ვინ მართავს პოლონეთს? რატომ ვერ თანხმდებიან პრეზიდენტი და მთავრობა
პოლიტიკური კრიზისი პოლონეთში

პოლონეთში მწვავე პოლიტიკური კრიზისია. პრეზიდენტი და მთავრობა ერთმანეთს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ, ოპოზიცია კი სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს. რა ხდება ქვეყანაში, რომელიც ცენტრალურ ევროპაში იმიგრაციის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა?
უნდა ღელავდნენ თუ არა მიგრანტები საკუთარ მომავალზე?
რა მოხდა ვარშავაში
30 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან პოლიცია გამოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეულმა მოსამართლეები საკუთარი უფლებამოსილების შესრულება ისე სცადეს, რომ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის წინაშე ფიცი არ დაუდიათ.
ერთ-ერთმა მათგანმა, ანა კორვინ-პიოტროვსკამ, ტრიბუნალის თავმჯდომარის, ბოგდან სვენჩკოვსკისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განაცხადა.
ტრიბუნალის ხელმძღვანელობამ ეს ქმედებები უკანონოდ მიიჩნია. შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და პოლიციასთან დაპირისპირება დაიწყო.
პრეზიდენტმა ნავროცკიმ, რომელიც ვიზიტით სენეგალში მიფრინავდა, თვითმფრინავი უკან მოაბრუნა და ვარშავაში დაბრუნდა. ის ტრიბუნალის შენობასთან მივიდა და მთავრობა სახელმწიფო ორგანოს ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაილა.
პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კი, პირიქით, განაცხადა, რომ მთავრობა საკონსტიტუციო ტრიბუნალის დამოუკიდებელი და კანონიერი მუშაობის უზრუნველყოფას ცდილობდა.
30 და 31 ოქტომბრის მოვლენებზე Reuters და ევრორადიო წერდნენ.
პოლონურ პოლიტიკაში კვლავ გაისმა სიტყვა „გადატრიალება“.
„თუ ვიტყვით, რომ პარასკევს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, როცა საკონსტიტუციო ტრიბუნალისთვის ბრძოლა სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდა“, – განმარტავს პოლონური გაზეთის Dziennik Gazeta Prawna პოლიტიკური მიმომხილველი მიხალ პოტოცკი ევრორადიოსთან ინტერვიუში.
მისი შეფასებით, 30 ოქტომბრის მოვლენები თერთმეტი წლის წინ დაწყებული კონფლიქტის მორიგი ეპიზოდია.
რატომ იბრძვიან პოლიტიკოსები საკონსტიტუციო ტრიბუნალისთვის
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის ფუნქციაა დაამოწმოს, შეესაბამება თუ არა კანონები კონსტიტუციას. მისმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება პარლამენტისა და მთავრობის მოქმედებები შეზღუდოს, ამიტომ ამ ორგანოზე კონტროლს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
ახლანდელი კრიზისი 2015 წელს დაიწყო, როცა ხელისუფლებაში კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) მოვიდა. მისმა სასამართლო რეფორმებმა ქვეყნის შიგნით პროტესტი და ევროკავშირთან კონფლიქტი გამოიწვია. ევროპული ინსტიტუტები პოლონეთის ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ.
„კანონი და სამართლიანობა“ (Prawo i Sprawiedliwość, PiS) პოლონეთის მემარჯვენე, ნაციონალ-კონსერვატიული პარტიაა, რომელიც 2001 წელს ტყუპმა ძმებმა, ლეხ და იაროსლავ კაჩინსკებმა დააარსეს. 2003 წლიდან პარტიას იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღვანელობს. PiS 2015-2023 წლებში მართავდა ქვეყანას. ამ პერიოდში გატარებულმა სასამართლო რეფორმებმა ევროკავშირთან ხანგრძლივი კონფლიქტი გამოიწვია. 2023 წლის არჩევნების შემდეგ პარტია ოპოზიციაში აღმოჩნდა, თუმცა მას პოლიტიკურად ახლოს მდგომი პრეზიდენტები უჭერდნენ მხარს: ჯერ ანჯეი დუდა, შემდეგ კაროლ ნავროცკი. 2027 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კაჩინსკიმ 2026 წლის მარტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განათლების ყოფილი მინისტრი პშემისლავ ჩარნეკი წარადგინა.
2023 წელს ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია დონალდ ტუსკის მეთაურობით. მან პირობა დადო, რომ სასამართლოების დამოუკიდებლობას აღადგენდა და წინამორბედების სადავო გადაწყვეტილებებს გააუქმებდა. თუმცა ამის მიღწევა რთული აღმოჩნდა: თავდაპირველად მის ინიციატივებს პრეზიდენტი ანჯეი დუდა ბლოკავდა, 2025 წლიდან კი კაროლ ნავროცკი, რომელიც პოლიტიკურად PiS-თან ახლოსაა.
შედეგად, ხელისუფლების სხვადასხვა შტო ერთმანეთის მოქმედებების კანონიერებას ედავება.
