რატომ გაააქტიურა „ქართულმა ოცნებამ“ გეორგიევსკის ტრაქტატზე საუბარი
გეორგიევსკის ტრაქტატი

ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ ლიდერები ერთნაირი გზავნილით საუბრობენ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთთან გაფორმებულმა შეთანხმებამ საქართველო და ქართველი ერი გადაარჩინა და დღევანდელი სუვერენული სახელმწიფოს საფუძველი შექმნა, მათ შორის ევროპული პერსპექტივა შეუნარჩუნა.
რამდენიმე დღეში გეორგიევსკის ტრაქტატზე თითქმის იდენტური გზავნილებით ალაპარაკდნენ „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც. მეორდება არა მხოლოდ მთავარი დასკვნა, არამედ არგუმენტებიც: საქართველო განადგურების საფრთხის წინაშე იდგა, რუსეთთან შეთანხმება უალტერნატივო არჩევანი იყო და სწორედ ამ არჩევანმა გადაარჩინა ქართველი ერი, ქრისტიანობა და სახელმწიფო.
გზავნილების ასეთი სინქრონულობა და ერთნაირი ლექსიკა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქმე აღარ გვაქვს ისტორიაზე სპონტანურად დაწყებულ დისკუსიასთან. გეორგიევსკის ტრაქტატის დადებითი შეფასება „ქართული ოცნების“ ერთიან პოლიტიკურ მესიჯად ყალიბდება.
მაგრამ რა არის ამ მესიჯის მიზანი?
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საზოგადოებას რუსეთთან შესაძლო შეთანხმებისთვის ამზადებს. მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ხელშეკრულებების პროექტებზეც საუბრობს.
პოლიტიკური კომენტატორების მეორე კი ნაწილი ტრაქტატზე გააქტიურებულ საუბარს მიმდინარე მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად მიიჩნევს.
აშკარა პრორუსული კურსისა და ხელისუფლების მიერ გაღვივებული ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, გეორგიევსკის ტრაქტატი საზოგადოების აქტიური ნაწილისთვის განსაკუთრებით მტკივნეული თემაა და მწვავე რეაქციას მარტივად იწვევს.
ამ შეფასებით, ხელისუფლებამ საზოგადოებას განზრახ შესთავაზა ისტორიული დავა, რათა ნაკლები ყურადღება დათმობოდა მის შიგნით გამოვლენილ კორუფციას. სწორედ ტრაქტატზე კამპანიის პარალელურად დაუმძიმდა ბრალი ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის საქმეც ცალკეული ჩინოვნიკის ნაცვლად სისტემური კორუფციის მასშტაბზე აჩენს კითხვებს.
რუსულ მედიაში კობახიძის გზავნილებს უკვე აფასებენ როგორც თბილისის მხრიდან მოსკოვის მიმართ დამოკიდებულების ცვლილების კიდევ ერთ ნიშანს.
რატომ გახდა 243 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა?
რა თქვა კობახიძემ
ირაკლი კობახიძემ გეორგიევსკის ტრაქტატზე რამდენიმე განცხადება გააკეთა. მისი მთავარი არგუმენტი ასეთია: ერეკლე II-ის გადაწყვეტილებამ საბოლოოდ ქართველი ერის ფიზიკური და პოლიტიკური გადარჩენა უზრუნველყო.
18 აგვისტოს კობახიძემ ტრაქტატის გაფორმებას „ცივილიზაციური არჩევანი“ უწოდა. მისი თქმით, მუსლიმური სახელმწიფოების გარემოცვაში მყოფმა ქრისტიანმა საქართველომ არჩევანი ერთმორწმუნე რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა.
„დღეს რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ ევროპულ ფასეულობებს და ტრადიციულ ევროპულ კულტურას, ეს არის სწორედ ერეკლე მეორის მიერ მიღებული ამ პრაგმატული გადაწყვეტილების დამსახურება“, – განაცხადა მან.
