ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს
არჩევნები სამხრეთ ოსეთში
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს და აცხადებს, რომ მის შედეგებს სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო და მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა უწოდა.
ევროკავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლოკი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, მათ შორის მათში ბოლო პერიოდში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში არჩევნები ჩატარდა.
„ევროკავშირი მტკიცედ გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომელთა მიზანია რუსეთის ოფიციალური პირის დანიშვნა საქართველოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს 2026 წლის 9 მაისს „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების გამო და რუსეთის მცდელობებს აკრიტიკებს, სამხრეთ ოსეთზე კონტროლი პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და სასამართლო მიმართულებებით გააძლიეროს.
ევროკავშირის შეფასებით, ეს ნაბიჯები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ქმნის საფუძველს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის სამომავლო უკანონო ანექსიისთვის.
„მსგავსი ქმედებები სისტემატურად აღრმავებს განხეთქილებას, საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს“, – აცხადებს ევროკავშირი.
ბლოკი ასევე ადასტურებს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი ერთგულებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობის გზით.
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის.
„ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“ – ნათქვამია განცხადებაში.
18 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს. ცხინვალის რეგიონის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გახსნილია 70 საარჩევნო უბანი, მათ შორის, ერთი მოსკოვში და ოთხი ჩრდილოეთ ოსეთში.
თუმცა ამას „საარჩევნო რბოლა“ მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, ვინ ითვლებოდა უპირობო ფავორიტად: ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და პრემიერ-მინისტრი მარატ კამბოლოვი, რომელიც რუსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2026 წლის მაისში ჩავიდა.
სამი სხვა კანდიდატი, კამბოლოვისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთის მკვიდრია. თუმცა მათი უპირატესობა ამით მთავრდება. ექსპერტების უმეტესობა მათ ტექნიკურ კანდიდატებად მიიჩნევს, ანუუ ადამიანებად, რომლებიც პრეზიდენტის პოსტისთვის სერიოზულ ბრძოლას არც კი ცდილობენ.
ესენი არიან:
- პარტია „ერთობის“ ლიდერი ზურაბ კოკოევი;
- დამოუკიდებელი კანდიდატი და სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ყაზბეკ კოდოევი;
- პარტია „ალანიის პატრიოტების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი მურატ ვალიევი.
სამივე მათგანს მოსახლეობასთან საარჩევნო კამპანია არ უწარმოებია. მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის განვითარების საკუთარი ხედვა მხოლოდ პირდაპირ ეთერში გამართულ სატელევიზიო დებატებზე წარმოადგინეს.