„საქმე საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლისთვის ბრძოლაშია. ტრიბუნალს კი შეუძლია ხელისუფლებას კანონპროექტების გატარებაში დაეხმაროს ან ხელი შეუშალოს“, ამბობს პოტოცკი.
ამასთან, ექსპერტი არცერთ მხარეს არ მიიჩნევს უნაკლოდ.
„კონსტიტუციას ორივე მხარე არღვევდა. “კანონი და სამართლიანობა” უფრო მეტად და უფრო ხშირად. მაგრამ, სამწუხაროდ, “სამოქალაქო კოალიციასაც” აქვს თავისი ცოდვები“, აღნიშნავს ის. ტუსკის მთავრობის მეთოდებთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები პოლონელ იურისტებსაც უჩნდებათ.
როგორც The Guardian წერს, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები ტრიბუნალის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების კანონიერებას განსხვავებულად აფასებენ. ამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებს საეჭვოდ PiS-ის ზოგიერთი კრიტიკოსიც მიიჩნევს.
შეიძლება თუ არა კრიზისმა სახელმწიფოს პარალიზება გამოიწვიოს?
ვარშავაში განვითარებული დრამატული მოვლენების მიუხედავად, სახელმწიფო მმართველობის სისტემის რღვევაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.
პოტოცკის თქმით, საკონსტიტუციო ტრიბუნალი ფაქტობრივად უკვე დაახლოებით ორი წელია ნორმალურ რეჟიმში არ ფუნქციონირებს. მიუხედავად ამისა, დანარჩენი სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობას აგრძელებენ.
საფრთხე სხვაგანაა: ხანგრძლივი დაპირისპირება ანგრევს მოქალაქეების ნდობას სასამართლოების, პოლიტიკოსებისა და სახელმწიფოს მიმართ.
საკონსტიტუციო ტრიბუნალი დამოუკიდებელი არბიტრი უნდა იყოს, რომელსაც ხელისუფლების მოქმედებების კანონიერებაზე დავების გადაწყვეტა შეუძლია. მაგრამ როცა თავად მოსამართლეები და პოლიტიკოსები ერთმანეთის უფლებამოსილებას ედავებიან, ეს მექანიზმი მუშაობას წყვეტს.
პოტოცკი აღნიშნავს, რომ პოლონეთის ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ტრიბუნალის სრული გადატვირთვისა და კომპრომისის საფუძველზე ახალი შემადგენლობის ფორმირების მომხრეა. თუმცა ამაზე შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება.
სწორედ ამიტომ აქვს ახლანდელ კონფლიქტს მნიშვნელობა არა მხოლოდ პოლონელი პოლიტიკოსებისთვის, არამედ მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ და მისი სახელმწიფო დაწესებულებების გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებული.
რას ნიშნავს პოლიტიკური კრიზისი მიგრანტებისთვის
ბოლო წლებში პოლონეთი ცენტრალურ ევროპაში იმიგრაციის ერთ-ერთ მთავარ ქვეყნად იქცა. აქ ასობით ათასი უცხოელი ცხოვრობს და მუშაობს, მათ შორის უკრაინიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები.
მათ შორის არიან შრომითი მიგრანტები, სტუდენტები, ოჯახური მიზეზებით გადასული ადამიანები და ლტოლვილები, რომლებიც სამშობლოში უსაფრთხოდ ვერ ბრუნდებიან.
ყველა მათგანი სხვადასხვა ხარისხით არის დამოკიდებული პოლონეთის სახელმწიფო უწყებებზე. ისინი იღებენ ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვებს, აგრძელებენ დოკუმენტების მოქმედების ვადას და საერთაშორისო დაცვას ითხოვენ. ამიტომ ხელისუფლების შტოებს შორის გაჭიანურებული კონფლიქტი ბუნებრივად იწვევს შეშფოთებას.
თუმცა პოლიტიკური კრიზისი არ ნიშნავს, რომ მიგრაციის სამსახურები მუშაობას შეწყვეტენ ან უცხოელები ავტომატურად დაკარგავენ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას.
„ეს უშუალოდ მათზე არ აისახება, რადგან საკონსტიტუციო ტრიბუნალი არ წყვეტს ბინადრობის დაკანონების, პოლონელის ბარათისა თუ სხვა საკითხებს, რომლებსაც ბელარუსისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები აწყდებიან“, განმარტავს მიხალ პოტოცკი ევრორადიოსთან ინტერვიუში.
ამასთან, პოლონეთის მიგრაციის სისტემა დღევანდელი კრიზისის გარეშეც სერიოზულად არის გადატვირთული.
როგორც ევრორადიო იუწყებოდა, ბელარუსული სოლიდარობის ცენტრის იურისტის, ოლგა დობროვოლსკაიას თქმით, მხოლოდ მაზოვიის სავოევოდოში უცხოელთა ბინადრობის დაკანონების 190 ათასზე მეტი საქმე განიხილება.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქვემო სილეზიისა და პომერანიის სავოევოდოებშიც. განაცხადების წარდგენის ელექტრონული სისტემის, MOS-ის დანერგვას რიგები ჯერჯერობით არ შეუმცირებია.
