„მოსკოვის მთავარი შიშია ის, რომ სომხეთი ევროკავშირს აირჩევს“. ანალიტიკა
რეფერენდუმი სომხეთში
ბოლო დღეებში რუსეთის მოთხოვნა, სომხეთში რეფერენდუმი ჩატარდეს, უკვე მუქარად აღიქმება. რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ქვეყანა რუსეთის ინტეგრაციულ ბლოკში – ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (EAEU), თუ ევროკავშირს აირჩევს. ამის შესახებ ნათქვამია ანალიტიკური ცენტრის, „სომხეთის საბჭოს“, ექსპერტების სტატიაში.
რუსეთი დიდი ხანია, მათ შორის უმაღლეს დონეზე, რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. თუმცა ახლა უკვე ისმის მუქარა სომხეთის EAEU-ში წევრობის საკითხთან დაკავშირებული პროცედურების დაწყების შესახებ. ეს იმ ფონზე, რომ ორგანიზაციაში გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება და ერევანს ვეტოს უფლება აქვს.
„რუსეთის მთავარი შიში ისაა, რომ დროთა განმავლობაში ვითარება გაუარესდება და ამან შესაძლოა სომეხ ხალხს ევროკავშირის არჩევისკენ უბიძგოს“, – მიიჩნევენ პუბლიკაციის ავტორები.
მათი შეფასებით, ეს არა მხოლოდ რუსეთის „მთავარი ფობია“, არამედ მისი „მთავარი ბოდვაცაა“. ანალიტიკოსების აზრით, მაისში, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსეთის მიერ სომხეთის წინააღმდეგ გამოყენებულმა „ეკონომიკურმა ზეწოლამ და შანტაჟმაც“ კი ვერ შეცვალა სომხური საზოგადოების განწყობები. ამის დასტურად მათ 7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოჰყავთ: არჩევნებში სომხეთის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა და არა პრორუსულმა ძალებმა.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში რუსეთმა სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი შეზღუდა. აიკრძალა ყვავილების, „ჯერმუკის“ მინერალური წყლის, რამდენიმე სახეობის ალკოჰოლური სასმელისა და თევზის პროდუქტების შეტანაც. რუსეთი ამ გადაწყვეტილებებს პროდუქციის ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობით ხსნიდა. თუმცა სომეხი ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეზღუდვებს საარჩევნო კამპანიას უკავშირებდნენ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ არჩევნების შემდეგ ზეწოლა შეწყდებოდა.
ეს არ მოხდა. მეტიც, არჩევნების შემდეგ რუსეთმა ახალი შეზღუდვები დააწესა.
ამასობაში, ივნისის დასაწყისში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხმა წევრმა ქვეყანამ სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რაც შეიძლება მალე ჩაეტარებინა რეფერენდუმი ევრაზიულ ბლოკსა და ევროკავშირს შორის არჩევანის გასაკეთებლად. ერევანმა უპასუხა, რომ რეფერენდუმის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა, რადგან სომხეთის ევროპული ინტეგრაციის პროცესი ჯერ არ მისულა იმ ეტაპამდე, როდესაც მოქალაქეებს რეალური არჩევანის გაკეთება შეეძლებოდათ. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განმარტა, რომ სომხეთმა ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს ან, სულ მცირე, ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში უნდა დადგეს.
თუმცა მოსკოვი კვლავ დაჟინებით მოითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი რეფერენდუმის დეკემბრამდე ჩატარებას ელის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლოკის წევრი ქვეყნების ლიდერები „ამ ფაქტს შემდგომი ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრისას გაითვალისწინებენ“.
მისივე თქმით, სომხეთთან მიმართებით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების მოქმედების შესაძლო შეჩერებისა და მისი შედეგების შესახებ ანგარიში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს დეკემბრის სხდომაზე განიხილება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე ისაუბრა
„სომხეთში არასდროს არავის უსაუბრია რეფერენდუმზე, რომელზეც მოქალაქეებმა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანი უნდა გააკეთონ“.
2025 წლის 9 იანვარს სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი განიხილა და დაამტკიცა. სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა:
„სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ კონსტიტუციის შესაბამისად, რეფერენდუმში მონაწილეთა საჭირო რაოდენობა მას მხარს დაუჭერს“.
მოგვიანებით ეს პოზიცია სომხეთის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებმაც არაერთხელ გაიმეორეს.
საუბარია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე და არა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენასა თუ მის დატოვებაზე.
ეს ფუნდამენტური განსხვავება მოსალოდნელი შედეგების პროგნოზსაც მნიშვნელოვნად ცვლის. თუმცა, თუ სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერენ, პროცესის გარკვეულ ეტაპზე ქვეყანას ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვება აუცილებლად მოუწევს.
რუსეთი სხვა საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს
„სომხეთის მზადყოფნა, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს, არსებითად განსხვავდება იმისგან, რასაც მოსკოვი მოითხოვს.
რუსეთი ფაქტებით აშკარა მანიპულირებას ცდილობს და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას უკვე ახლა ითხოვს, როცა სომხეთს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებამდე სულ მცირე ათი წელი აშორებს.
მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა დგას ამ აჩქარების უკან.
კრემლში აცნობიერებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში ვერც ერთი რაციონალური საზოგადოება ვერ მისცემდა ხმას ამ პერსპექტივის წინააღმდეგ.
შესაბამისად, სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესანარჩუნებლად და ევროკავშირისკენ მისი სვლის შესაჩერებლად, რეფერენდუმი რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს – მანამ, სანამ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა კვლავ გაურკვეველი და ბუნდოვანია“.
მოსკოვი ცდილობს ევროპის „დამარცხებას“ სომეხი ბიზნესმენების დამოკიდებულების გამოყენებით.
„ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მექანიზმები ამჟამად სომხური ბიზნესის სასარგებლოდ მუშაობს, თუმცა ამავდროულად გავლენის ბერკეტებსა და დამოკიდებულებას ქმნის.
მეორე მხრივ, სომხეთი ეკონომიკის დივერსიფიკაციას თანმიმდევრულად ცდილობს, რაც ამ გავლენასა და დამოკიდებულებას ამცირებს.
ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის საკითხი პირდაპირ ეხება რუსეთში კონკრეტული ინტერესების მქონე მრავალ კომპანიას. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა კი ამ ეტაპზე გაცილებით აბსტრაქტულია.
მოსკოვი არ ელის, რომ უახლოეს წლებში ან თუნდაც ათწლეულებში ევროპას ეკონომიკურ კონკურენციაში „დაამარცხებს“ და სომხეთს უფრო მიმზიდველ პირობებს შესთავაზებს. ამიტომ კრემლში მიაჩნიათ, რომ პროცესზე ზემოქმედების შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ. სწორედ ამიტომ ჩქარობენ“.