როგორ ავიწროებს ჩინეთი რუსეთს ცენტრალურ აზიაში
ჩინეთი ცენტრალურ აზიაში

დიდხანს მიიჩნეოდა, რომ ცენტრალურ აზიაში ჩინეთს, პირველ რიგში, ახალი აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა აინტერესებდა, ხოლო პოლიტიკური რეჟიმების სტაბილურობის გარანტად რუსეთი რჩებოდა. თუმცა ბიშკეკში გამართულმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საიუბილეო სამიტმა აჩვენა, რომ ეს ბალანსი იცვლება.
მოსკოვთან ღია კონფრონტაციის გარეშე ჩინეთი რეგიონში ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას აფართოებს. შესაძლოა, ეს პროცესი ყველაზე შორს ყირგიზეთში წავიდა.
ბიშკეკში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს გარღვევის მნიშვნელობის შეთანხმებები არ მოჰყოლია, თუმცა მან ჩინეთის მზარდი საერთაშორისო წონა ნათლად აჩვენა. სამიტს დაემთხვა ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტიც ყირგიზეთში.
პუტინი ძველებურად თანასწორი აღარ არის
შოს+-ის გაფართოებულ ფორმატში მონაწილეთა რაოდენობა წელს რეკორდული იყო. ყაზახი პოლიტოლოგი დოსიმ სატპაევი ამას მრავალი სახელმწიფოს ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავების სურვილს უკავშირებს.
მისი შეფასებით, პეკინი ცდილობს თავი წარმოაჩინოს გლობალური წესრიგისა და უფრო გასაგები თამაშის წესების ცენტრად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული არაპროგნოზირებადობის ფონზე. ექსპერტის აზრით, ეს საერთაშორისო ორგანიზაციების კრიზისის პერიოდში შოს-ის გაფართოების ერთ-ერთი მიზეზია.
სატპაევი ყურადღებას ამახვილებს ბიშკეკში დამტკიცებულ 2026-2030 წლების პორტებისა და ლოგისტიკური ცენტრების განვითარების გეგმაზეც. მისი თქმით, ევრაზიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დღეს ჩინეთის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერესებს აერთიანებს. შოს-ი ციფრული ინფრასტრუქტურითაც არის დაკავებული, სადაც, ექსპერტის შეფასებით, ჩინეთი დომინანტური პოზიციის დაკავებას ცდილობს.
ვლადიმირ პუტინის მდგომარეობა სამიტზე განსხვავებული იყო. 2022 წლამდე რუსეთის პრეზიდენტი შოს-ის შეხვედრებზე ორგანიზაციის ორი სისტემური ლიდერიდან ერთ-ერთის სტატუსით და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგით ჩადიოდა.
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოსკოვის პეკინზე დამოკიდებულება გაიზარდა. პარალელურად დაიწყო იმ პროექტების განხორციელება, რომლებსაც რუსეთი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის ჩინეთიდან უზბეკეთისკენ მიმავალი რკინიგზისა და ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტების.
ბიშკეკში პუტინის ორმხრივმა შეხვედრებმაც აჩვენა ურთიერთობების ცვლილება. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს კვლავ მოუწოდა, დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. პოლიტოლოგმა არკადი დუბნოვმა ეს სამიტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდად შეაფასა.
მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პუტინთან საჯაროდ ისაუბრა ომის მიზეზების გაუგებრობაზე. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი კვლავ უარყო ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის შესახებ რეფერენდუმის იდეა.
ამ ფონზე ცენტრალურ აზიაში ჩინეთის ეკონომიკური პოზიციები მყარდება. 2025 წელს ჩინეთი პირველად გახდა რეგიონის ხუთივე სახელმწიფოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი. სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 106,3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ცენტრალური აზიის ქვეყნები სულ უფრო მეტ ჩინურ სამხედრო ტექნიკასაც ყიდულობენ.
ყირგიზეთში ჩინეთის მზარდ ეკონომიკურ ყოფნას უკვე პოლიტიკური გავლენის გაძლიერებაც ახლავს.
თანამშრომლობა ეთნიკურ საკითხებში
სი ძინპინისა და სადირ ჟაპაროვის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების პაკეტში შევიდა მემორანდუმი ეთნიკურ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ, ადამიანური რესურსების განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამა და შეთანხმება ტელევიზიის, რადიოს, მედიაკონტენტისა და ონლაინ აუდიოვიზუალური საშუალებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ამ დოკუმენტების შინაარსი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყირგიზეთში ძლიერი ანტიჩინური განწყობების ფონზე. შეშფოთების ერთ-ერთ წყაროდ ჩინეთის მიმართ ქვეყნის დავალიანება რჩება.
2021 წლიდან ყირგიზეთის ვალი ჩინეთის მიმართ დაახლოებით 300 მილიონი დოლარით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ჩინეთი ქვეყნის უმსხვილეს კრედიტორად რჩება. ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტრო მის წილს ქვეყნის საგარეო ვალში 27 პროცენტად აფასებს, ჩინეთის ელჩი ყირგიზეთში კი 36 პროცენტად.
