პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის მუხლით ბრალი წარუდგინა
თამაზ ელიზბარაშვილის საქმე
ბიზნესმენსა და ცხოველთა უფლებების დამცველ თამაზ ელიზბარაშვილს, რომელიც ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, პროკურატურამ მუქარის საქმეზე ბრალი წარუდგინა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულად უდანაშაულოდ მიიჩნევს.
სვიმონიშვილის თქმით, საქმეში შვიდი დაზარალებული მამაკაცი ფიგურირებს. პროკურატურის ვერსიით, ელიზბარაშვილი მათ დაემუქრა და მათ მუქარა რეალურ საფრთხედ აღიქვეს.
რას ედავება გამოძიება ელიზბარაშვილს
საქართველოს პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.
გამოძიების მიხედვით, მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია.
„ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.
დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.
დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
რას ამბობს ადვოკატი
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდების მხარე დაპირისპირების მიზეზად ელიზბარაშვილის მიერ წარსულში სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს. თუმცა, დაცვის მხარის განმარტებით, ბრალის დადგენილებაში დაზარალებულებთან რაიმე სახის პირადი კონფლიქტის შესახებ არაფერია ნათქვამი.
„ბატონი თამაზი ბრალს არ ეთანხმება და მისი ვერსია მომხდართან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებულია. ინციდენტის დროს მან საკუთარი ცოლ-შვილი მომავალ დაძაბულობას აარიდა და სახლში დატოვა, რის შემდეგაც დაბრუნდა, რომ თუ რაიმე შეკითხვები ჰქონდათ მისთვის, დაესვათ, ვინაიდან სხვა დროსაც არ მომხდარიყო რაიმე სახის დაძაბულობა. იქ აღარავინ დახვდა“, — განაცხადა სვიმონიშვილმა.
გამოძიებაში ასევე ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა ელიზბარაშვილი მის უკანონო ფლობას უარყოფს. ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე მას იარაღის უკანონო შეძენის, შენახვის ან ტარების შესახებ ბრალი არ წარდგენია.
სვიმონიშვილის განმარტებით, ელიზბარაშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთადერთი იარაღი მის სახელზე კანონიერად არის რეგისტრირებული და ამჟამად ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
დაცვის მხარე სასამართლოს ელიზბარაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების არ გამოყენებას მოსთხოვს. ალტერნატიულ ვარიანტად ადვოკატი გირაოს გამოყენებასაც დააყენებს.
პროკურატურას ჯერ არ დაუკონკრეტებია, აღკვეთის ღონისძიების რა სახის გამოყენებას მოითხოვს სასამართლოსგან.
ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა მისი ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკა ჩატარდა მუქარის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების შესახებ 236-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საჩივარი ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებმა შეიტანეს, რომლებთანაც 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. მისი თქმით, თავდაპირველად სწორედ „იმედის“ თანამშრომლები დაესხნენ თავს და პოლიტიკური პოზიციის გამო დაემუქრნენ.