გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო
გაზიარება
გაზიარება
გაეროს რეზოლუცია
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 7 ოქტომბერს ჟენევაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეზოლუცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება და საბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფას მოითხოვს.
რეზოლუციის თანახმად, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონულ მექანიზმებს, ოკუპირებულ რეგიონებში დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვება უნდა ჰქონდეთ.
დოკუმენტი ასევე გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს და ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამო.
დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეზოლუცია ასევე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების შეზღუდულ წვდომას. საბჭო აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლებში მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას.
საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭომ გასული წლის მსგავსად კონსენსუსით მიიღო.