სომხეთის ტერიტორიაზე შეღწეულმა აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურემ ადგილობრივ მცხოვრებლებს ესროლა
აზერბაიჯანელმა სამხედრომ სომხეთის მცხოვრებს ესროლა
1 ოქტომბერს აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე სომხეთის სიუნიქის ოლქის სოფელ შაქში შევიდა. მან ავტომატიდან გასროლით ფეხში 39 წლის ადგილობრივი მცხოვრები ქალი დაჭრა. ინციდენტს მისი სამი შვილი ესწრებოდა, რომელთაგან ორმა ასევე მიიღო დაზიანებები.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნასიმ მუსაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელებში დაიწყეს საუბარი. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე განცხადება გაავრცელა.
როგორც გაირკვა, 29 სექტემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სომეხ კოლეგებს აცნობა სამხედრო მოსამსახურის შესახებ, რომელმაც სამხედრო ნაწილი უცნობ ვითარებაში დატოვა.
„არ გამოირიცხებოდა, რომ მას შესაძლოა უკანონოდ გადაეკვეთა სომხეთის საზღვარი. ამის შემდეგ სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამისმა უწყებებმა ძებნის ოპერაციები დაიწყეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ნასიმ მუსაევი 26 სექტემბერს გაუჩინარდა.
უცნობია, როდის აღმოჩნდა იგი სომხეთის ტერიტორიაზე. მისი აღმოჩენა და დაკავება მხოლოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოხერხდა.
სომეხი ანალიტიკოსები იხსენებენ წარსულში მომხდარ მსგავს შემთხვევებს, როდესაც საზღვრის უკანონოდ გადამკვეთი და დანაშაულის ჩამდენი აზერბაიჯანის მოქალაქეები აზერბაიჯანს გადასცეს. ისინი ელიან, რომ ამჯერად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ხოლო თუ სომხეთის ხელისუფლება მის სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტს, სთავაზობენ გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ბაქოს ციხეებში 19 სომეხი პატიმარი იმყოფება.
ინციდენტმა სომხურ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება. ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების ფონზე, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა, მომხმარებლები ინციდენტს მოკლე ფრაზით გამოეხმაურნენ – „გაუმარჯოს მშვიდობას“.
ყველაფერი, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი, ექსპერტებისა და სომხეთის მცხოვრებლების მოსაზრებები.
თვითმხილველთა ჩვენებები
„ჩემი ძმა და და მეცადინეობიდან სახლში დაბრუნდნენ და გატეხილი ფანჯარა დაინახეს. მათ დედას დაურეკეს. დედა და მამა მანქანით მივიდნენ. დედას ხელში დანა ჰქონდა – ის ყოველთვის თან ატარებდა, რათა მსგავსი შემთხვევის დროს თავი დაეცვა. დედა სახლში შევიდა, მას დანა დაარტყა, კაცმა კი ესროლა და გაიქცა“, – განუცხადა დაზარალებული ქალის ვაჟმა ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებას.
ამასთან, მისმა დამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა ბავშვები მძევლად აიყვანა, ხოლო დედამ, რომელიც შვილების დაცვას ცდილობდა, მარცხენა ხელზე სამი თითი დაკარგა.
რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი დის ორმა შვილმა სკოლიდან სახლში დაბრუნებისას მშობლებთან ტელეფონით დარეკეს და დაინახეს, რომ სახლის კარის საკეტი გატეხილი იყო. სახლში შესვლისას ბავშვებმა მისაღებ ოთახში აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაინახეს. მათ დახმარების სათხოვნელად დედის დაძახება სცადეს, თუმცა აზერბაიჯანელმა მათ ტელეფონი წაართვა.
დაზარალებული ქალის დის ვერსიით, როდესაც დედა სახლში შევიდა, აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურე ბავშვებს იარაღს უმიზნებდა. მან ლულის ხელით გადაფარვა სცადა. ამ დროს მუსაევმა გაისროლა და ქალმა მარცხენა ხელზე თითები დაკარგა.