დაძაბულობის კიდევ ერთი წყარო ჩინურ კომპანიებსა და სამუშაო ძალას უკავშირდება. 2026 წლის იანვარ-ივნისში ყირგიზეთმა დაახლოებით 61 ათასი სამუშაო ვიზა გასცა. მათგან დაახლოებით 60 პროცენტი ჩინეთის მოქალაქეებმა მიიღეს.
ფართო გამოხმაურებას იწვევს ცნობები ჩინეთის მოქალაქეებთან ყოფით და საწარმოო კონფლიქტებზე, სავარაუდო კორუფციასა და ჩინელი ინვესტორების მიერ მიწისა და უძრავი ქონების შესაძლო შესყიდვაზე.
ივლისში დამატებითი შეშფოთება გამოიწვია ინფორმაციამ, რომ უცხოელებს მიწის 49 წლით, აუქციონის გარეშე იჯარით აღების შესაძლებლობა მიეცემოდათ. სოციალურ ქსელებში ეს სწრაფად დაუკავშირეს, პირველ რიგში, ჩინელ ინვესტორებს.
პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს ყველაზე საგანგაშო ინტერპრეტაციების საჯაროდ უარყოფა მოუწიათ.
ჩინელებზე – ან კარგი, ან არაფერი
სადირ ჟაპაროვის ადმინისტრაცია ანტიჩინურ განწყობებს განსაკუთრებით მგრძნობიარედ ეკიდება.
2024 წელს ნაციონალისტურად განწყობილი ყირგიზები თავს დაესხნენ საერთო საცხოვრებლებს, ჰოსტელებსა და სამკერვალო საწარმოებს, სადაც პაკისტანელი და ინდოელი სტუდენტები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. არეულობის შემდეგ სტუდენტების ნაწილმა ქვეყნის დატოვება დაიწყო.
ჩინეთის მზარდი გავლენის კრიტიკის შემთხვევაში ხელისუფლების რეაქცია უფრო მკაცრი ჩანს. ადამიანებს აკავებენ და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრებიან, მათ შორის ჩინელი კონტრაქტორების მიერ მშენებლობის ხარისხის შესახებ გამოქვეყნებული პოსტების გამო.
13 ივნისს სასამართლომ აქტივისტი და პოლიტიკოსი მავლიან ასკარბეკოვი დააპატიმრა. ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის კრიტიკის შემდეგ, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესში, მას შუღლის გაღვივების მუხლით წაუყენეს ბრალი.
მეორე დღეს ჟაპაროვმა უცხოელი მუშაკები დაიცვა და მოუწოდა ხელისუფლებას, „გადამწყვეტად აღკვეთოს“ განცხადებები მათი მასობრივი შემოყვანის შესახებ.
20 ივლისს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაიირბეკ ორუნბეკოვმა Facebook-ზე გამოაქვეყნა იმ მოქალაქეების პირადი მონაცემები, რომლებიც, მისი მტკიცებით, ჩინეთის აქტივობის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
მან ისინი რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფად დაყო და ცალკე გამოყო „მედია – არასამთავრობო ორგანიზაციები“. ორუნბეკოვი მათ სასამართლო დევნით დაემუქრა „ეროვნებათაშორისი სიძულვილის გაღვივებისთვის“, მათ შორის ისეთი პოსტებისთვის, რომლებშიც ნათქვამი იყო: „ჩინეთი გვიპყრობს“.
27 ივლისს აქტივისტი აზამატ ბაიამანოვი, რომელიც ჩინელი ინვესტორებისთვის მიწის იჯარით გადაცემას აკრიტიკებდა, მასობრივი არეულობის ორგანიზების საქმეზე დააპატიმრეს.
14 აგვისტოს სადირ ჟაპაროვმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ანტიჩინურ განწყობებს გარკვეული „გარე და შიდა ძალები“ აღვივებენ.
29 აგვისტოს, შოს-ის სამიტის წინ, პრეზიდენტმა ძალოვან უწყებებს მოუწოდა, მკაცრად დაესაჯათ ისინი, ვისაც „ხალხის მტრები“ უწოდა და რომლებიც, მისი თქმით, გარე ძალებისგან ფულს იღებენ და ქვეყნის „არევას“ ცდილობენ.
ბიშკეკში ვიზიტის წინ სი ძინპინმა ყირგიზული მედიისთვის სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ჟაპაროვი „სტაბილურობისა“ და „საზოგადოებრივი თანხმობისთვის“ შეაქო. უკვე ყირგიზეთში სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი „ძლიერი სახელმწიფოს“ იდეას უჭერს მხარს.
