ენოტებს წყალი განსაკუთრებულად უყვართ. ხშირად ნახავთ, როგორ ბანაობენ, ისველებენ ბეწვს ან გულმოდგინედ იბანენ თათებს. არც თბილისის ზოოპარკის ბინადარი ანეაა გამონაკლისი.
ცხელ დღეებში ანეას განსაკუთრებით უყვარს თათების წყალში ტყაპატყუპი და გრილი შხაპის მიღება. სწორედ ამიტომ, მომვლელებმა მის ვოლიერში კუსტარული შხაპი მოაწყვეს, რამაც, როგორც ხედავთ, ჩვენი გოგო ძალიან გაახარა.
მართალია, ეს ლითონის ჭურჭელი წყლის დასალევად აქვს, მაგრამ ვინ თქვა, რომ მასში აბაზანის მიღება არ შეიძლება? მიუხედავად იმისა, რომ ზომით პატარაა, ანეა მაინც მშვენივრად ეტევა, წყალში ნებივრობს და ზაფხულის სიცხეს სწორედ ასე უმკლავდება. რადგან წყალი ასე ძალიან უყვარს, მისთვის უკვე დიდი ზომის “აბაზანა” შეუკვეთეს.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.