მისი დის თქმით, დაჭრილ ქალს თავის დაცვა მოუწია. სანამ სამხედრო მოსამსახურე ავტომატის გადატენვას ცდილობდა, მან მას დანა რამდენჯერმე დაარტყა. თუმცა სამხედრო მოსამსახურის დარტყმის შედეგად თავად გონება დაკარგა. ამის შემდეგ მასთან მისი 15 წლის ვაჟი შევიდა ჭიდილში, რის შედეგადაც მან ხელი მოიტეხა.
დედისა და ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა
ქალს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ბარძაყისა და ხელის არეში ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, პირველადი სამედიცინო დახმარება სისიანის სამედიცინო ცენტრში გაუწიეს, შემდეგ კი ერევნის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას ოპერაცია ესაჭიროება.
ქალის 15 და 12 წლის ვაჟებმაც დაზიანებები მიიღეს.
„2014 წელს დაბადებულ ბავშვს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა აქვს, ხოლო 2011 წელს დაბადებულს – მარჯვენა მაჯის მოტეხილობა“.
მოტეხილი ხელის მქონე ბიჭს თაბაშირი დაადეს, მეორე ბავშვს კი ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა.
ინფორმაცია ერევნიდან და ბაქოდან
ინციდენტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მწირია.
თავდაპირველად განცხადება სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა:
„1 ოქტომბერს, 14:15 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის მართვის ცენტრში შეტყობინება შევიდა, რომ სიუნიქის ოლქის დასახლებულ პუნქტ შაქში სომხეთის მოქალაქემ ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიიღო. შემთხვევის ადგილზე პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის ოპერატიული ჯგუფები გაემგზავრნენ. ინციდენტის ყველა გარემოების დასადგენად გადაუდებელი ზომები იქნა მიღებული. დადგინდა, რომ დანაშაული აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურემ ჩაიდინა, რომელიც დააკავეს“.
სომხური მხარის ცნობით, ინციდენტის დეტალები სომხეთის შესაბამისმა უწყებებმა აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.
ბაქომ საზღვრის გადამკვეთი სამხედრო მოსამსახურის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ შაქში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაავრცელა.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, ნასიმ მუსაევი ლაჩინის სამხედრო ნაწილიდან 26 სექტემბერს გაუჩინარდა. მისი გაუჩინარების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიების შედეგად დადასტურდა ეჭვი, რომ მუსაევმა სამხედრო ნაწილი თვითნებურად დატოვა.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ნასიმი მუსაევი სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფება და ამ ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა დააკავეს“, – განაცხადეს აზერბაიჯანის სამართალდამცავმა ორგანოებმა.
ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ ინციდენტის დეტალების დასადგენად სომხეთის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობენ.
სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა
სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლებით, რომლებიც ეხება „იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებას“, „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას“ და „საცხოვრებლის ხელშეუხებლობის დარღვევას“.
სომხეთში აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ უწყების განცხადებაში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე არაფერი იყო ნათქვამი.
დღეს უწყებამ განაცხადა, რომ ბრალდებებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის კონტრაბანდის მუხლებიც დაემატა.
ანალიტიკოსების მოსაზრებები
პოლიტოლოგმა სურენ სურენიანცმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სომხურ მხარეს საზღვრის შესაძლო დარღვევის შესახებ ინციდენტამდე სულ მცირე ორი დღით ადრე შეატყობინეს:
„შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ გაფრთხილებისა და გამოცხადებული ძებნის მიუხედავად, მუსაევი შაქში მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მან სომხეთის მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამძებრო ოპერაციებმა ვერ აღკვეთა მისი შესაძლო უკანონო გადაკვეთა, შაქში შეღწევა ან სროლა“.
სურენიანცის თქმით, პასუხი მოითხოვს შემდეგი კითხვები:
- როგორ გადაკვეთა აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურემ სახელმწიფო საზღვარი და როგორ ჩავიდა ლაჩინიდან შაქში;
- სომხეთის ტერიტორიაზე საზღვრის რომელი მონაკვეთიდან შევიდა, როგორ შეძლო სასაზღვრო კონტროლისა და უსაფრთხოების სისტემების გვერდის ავლა;
- რატომ ვერ აღმოაჩინეს იგი არც გაფრთხილებიდან ორი დღის შემდეგ და არც მისი გაუჩინარებიდან დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში;
- რა სამართლებრივი პროცედურებია მოსალოდნელი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურის მიმართ?
„სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. ახლა უნდა გაირკვეს, დასრულდება თუ არა ის სამართლებრივად, ანუ ჩატარდება თუ არა უკანონო გადაკვეთისა და სომხეთის მოქალაქის წინააღმდეგ იარაღის გამოყენების გარემოებების სრული გამოძიება, თუ საქმე პოლიტიკური შეთანხმებების საგნად იქცევა“, – აღნიშნა მან.
პოლიტოლოგი პასუხებს კიდევ რამდენიმე კითხვაზე ელოდება:
- თუ მუსაევის აზერბაიჯანისთვის გადაცემის საკითხი დადგება, დააყენებს თუ არა სომხეთი ბაქოში მყოფი სომეხი პატიმრების დაბრუნების საკითხს;
- რა სამართლებრივი და პოლიტიკური პირობებით შეიძლება ასეთი გადაწყვეტილების მიღება?
სურენიანცმა აღნიშნა, რომ, ზოგადად, ამ ინციდენტმა სომხეთის საზღვარზე ეფექტიანი კონტროლის არარსებობა გამოავლინა.
აზერბაიჯანის საკითხების ექსპერტმა ტატევიკ აირაპეტიანმა სომხეთის სოფელ შაქში განვითარებული მოვლენების წინა პრეცედენტების კონტექსტში განხილვა შემოგვთავაზა. მან გაიხსენა:
- 2019 წელს სომხეთის ხელისუფლებამ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, აზერბაიჯანს დაუბრუნა ელვინ იბრაჰიმოვი, რომელმაც სომხეთის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ხელისუფლებამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ნაბიჯი“ უწოდა.
- 2023 წელს ჰუსეინ ახუნდოვი, რომელმაც სომხეთში 56 წლის აირაპეტ მელიქსეტიანი მოკლა და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აზერბაიჯანს გადასცეს.
ტატევიკ აირაპეტიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ შემთხვევაში მსგავსი მიდგომა უნდა გამოირიცხოს:
„სომხეთის მოქალაქის სიცოცხლისა და უსაფრთხოების ხელყოფას არ უნდა მოჰყვეს დამნაშავის აზერბაიჯანში დაბრუნება „ჰუმანიტარული“ მიზეზებით. ეს საქმე კანონის სრული სიმკაცრით უნდა გამოიძიონ. ხოლო თუ დანაშაული დადასტურდება, დამნაშავემ კანონით გათვალისწინებული სასჯელი უნდა მოიხადოს“.
კომენტარები სოციალურ ქსელებში
„აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურესთან დაკავშირებულმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რა მდგომარეობაა საზღვარზე. კარგია მაინც, რომ მარტო მოვიდა. შეიძლებოდა მთელი არმიით მოსულიყო და ჩვენც დიდი პლაკატით – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სომხეთში“ – დავხვედროდით“.
„როგორც აღმოჩნდა, შეიარაღებულ ადამიანს შეუძლია შეუფერხებლად გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი, რამდენიმე დღის განმავლობაში გადაადგილდეს, დასახლებულ პუნქტამდე მივიდეს და მშვიდობიან მოქალაქეს ზიანი მიაყენოს. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ მოქალაქე კვლავ მარტო დარჩა საკუთარი უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში“.
„მშვიდობა ის არის, როცა „მშვიდობიან პირობებში“ აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე თქვენს სახლში ვერ შემოვა და თქვენი შვილების თვალწინ ზიანს ვერ მოგაყენებთ. 29 სექტემბერს უკვე ცნობილი იყო, რომ აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ნაწილი დატოვა და ამის შესახებ სომხურ მხარესაც აცნობეს. სად იყო სახელმწიფო კონტროლი, როცა ცნობილი გახდა, რომ სამხედრო მოსამსახურემ ნაწილი დატოვა? რა ზომები მიიღეს სომხეთის ტერიტორიაზე მისი შეღწევის თავიდან ასაცილებლად? სად იყო ხელისუფლება, რომელიც ბოლო წინასაარჩევნო კამპანიის დროს „მშვიდობას“ გვპირდებოდა?“