კობახიძის კიდევ ერთი მტკიცებით, ერეკლე II-ის გადაწყვეტილება არა მხოლოდ გამართლებული, არამედ იმ დროისთვის „ერთადერთი სწორი და უალტერნატივო“ არჩევანი იყო. მისი ვერსიით, რუსეთმა შეთანხმება ერეკლეს სიცოცხლეში შეასრულა:
„ვიდრე ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, მან შეთანხმების დაცვა ბოლომდე უზრუნველყო, ხოლო გეორგიევსკის ტრაქტატიდან საქართველოს ანექსიამდე თითქმის 20 წელიწადი გავიდა. ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა რეალურად გადარჩა“.
რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება კობახიძემ ამ მსჯელობაში ერეკლეს სიკვდილის შემდეგ განვითარებულ მოვლენად წარმოადგინა:
„როდესაც ერეკლე მეორე გარდაიცვალა, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები“.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამ ისტორიულ პარალელს თანამედროვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც უკავშირებენ. კობახიძემ გეორგიევსკის ტრაქტატი 2008 წლის ომს შეადარა და თქვა:
„მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პირობებში ყველა ხელმოწერილი და ხელმოუწერელი შეთანხმება თავზე დაგვახიეს“.
მსგავსი შეფასებები გააკეთეს „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმაც. დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გეორგიევსკის ტრაქტატს „ჭკვიანური და ბრძნული“ გადაწყვეტილება უწოდა.
„საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრი ნეგატიური საბოლოო შედეგის მიუხედავად, საქართველომ და ქართველმა ხალხმა ფიზიკური გადარჩენა შეძლო. აქ ერეკლე მეფის გენიალურობა სახეზეა“, – განაცხადა მან.
ისტორიული ექსკურსი
გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წელს რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის გაფორმდა. ის არ ყოფილა შეთანხმება ერთიან საქართველოსა და რუსეთს შორის – იმ დროს დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები შეთანხმების მხარეები არ იყვნენ.
ტრაქტატით ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა. სანაცვლოდ, რუსეთს მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ბაგრატიონთა დინასტიის დაცვის ვალდებულებები ეკისრებოდა.
კობახიძის მტკიცება, რომ ერეკლე II-ის სიცოცხლეში შეთანხმება სრულდებოდა, ისტორიკოსთა ნაწილის მკვეთრ კრიტიკას იწვევს. ისტორიკოსი ბექა კობახიძე წერს, რომ 1783 წლიდან ერეკლეს გარდაცვალებამდე პერიოდი, პირიქით, მისი მეფობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მონაკვეთი იყო.
1785 წელს ომარ ხანის ჯარი ქართლ-კახეთს შეესია. კობახიძის თანახმად, ერეკლე რუსეთს წინასწარ აფრთხილებდა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და ტრაქტატით გათვალისწინებულ დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერ მიიღო.
კიდევ უფრო მძიმე შედეგი მოჰყვა 1795 წელს აღა მაჰმად ხანის ლაშქრობას. კრწანისის ბრძოლის შემდეგ თბილისი აიღეს და დაარბიეს. დაიღუპა და ტყვედ ჩავარდა ათასობით ადამიანი.
ბექა კობახიძე სწორედ ამ მოვლენებზე დაყრდნობით წერს:
„ირაკლი კობახიძემ ისტორია გააყალბა. 1783-1798 წლები, ესე იგი გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერიდან ერეკლეს გარდაცვალებამდე, არის ყველაზე მძიმე და დამანგრეველი პერიოდი ერეკლეს მეფობაში“.
1801 წელს რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა. ბაგრატიონთა სამეფო ოჯახს ძალაუფლება ჩამოართვეს, მისი წარმომადგენლების ნაწილი კი რუსეთში გადაასახლეს. შემდეგ რუსეთის იმპერიამ თანდათან დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებიც დაიპყრო და შეიერთა.
იყო თუ არა საქართველო „გადაშენების ზღვარზე“
„ქართული ოცნების“ ახალი ისტორიული ნარატივის კიდევ ერთი საკვანძო ნაწილი დემოგრაფიული გადარჩენაა. კობახიძე ამბობს, რომ XVIII საუკუნის ბოლოს ქართველი ერი „განადგურების რეალური საფრთხის წინაშე“ იდგა. მათიკაშვილიც „ფიზიკურ გადარჩენაზე“ საუბრობს.