Kloop ამ განცხადებებს ჟაპაროვის ავტორიტარული მმართველობის სტილის მხარდაჭერად აფასებს 2027 წლის 24 იანვრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
როგორც ჩინური სააგენტო Xinhua აღნიშნავდა, სი გახდა პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც ჟაპაროვმა საღამოს მეუღლესთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში მიიწვია.
რატომ უჭერს პეკინი მხარს ჟაპაროვის ავტორიტარიზმს
ჩინეთის ეკონომიკური წონა ცენტრალურ აზიაში უკვე პოლიტიკურ გავლენად გარდაიქმნა, მიიჩნევს კარნეგის ბერლინის ცენტრის მკვლევარი თემურ უმაროვი. მისი შეფასებით, პეკინთან ყველაზე ღრმა პოლიტიკური თანამშრომლობა სწორედ ყირგიზეთს აქვს.
უმაროვი ამას, სხვა ფაქტორებთან ერთად, სადირ ჟაპაროვის პოლიტიკურ ბიოგრაფიას უკავშირებს.
„თუ დავაკვირდებით, როგორ მოვიდა სადირ ჟაპაროვი ხელისუფლებაში, ბევრ ასპექტში ჩინური კვალი ჩანს. ის იკვეთებოდა მის საპრეზიდენტო კამპანიაშიც და იმ ადამიანებშიც, რომლებიც მის გარშემო არიან. მის კარიერასა და ბიოგრაფიაშიც არის ჩინეთთან კავშირები“.
ექსპერტის აზრით, მედიაკონტენტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება აჩვენებს, რომ პეკინი ყირგიზეთში საკუთარი რეპუტაციის პრობლემაზე მუშაობასაც ცდილობს.
„ჩინეთს, პირობითად რომ ვთქვათ, სურს, მასზე კარგად წერონ და ცუდად არ წერონ. აქ ისინი ერთ მხარეს არიან ყირგიზეთის ხელისუფლებასთან, რომელიც ცდილობს დაბლოკოს მათი შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ნებისმიერი კრიტიკა“, – ამბობს უმაროვი.
მსგავსი პროცესები ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს. უმაროვი იხსენებს ჟურნალისტ რუხშონა ჰაკიმოვას, რომელსაც 2025 წელს ტაჯიკეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი Central Asia Barometer-ისთვის ჩინეთის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულების კვლევას ეხებოდა.
თუმცა უმაროვი ყირგიზეთისა და ჩინეთის ურთიერთობებს განსაკუთრებით მჭიდროდ მიიჩნევს.
„ჩინეთი ნამდვილად უჭერს მხარს სადირ ჟაპაროვის ავტორიტარიზმს. მისთვის მნიშვნელოვანია ჰყავდეს სტაბილური პარტნიორი, რომელიც ჩინური აქტივების დაცვას უზრუნველყოფს და ყირგიზეთში ჩინეთის ამბიციებს ეჭვქვეშ არ დააყენებს.
ამ თვალსაზრისით სადირ ჟაპაროვი ჩინეთს აწყობს. თუმცა პეკინი მზად არის იმუშაოს ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც ყირგიზეთში სახელმწიფო მმართველობის წესრიგში შენარჩუნებას შეძლებს“.
შოს-ი ფართოვდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ხარჯზე
ჩინეთის გაძლიერების მიუხედავად, ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენა კვლავ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.
თემურ უმაროვი ჯერჯერობით ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პეკინი ადგილობრივი პოლიტიკური რეჟიმების უსაფრთხოების გარანტის როლში მოსკოვის სრულად ჩანაცვლებას აპირებს.
„ჩინეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ძალოვანი სტრუქტურების დონეზე. მიუხედავად ამისა, ჩინეთს არ აქვს მთავარი რამ, რაც რუსეთს გარანტის ამ როლს ანიჭებს: ადგილობრივ ელიტებთან არაფორმალური ურთიერთგაგება და, პირდაპირი მნიშვნელობით, ერთ ენაზე საუბარი“.
დოსიმ სატპაევი, თუმცა, სხვა პროცესზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი შეფასებით, შოს-ის გაფართოება ნაწილობრივ რუსული ინტეგრაციული გაერთიანებების – ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის – დასუსტების ფონზე მიმდინარეობს.
„ზოგადად, თუ ტენდენციებს შევხედავთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩინეთი აუჩქარებლად და რუსეთთან ღია კონფრონტაციის გარეშე, როგორც მახრჩობელა გველი, თანდათან ითვისებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ეკონომიკურ სივრცეს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო-პოლიტიკურ ველს.
ეს აშკარად ჩანს შოს-ის წევრთა რაოდენობის ზრდაში ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ხარჯზე, განსაკუთრებით ბელარუსის ბოლო გაწევრიანების შემდეგ. ასევე საყურადღებოა სომხეთის მონაწილეობა შოს-ში დიალოგის პარტნიორის სტატუსით, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მისი მონაწილეობის შეჩერების ფონზე“, – აჯამებს სატპაევი.
Exchange