რეგიონებიდან ერევანში ავტომობილების შესვლა, შესაძლოა, აიკრძალოს. რას ფიქრობენ ექსპერტები და ადგილობრივები
აიკრძალება თუ არა რეგიონებიდან ერევანში ავტომობილებით შესვლა?
სომხეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერევნის ვიცე-მერის, სურენ გრიგორიანის განცხადებას, რომლის თანახმად, ქალაქის ადმინისტრაციის მიზანია ქალაქის შესასვლელებთან პარკირების ადგილების მოწყობა. მისი განცხადებით, ამ ადგილებზე რეგიონებიდან ჩასული მძღოლები ავტომობილებს დატოვებენ და გზას საზოგადოებრივი ტრანსპორტით გააგრძელებენ.
მერიის ამ ინიციატივამ დიდი დისკუსია გამოიწვია როგორც ექსპერტებს, ისე ქვეყნის მოსახლეობას შორის.
საგზაო მოძრაობის სპეციალისტებს, ქალაქში შესვლის აკრძალვის ნაცვლად, დედაქალაქში პარკირების საფასურის გაზრდის ინიციატივა აქვთ.
სომხეთის მოსახლეობა კი შეშფოთებულია, ხომ არ შეზღუდავს ეს ინიციატივა გადაადგილების თავისუფლებას და ხომ არ შექმნის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების რისკს.
მოქალაქეებს აინტერესებთ, როგორ უნდა გადაადგილდნენ ერევანში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუ ქალაქში მცირეწლოვან ბავშვებთან ან ხანდაზმულებთან ერთად ჩავლენ. ან თუ დედაქალაქში ოჯახის წევრი სამედიცინო დახმარების მისაღებად ჩაჰყავთ.
რა განაცხადა ვიცე მერმა
ვიცე-მერმა სურენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ მერია შეზღუდვების დაუყოვნებლივ დაწესებას არ აპირებს.
მისი თქმით, პარკირების ადგილების მოწყობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის გაფართოებას დრო სჭირდება. გრიგორიანს რეგიონებიდან ავტომობილების შესვლის შესაძლო აკრძალვის ვადები არ დაუსახელებია.
მისი ინფორმაციით, სომხეთში ავტომობილების რაოდენობა 2014 წელს 500 ათასიდან ერთ მილიონამდე გაიზარდა. ერევანში კი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 15 ათასით, ან მეტით, იზრდება.
ვიცე-მერი სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, უახლოეს მომავალში 171 ახალი ავტობუსის შეძენა იგეგმება.
გრიგორიანმა აღიარა, რომ დარწმუნებით ვერ იტყვის, ექნება თუ არა რეგიონების ყველა მცხოვრებს პირადი ავტომობილით სარგებლობაზე უარის თქმისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის შესაძლებლობა.
განცხადების შემდეგ გაკეთებული განმარტებები
სოციალურ ქსელებში უკმაყოფილების ტალღის შემდეგ, ვიცე-მერმა დამატებითი განმარტებები გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარი არ ყოფილა ინიციატივაზე, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს. დააზუსტდა, რომ ეს სტრატეგიული მიზანია. მისი მიღწევა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.
„გაუგებრობა წარმოიშვა. ზოგიერთმა მოქალაქემ გადაწყვიტა, რომ რეგიონებიდან ერევანში ტრანსპორტის შესვლა აიკრძალება. მსგავსი არაფერი მითქვამს“, – აღნიშნა სურენ გრიგორიანმა.
მისი აზრით, გაუგებრობა ინტერვიუს სათაურმა გამოიწვია:
„სათაურს ინტერვიუს რეალურ შინაარსთან საერთო არაფერი ჰქონდა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ხდება, როდესაც სიახლეს მხოლოდ სათაურის მიხედვით აფასებენ“.
ექსპერტის მოსაზრება
საგზაო მოძრაობის ექსპერტი არტაკ გაბოიანი მიიჩნევს, რომ რეგიონებიდან კერძო ავტომობილებისთვის დედაქალაქში შესვლის აკრძალვას აზრი არ აქვს:
„მსოფლიოში არავინ ამბობს, რომ ქალაქში შესვლას გიკრძალავთ. ამის ნაცვლად, ისეთ პირობებს ქმნიან, რომ ავტომობილის ქალაქის შესასვლელთან დატოვება მოსახერხებელი და ეკონომიკურად მომგებიანი გადაწყვეტილება გახდეს“.