ლტოლვილებისთვის ამ სირთულეებს საერთაშორისო დაცვის საკითხიც ემატება. დობროვოლსკაიას თქმით, პოლონეთის ხელისუფლება განცხადებებს ინდივიდუალურად განიხილავს. ის აფასებს, ემუქრება თუ არა ადამიანს საფრთხე სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში. მხოლოდ გასული წლების პოლიტიკურ მოვლენებზე მითითება შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.
ამ პრობლემებსა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შორის უშუალო კავშირი არ არსებობს. თუმცა, როგორც პოტოცკი აღნიშნავს, საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს უმოქმედობა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემების სისტემურად მოგვარების შესაძლებლობას ზღუდავს.
ექსპერტს მაგალითად ბინადრობის დაკანონების განცხადებების ხანგრძლივი განხილვა მოჰყავს. თუ კანონით დადგენილი ვადები არ სრულდება, გამართულად მოქმედ ტრიბუნალს პოტენციურად შეეძლებოდა ემსჯელა, შეესაბამება თუ არა ეს პრაქტიკა კონსტიტუციურ გარანტიებს.
როდესაც თავად ტრიბუნალის ლეგიტიმურობაა სადავო, ამ მექანიზმის გამოყენება გაცილებით რთულდება.
ამგვარად, მიგრანტებისთვის მთავარი რისკი დოკუმენტების ან სტატუსის დაუყოვნებლივ დაკარგვას კი არ უკავშირდება, არამედ სამართლებრივი მექანიზმების შესუსტებას. სწორედ ამ მექანიზმებმა უნდა დაიცვას მათი ინტერესები სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.
ვის აძლევს ხელს კონფლიქტი?
პოლონეთის პოლიტიკურ კრიზისს რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფო პროპაგანდა აქტიურად იყენებს.
როგორც ევრორადიო იუწყებოდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებული მოვლენები ქვეყანაში თითქოს მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალებაზე განცხადებების საბაბად იქცა.
პოტოცკის დაკვირვებით, პროპაგანდას რამდენიმე მიზანი აქვს. უპირველესად, ის ცდილობს პოლონეთი ქაოსში ჩაძირულ ქვეყნად წარმოაჩინოს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა გააძლიეროს.
გარდა ამისა, ბელარუსული პროპაგანდა კონფლიქტს იყენებს, რათა ეჭვქვეშ დააყენოს პოლონეთის უფლება, ბელარუსში დემოკრატიის დარღვევები გააკრიტიკოს.
კიდევ ერთი მიზანი პოლონურ პოლიტიკურ ბანაკებს შორის წინააღმდეგობების გაღრმავებაა. ამისთვის პროპაგანდა უკრაინისა და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებზე არსებულ უთანხმოებებსაც იყენებს.
თუმცა პოტოცკი ხაზს უსვამს, რომ რუსეთისადმი დამოკიდებულებისა და უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობის პრინციპულ საკითხებში პოლონეთის მთავრობისა და პრეზიდენტის პოზიციები კვლავ ახლოსაა. განსხვავებები, ძირითადად, პოლიტიკურ მიდგომებსა და ცალკეულ გადაწყვეტილებებს ეხება.
რა იქნება შემდეგ
ექსპერტები კრიზისის სწრაფად მოგვარებას არ ელიან.
2027 წელს პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. მმართველ კოალიციასა და PiS-ს შორის დაპირისპირება უკვე წინასაარჩევნო ბრძოლის ნაწილად იქცევა. შესაბამისად, პოლიტიკოსებს კომპრომისზე წასვლის სულ უფრო ნაკლები სტიმული რჩებათ.
„სამწუხაროდ, კომპრომისის დიდ შანსს ვერ ვხედავ. პოლონეთში პოლარიზაცია მხოლოდ გაძლიერდება“, პროგნოზირებს მიხალ პოტოცკი.
პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის ეს, უპირველესად, მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებებისთვის თვალის დევნების აუცილებლობას ნიშნავს. სწორედ ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავს უშუალოდ ბინადრობის, დასაქმებისა და სახელმწიფო დახმარების წესებს.
ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი იმის სათქმელად, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო კონფლიქტი მიგრანტების ქვეყანაში დარჩენის უფლებას უქმნის საფრთხეს.
მაგრამ პოლონეთის კრიზისი უფრო ფართო პრობლემას აჩვენებს: პოლიტიკურ ბრძოლას დემოკრატიულ სახელმწიფოშიც შეუძლია ხანგრძლივად შეასუსტოს ადამიანის უფლებების დამცველი ინსტიტუტები.
მიგრანტებისთვის, განსაკუთრებით კი ლტოლვილებისთვის, რომელთა მდგომარეობაც დიდწილად ხელისუფლების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ამას სრულიად პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
exchange