რუსეთმა საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტი აკრძალა
გაზიარება
გაზიარება
რუსული ემბარგო
რუსეთმასაქართველოდან რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების იმპორტი აკრძალა. აკრძალულ პროდუქტებს შორისაა ღვინო, კონიაკი, ლუდი, „კოკა-კოლა“ და მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, – იუწყებიან რუსული მედია საშუალებები.
ღიად პრორუსული პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერის, მამუკა ფიფიას თქმით, რუსეთში საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტის აკრძალვა “მხოლოდ პირველი ტალღაა” და მომავალში აკრძალვები სხვა კომპანიებსა და სხვა პროდუქტებსაც შეეხება.
“სამწუხარო ფაქტია და ეს მხოლოდ პირველი ტალღაა, კიდევ იქნება 2-3 ტალღა. სანქციები 40-ზე მეტ კომპანიას ეხება და ჯერჯერობით მხოლოდ მინერალურ წყალს, ლუდსა და ალკოჰოლს შეეხო, თუმცა შემდგომში ეს პროცესი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც გავრცელდება!” – წერს ფიფია.
რუსული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს შესაბამისი დადგენილების საფუძველზე მიიღეს. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსპოტრებნადზორმა) დროებითი სანიტარიული ზომები აამოქმედა და რუსეთში იმ პროდუქტების შეტანა და გაყიდვა აკრძალა, რომლებიც ქვეყანაში მოქმედ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
როსპოტრებნადზორის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის ან მასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საკვები პროდუქტები ბაზრიდან უნდა ამოიღონ. ამის გაკეთება ეკონომიკურ ოპერატორს დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მითითებით შეუძლია.