ელოდებიან თუ არა საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების ახალ ტალღას
რა ხდება ლარსზე

რუსეთში შესაძლო მობილიზაციის შესახებ ცნობები ვრცელდება. ამის ფონზე, საქართველოში მიგრანტების ახალი ტალღის მოლოდინი გაჩნდა. თუმცა ზემო ლარსის ამჟამინდელი მონაცემები ჯერ არ ადასტურებს, რომ რუსეთიდან მასობრივი გადინება უკვე დაიწყო.
აგვისტოს შუა რიცხვებში რუსეთის საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ ზემო ლარსზე მგზავრთა „რეკორდული ნაკადი“ დაფიქსირდა. უწყების ცნობით, 18 აგვისტოს საზღვარი მსუბუქი ავტომობილებით 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსული მხარის მონაცემები უარყო.
▇ უწყების ცნობით, 18-19 აგვისტოს რუსეთიდან საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის 7 880 მოქალაქე შემოვიდა. საქართველოდან კი 8 406 უცხოელი გავიდა. ორივე მიმართულებით საზღვარი სულ 16 286-მა ადამიანმა გადაკვეთა.
მოგვიანებით რუსეთის საბაჟომაც დააზუსტა მონაცემები. უწყების ინფორმაციით, საზღვარი ორივე მიმართულებით 16 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. უწყებამ ამჯერად მგზავრთა ნაკადს „რეკორდული“ აღარ უწოდა და აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონის დასრულების გამო მეტი ადამიანი რუსეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
თუმცა, ამ ინფორმაციამ საქართველოში მაინც გამოიწვია მღელვარება. ბევრს 2022 წლის სექტემბერი გაახსენდა – მაშინ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში ათიათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.
მაშინ ამ მიგრაციამ მნიშვნელოვნად გააძვირა უძრავი ქონებაზე ფასები. დღეს მოსახლეობას იგივე შიშები აქვს.
რატომ გაჩნდა ახალი ტალღის მოლოდინი
რუსეთში მობილიზაციის ახალ ტალღაზე დაუდასტურებელი ცნობები ვრცელდება. ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა სახელმწიფო დუმის სექტემბრის არჩევნების შემდეგ გამოცხადდეს. ოფიციალურად ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
G.Miller International Georgia-ს მმართველი პარტნიორი ნიკოლოზ ურუშაძე მხოლოდ მოლოდინის გავლენაზეც საუბრობს. მისი აზრით, ამან შესაძლოა რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ქვეყნიდან წასვლისკენ უბიძგოს.
„მოლოდინები რეალურია, რადგან გაუთავებელი საუბრები მიდის მობილიზაციაზე. სულ რომ არაფერი გამოაცხადოს რუსეთმა, ადამიანებზე ეს მაინც მოქმედებს. ეშინიათ, შიში კი ხშირად მათი ქმედებების ძლიერი მამოძრავებელი ფაქტორია“, – უთხრა მან „ბიზნესპრესნიუსს“.
ურუშაძის შეფასებით, საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ მიმართულებად რჩება. მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ქვეყანა შესაძლოა მიგრანტების ახალ ნაკადს შეხვდეს.
„არ გამოვრიცხავ, რომ როგორც ადრე, ახლაც რუსების საკმაოდ დიდი ტალღა მოაწყდეს ქვეყანას“, – ამბობს ის.
რა აჩვენა 2022 წელმა
2022 წლის სექტემბერში ზემო ლარსთან რუსეთის მხრიდან რიგი 20-30 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ეს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას მოჰყვა. საზღვართან დაახლოებით 5 500 ავტომობილი იდგა, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთში სამხედრო კომისარიატის მობილური პუნქტიც მოაწყვეს.
საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მონაცემებით, საზღვარს დღე-ღამეში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი კვეთდა. მობილიზაციის გამოცხადებამდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6 ათასი იყო.
საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 100 ათასი რუსეთის მოქალაქე დარჩა. მოსახლეობის ნაწილმა ხელისუფლებას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება მოსთხოვა.
როგორ შეიძლება აისახოს ახალი ნაკადი ფასებზე
ურუშაძის შეფასებით, რუსეთიდან მიგრანტების ახალი ტალღა პირველ რიგში უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე აისახება. გაზრდილი მოთხოვნა ბინის ქირისა და უძრავი ქონების ფასებს გაზრდის.
მსგავსი სურათი საქართველომ 2022-2023 წლებში უკვე გაიარა. რუსეთის მოქალაქეების მასობრივმა შემოსვლამ თბილისში და ბათუმში ბინის ქირა მკვეთრად გააძვირა.
რუსეთის მოქალაქეების გრძელვადიანი ინტერესი უძრავი ქონების ბაზარზეც ჩანს. Galt & Taggart-ის მონაცემებით, მათი წილი 2026 წლის პირველ ნახევარში 18 პროცენტი იყო. მონაცემი რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებს აერთიანებს. ერთი წლით ადრე მათი წილი 13 პროცენტი იყო.
ამავე პერიოდში ბათუმში ბინის მყიდველებს შორის საქართველოს მოქალაქეების წილი 43-დან 33 პროცენტამდე შემცირდა.
ურუშაძე კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებს. მისი შეფასებით, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ადგილობრივ საზოგადოებასა და ეკონომიკაში არ ინტეგრირდება. ისინი საკუთარ, ჩაკეტილ ინფრასტრუქტურას ქმნიან.
„საქართველო არის ქვეყანა, სადაც 300 000 რუსს შეუძლია შემოვიდეს და აქ პატარა რუსეთი მოგიწყოს, თავიანთი სკოლებით, უნივერსიტეტებით და საერთოდ არ სჭირდებათ მათ არც ქართული და არც არაფერი სხვა“, – ამბობს ის.
ამ ეტაპზე საზღვარზე არსებული ვითარება 2022 წლის მასობრივ გადინებას არ ჰგავს. აგვისტოს რიგები ძირითადად ტურისტულ სეზონს, ამინდის გამო საზღვრის დროებით დაკეტვასა და რუსეთში დაბრუნებულ მგზავრებს უკავშირდებოდა. ახალი ნაკადის რეალური მასშტაბი მოგვიანებით გამოჩნდება. გადამწყვეტი იქნება, მიიღებს თუ არა რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას.