კაია კალასი: სირიასთან შეთანხმებაში საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება უნდა აისახოს
კალასი სირიასთან შეთანხმებაზე
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ სირიასთან ურთიერთობის გაღრმავება აუცილებელია. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, სირიასთან ასოცირების შეთანხმებაში ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებთან ერთად საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხიც უნდა აისახოს.
ამის შესახებ კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სირიასთან ურთიერთობის გაგრძელება მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის მხრიდან ჩართულობის არარსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ვაკუუმს სხვა აქტორები შეავსებენ.
კალასის განმარტებით, ევროკავშირი განიხილავს 2008 წელს მოლაპარაკებული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც მხარეებს თანამშრომლობის საერთო ჩარჩოს შეუქმნის. ამასთან, პარალელურად დაიწყება მუშაობა შეთანხმების მოდერნიზებისთვის ახალი მანდატის შემუშავებაზე.
“ახლა საკითხი შეთანხმების სტატუსს ეხებოდა. ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2008 წელს მიმდინარეობდა, რაც საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. ამიტომ დაისვა კითხვა, ხომ არ უნდა შეგვეტანა მასში ცვლილებები.
ევროკავშირი ასე მუშაობს: გადაწყვეტილებების მიღებას დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ კომპრომისული გამოსავალი იქნება 2008 წლის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. ეს მოგვცემს ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შევძლებთ ყველა იმ საკითხზე მუშაობას, რომელიც ჩვენთვისაც და მათთვისაც მნიშვნელოვანია. პარალელურად კი საბჭოსთან ერთად დავიწყებთ მუშაობას მოდერნიზებული შეთანხმებისთვის ახალი მანდატის შემუშავებაზე“, – განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმების ფარგლებში რამდენიმე პრინციპული საკითხის გათვალისწინება მოითხოვეს. მათ შორისაა ადამიანის უფლებების დაცვის მკაფიო პირობები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება.
კალასის განმარტებით, საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომელთა დამოუკიდებლობაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა აღიარა.
“ახლა სამუშაო ჯგუფებში ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე ვმუშაობთ, თუმცა ამ პროცესში წინ მივიწევთ“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
პრესკონფერენციაზე კალასმა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების საფუძვლად ქცეული არაერთი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე რუსეთიც იყო, თუმცა მთავარი პრობლემა ამ დოკუმენტების არსებობა კი არა, მოსკოვის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაა.
კალასმა ამ კონტექსტში ჰელსინკის საბოლოო აქტი, პარიზის შეთანხმება და ბუდაპეშტის მემორანდუმი დაასახელა.
„პრობლემა თავად შეთანხმებებში არ არის და არც იმაში, თუ სად დგას უკრაინა ამ საკითხში. პრობლემა ისაა, რომ რუსეთი ამ შეთანხმებებს არღვევს და მათ პირობებს არ ასრულებს. შესაბამისად, მთავარი კითხვაა: როგორ აღვადგინოთ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა?“ – განაცხადა კაია კალასმა.
წინაისტორია
სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა. დამასკოს გადაწყვეტილებას თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით უპასუხა. იმავე დღეს გადაწყვეტილება დაგმო ევროკავშირმაც და განაცხადა, რომ ის საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.
ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება რუსეთის მიერ სირიის სამოქალაქო ომში სამხედრო ჩარევას მოჰყვა. მოსკოვი ასადის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო, ხოლო დამასკოს ნაბიჯი კრემლის ინტერესებთან თანხვედრაში განიხილებოდა.
2022 წლის ივნისში სირიამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობაც აღიარა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო, რის შემდეგაც სირიაში ახალი ხელისუფლება ჩამოყალიბდა. ცვლილებების ფონზე თბილისმა დამასკოსგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმება მოითხოვა.
უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2025 წლის სექტემბერში აღადგინა. ამდენად, ევროკავშირის მიერ განხილული ასოცირების შეთანხმება სირიასთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას ქმნის, თუმცა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად რჩება.