ეს მოსაზრება ახალი არ არის. რუსეთის იმპერიისა და შემდეგ საბჭოთა პერიოდის ისტორიულ ნარატივში საქართველოს ანექსია ხშირად აიხსნებოდა როგორც მძიმე, მაგრამ ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელი შედეგი.
ისტორიის მკვლევარი გიორგი უგულავა 2025 წელს „რადიო თავისუფლებისთვის“ დაწერილ სტატიაში აღნიშნავს, რომ სწორედ ამგვარი წარმოდგენა იყო რუსული იმპერიული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი. არგუმენტი ასეთი იყო: დამოუკიდებლად არსებობა საქართველოს არ შეეძლო და რუსეთის მფარველობა შესაძლო ვარიანტებიდან საუკეთესო იყო.
რატომ გახდა ერეკლე II „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური სიმბოლო
ერეკლე II-ის გარშემო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კამპანია 2026 წლის აგვისტოში არ დაწყებულა.
2023 წელს, მას შემდეგ, რაც ლიტერატორმა ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე II გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა, მმართველი პარტიის ლიდერებმა ის მკვეთრად გააკრიტიკეს. იმავე წელს ბერძენიშვილის ლექცია ყვარელში პრორუსულმა „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ჩაშალა. მოგვიანებით მას ქუჩაშიც დაესხნენ თავს.
მაშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ძალადობა მიუღებელი იყო, თუმცა ბერძენიშვილს პარალელურად ქართული იდენტობის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებდა.
2024 წლის აგვისტოში კობახიძემ თბილისში ერეკლე II-ის ახალი ძეგლის დადგმა დააანონსა. ძეგლი 2025 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა. იმ დღეს კობახიძემ ერეკლე II „პატრიოტიზმის“, „სამშობლოს სიყვარულისა“ და „პრაგმატიზმის“ სიმბოლოდ გამოაცხადა.
მან კიდევ ერთი პოლიტიკური კონსტრუქცია შექმნა – ამტკიცებდა, რომ უცხოელი დიპლომატები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ერეკლე II-ს აკრიტიკებდნენ. კობახიძეს არც დიპლომატების ვინაობა დაუსახელებია და არც ქვეყანა, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ.
მისი ვერსიით, ერეკლე II-ის კრიტიკა დასავლელი დიპლომატებისა და ქართული ოპოზიციის კოორდინირებული მოქმედების ნაწილი იყო.
ამგვარად, ერეკლე II თანდათან ისტორიული ფიგურიდან მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების სიმბოლოდ გადაიქცა: „პრაგმატული“ მეფე, რომელიც რუსეთთან შეთანხმებაზე წავიდა, ერთ მხარეს, და მისი კრიტიკოსები, რომლებსაც ხელისუფლება დასავლეთის ინტერესების გამტარებად წარმოაჩენს, მეორე მხარეს.
„ახალი გეორგიევსკი“ – რას ითხოვენ პრორუსული ძალები
იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნება“ ძველი გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობს, საქართველოში მოქმედი ღიად პრორუსული ძალები უკვე პირდაპირ ითხოვენ „ახალი გეორგიევსკის“ გაფორმებას.
ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე მამუკა ფიფია, პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი.
2025 წლის ივლისში ფიფია რუსეთთან „გეორგიევსკის ტრაქტატი 2-ის“ და სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბრობდა. მის შეთავაზებებს შორის იყო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საქართველოს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებაც. ეს მუხლი სახელმწიფო ორგანოებს ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ზომების მიღებას ავალდებულებს.
ფიფია აცხადებდა:
„დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთს და საქართველოს ერთმანეთის მხარდაჭერა ჭირდება და აუცილებელია გაფორმდეს სამოკავშირეო ხელშეკრულება თანასწორი პირობებით“.
2026 წლის აგვისტოში კობახიძის განცხადებებს ფიფია უკვე საკუთარი პოლიტიკური ხაზის წარმატებად შეხვდა.
„მიხარია, რომ დღეს ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ რეალობას აცნობიერებს, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ხმამაღლა ვსაუბრობდით“, – დაწერა მან.
