აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ საპენსიო რეფორმის კანონპროექტი მოამზადა. საუბარია საპენსიო კანონმდებლობის სისტემატიზაციაზე, პენსიის ოდენობის განსაზღვრისას შრომითი სტაჟის გათვალისწინებაზე და სოციალურად მოწყვლადი კატეგორიების მხარდაჭერის ცალკეული მექანიზმების შემუშავებაზე.
კანონპროექტი საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ აფხაზეთის სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის სამინისტრომ მოამზადა. ე.წ. მინისტრ კამა აძინბას განცხადებით, კანონპროექტის მიზანია შრომითი, სადაზღვევო და დაგროვებითი პენსიების, ასევე სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის გათვალისწინებული დანამატების მარეგულირებელი ნორმების სისტემატიზაცია.
შემოთავაზებული რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი პენსიის ოდენობის განსაზღვრისას მოქალაქის შრომითი წვლილის გათვალისწინება იქნება. ამჟამად აფხაზეთში პენსია 6 ათას რუბლს [დაახლოებით 70 დოლარს] შეადგენს და ეს სტანდარტული თანხაა ყველა პენსიონერისთვის – როგორც მათთვის, ვისაც დიდი შრომითი სტაჟი აქვს, ისე მათთვის, ვისაც ოფიციალურად ერთი დღეც არ უმუშავია.
თუ პენსიონერს ორმაგი, აფხაზურ-რუსული მოქალაქეობა აქვს და ამასთანავე რუსეთის პენსიასაც იღებს, აფხაზური საპენსიო დახმარება სიმბოლურ ოდენობამდე მცირდება – მხოლოდ 500 რუბლამდე [დაახლოებით 6 დოლარი].
ახალი სისტემა სწორედ ამ „უსამართლობის“ გამოსწორებას ისახავს მიზნად. ის ასევე ითვალისწინებს მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში დანიშნულ დახმარებასა და სხვა სოციალურ შემწეობებს, რომელთა ოდენობაც საბაზისო სოციალურ პენსიაზე მეტი უნდა იყოს.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალურ პენსიებს სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. ამ კატეგორიაში, ინიციატივის თანახმად, ორდენოსნები და აფხაზეტის ომის ვეტერანები უნდა შევიდნენ.
კანონპროექტი განსახილველად ე.წ. პარლამენტს გადაეცემა.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას