავინიანი საცობების მთავარ მიზეზად მსუბუქი ავტომობილების რაოდენობის ზრდას მიიჩნევს. მისი აზრით, პრიორიტეტი საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა მიენიჭოს.
მერი იმედოვნებს, რომ ახალი გზების მშენებლობა მოძრაობის მოწესრიგებას გარკვეულწილად შეუწყობს ხელს. ამასთან, ამბობს, რომ ეს პრობლემა სრულად ვერ მოგვარდება.
მისი თქმით, ახალი გზები მალე კვლავ გადაიტვირთება, თუ არ გატარდება ისეთი ზომები, როგორიცაა შეზღუდვების დაწესება, სპეციალური გამოყოფილი ზოლების შექმნა და მკაცრი ჯარიმების გამოყენება.
მერი ეკოლოგიურ საკითხებსაც შეეხო. ავინიანმა კონკრეტული დამაბინძურებელი ნივთიერება, აზოტის დიოქსიდი დაასახელა, რომლის დონეც ერევანში ავტომობილების რაოდენობის ზრდის გამო წლიდან წლამდე სწრაფად იმატებს.
მისი თქმით, ეს ნივთიერება ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს.
„ყველაზე საშიში ის არის, რომ ამ პრობლემებისგან, პირველ რიგში, ბავშვები ზარალდებიან“, – ხაზგასმით აღნიშნა ავინიანმა.
პირველი ლედის მოწოდება
ერევნის მერის განცხადებების პასუხად ანა აკოფიანმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. მან ხაზი გაუსვა, რომ ადამიანები მადლობას უხდიან საკითხის წამოჭრისთვის:
„ამბობენ, როგორც იქნა, ვიღაცამ გაბედა და ამაზე ხმამაღლა ისაუბრა. ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი იტანჯება ერევნის საცობებში. გამოდის, რომ ამ ვითარებაზე ჩივილს გამბედაობა სჭირდება?“
აკოფიანმა მძღოლ ქალებს მიმართა, ამ მდგომარეობას აღარ შეეგუონ. მამაკაცებს კი მეტი სიმტკიცისა და გამბედაობისკენ მოუწოდა. მან ქალ მძღოლებს შესთავაზა, საცობში მოხვედრისას ყოველ ჯერზე ხმაური ატეხონ.
მისი აზრით, სახელმწიფო სტრუქტურებს არასოდეს ესმით იმ ადამიანების პრეტენზიები, რომლებიც მათ „ხმამაღლა გამოთქმას ვერ ბედავენ“.
„თორემ შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ ერევნის საცობებში წინა ხელისუფლება იყოს დამნაშავე. [პრობლემებს, რომლებიც ახლა იჩენს თავს, მისი მეუღლის ხელმძღვანელობით მოქმედი ხელისუფლება ხშირად წინამორბედების საქმიანობასა და შეცდომებს უკავშირებს]. ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთის ეკონომიკა დაბალანსებულად რომ განვითარებულიყო და ავტომობილების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით კი არა, თანდათან გაზრდილიყო, დღეს სომხეთის დედაქალაქში ვითარება სრულიად განსხვავებული იქნებოდა“, – განაცხადა მან.
ერევნის მერის პასუხი ანა აკოფიანს საცობების შესახებ