ერევნის ცენტრში დატვირთვის შესამცირებლად, გაბოიანი ხელისუფლებას პარკირების საფასურის გაზრდას სთავაზობს. მაგალითად, საათში 1 000 დრამამდე (2,6 დოლარი). ამჟამად პარკირება სამჯერ იაფი ღირს.
„გარდა ამისა, ქალაქის შესასვლელებთან, პარკინგისის მახლობლად უფასო ტრანსპორტი უნდა მოძრაობდეს, რომელიც მძღოლებს უახლოეს სატრანსპორტო კვანძამდე მიიყვანს. მაგალითად, მეტროსადგურამდე. ან იქამდე, საიდანაც სხვადასხვა მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომა იქნება შესაძლებელი“, – განმარტა მან.
ამ იდეის განსახორციელებლად გაბოიანს აუცილებლობად მიაჩნია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა. მას დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მაგისტრალი, ისაკოვის გამზირი მოჰყავს მაგალითად, სადაც მოძრაობის ერთი ზოლი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი.
კომენტარები სოციალურ ქსელებში
„ახლა საზოგადოებას ერევნელებად და რეგიონების მცხოვრებლებადაც ყოფთ? როდემდე უნდა გააგრძელოთ საზოგადოების დაყოფა? ამის ნაცვლად, დედაქალაქში სატრანსპორტო დატვირთვა შეამცირეთ და საგზაო მოძრაობა მოაწესრიგეთ“.
„ეს ადამიანების გადაადგილების თავისუფლების უფლებას ზღუდავს. ამჟამინდელმა ქალაქის ადმინისტრაციამ ისედაც აუტანელი პირობები შეგვიქმნა“.
„რას იტყვით იმაზე, რომ ბევრს უბრალოდ ეზარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი-ორი გაჩერების გავლა და პირადი ავტომობილით სარგებლობას ამჯობინებს?“
„ერევანში პატარა ბავშვებითა და უამრავი ჩანთით ჩამოვდივართ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით როგორ უნდა მივიდეთ დანიშნულების ადგილამდე?“
„უბრალოდ აუკრძალეთ რეგიონების მცხოვრებლებს ერევანში შესვლა, თუ თან არ ექნებათ პირადობის მოწმობა, შემოსავლების დეკლარაცია, რეზიუმე და სულ მცირე სამი სარეკომენდაციო წერილი. მერე კი, რატომ არ უნდა დავავალდებულოთ რეგიონების მცხოვრებლები, სოფლიდან გასასვლელად პოლიციისგან ნებართვა აიღონ?“
„ვიცე-მერს შეუძლია, დღეიდანვე მაგალითი მოგვცეს: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს სახლში. ხვალ ასევე მივიდეს სამსახურში. ბავშვები სკოლაში წაიყვანოს. შემდეგ კი ექიმთან წავიდეს. ეს ყველაფერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ერთი კვირა მაინც სცადოს ასე ცხოვრება და მერე ვნახოთ“.
„ვიცე-მერის თქმით, ამ იდეის განსახორციელებლად დედაქალაქის შესასვლელებთან პარკირების ადგილები უნდა მოეწყოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები შეიქმნას.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ქალაქის ადმინისტრაციამ ერთ გამზირზე მხოლოდ ერთი ცალკეული ზოლის მოწყობა შეძლო – ანუ ასეთი ზოლების სრულფასოვანი ქსელი ვერ შექმნა – და ვერც მეტროს ხაზების გაფართოების მიმართულებით მიაღწია პროგრესს, იმის მოლოდინი, რომ რეგიონებიდან ერევანში ტრანსპორტის შესვლის შეზღუდვის საკითხს მოაგვარებენ, უბრალოდ ფანტასტიკაა“.
აიკრძალება თუ არა რეგიონებიდან ერევანში ავტომობილებით შესვლა?