ფიფიას თქმით, „ახალ გეორგიევსკში“ ის გულისხმობს „სრულიად ახალ, ყოვლისმომცველ და რაც მთავარია – თანასწორუფლებიან ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასთან“.
მან ასევე განაცხადა:
„ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება „გეორგიევსკთან“ დაკავშირებით“.
„ქართული ოცნება“ პრორუსულ ჯგუფებთან კოორდინაციას უარყოფს. თუმცა ფიფიას პოლიტიკური ქსელი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ღია ურთიერთობებს ინარჩუნებს. სხვადასხვა დროს ის გამოჩენილა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან და სხვა რუს მაღალჩინოსნებთან.
2025 წლის მაისში წითელ მოედანზე მასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც, რომელსაც აშშ-მ სანქციები დაუწესა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ფარცხალაძეს აღწერდა როგორც ქართველ-რუს ოლიგარქს და აცხადებდა, რომ რუსეთის FSB მას ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.
რამდენად ემთხვევა ერთმანეთს ორი რიტორიკა
მამუკა ფიფიასა და „ქართული ოცნების“ საბოლოო პოლიტიკური მოთხოვნები ჯერჯერობით ერთი და იგივე არ არის. „ქართული ოცნება“ ოფიციალურად არ ითხოვს რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას, „ახალ გეორგიევსკს“ ან კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაუქმებას. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია.
თუმცა აშკარაა რიტორიკული თანხვედრები. ორივე შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობის მთავარი არგუმენტებია „პრაგმატიზმი“, მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები. ორივე სივრცეში დასავლეთი სულ უფრო ხშირად არის წარმოდგენილი არა საქართველოს უსაფრთხოების პარტნიორად, არამედ საფრთხის ან ზეწოლის წყაროდ.
ემთხვევა „დიპ სტეიტის“ შესახებ რიტორიკაც. ფიფია წლებია საუბრობს დასავლურ ძალებზე, რომლებიც თითქოს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობენ. ანალოგიური შეთქმულების თეორია ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოლიტიკური გზავნილების ნაწილიც გახდა.
ახლა ამ საერთო ლექსიკონს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი დაემატა – გეორგიევსკის ტრაქტატის, როგორც საქართველოს გადამრჩენი შეთანხმების ინტერპრეტაცია.
რას ამბობს ოპოზიცია შესაძლო ახალ შეთანხმებაზე
ამ ფონზე ოპოზიციაში გაჩნდა ეჭვი, რომ ისტორიული დისკუსია უფრო კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ემსახურება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს „ღალატის ტრაქტატის ხელმოწერისთვის იდეოლოგიური მომზადება“. მისი მტკიცებით, რუსეთის მხარემ ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე ხელშეკრულების პროექტი გადასცა.
სააკაშვილი საუბრობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და ცალკეულ შეთანხმებებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან. სააკაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ უახლოეს კვირებში ირაკლი კობახიძეს მოსკოვში ელიან.
▇ ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება ამ ეტაპზე არ არსებობს. არც საქართველოს და არც რუსეთის ხელისუფლებას მსგავსი შეთანხმებების მომზადების შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია.
ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე ხელისუფლების რიტორიკას ასევე შესაძლო საგარეო პოლიტიკური ცვლილების მომზადებად აფასებს. მისი თქმით, გეორგიევსკის შეთანხმების გამოყენებით ხელისუფლება „ამართლებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას“.
რას წერს რუსული საინფორმაციო სივრცე
კობახიძის განცხადებები შეუმჩნეველი არც რუსეთში დარჩენილა.
21 აგვისტოს რუსულმა გამოცემა „Взгляд“-მა გამოაქვეყნა ტექსტი, რომელიც Rambler-მაც გაავრცელა, სათაურით: „Грузия сделала важный шаг к нормальности“ – „საქართველომ ნორმალურობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“.
ტექსტში ერთმანეთთან არის დაკავშირებული რამდენიმე საკითხი: საქართველოს ხელისუფლების ბრძოლა ე.წ. „რუსოფობიასთან“, დასავლეთის მიმართ ბრალდებები და გეორგიევსკის ტრაქტატის ახალი შეფასება.
გამოცემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „გეორგიევსკის ტრაქტატის – რუსეთთან კავშირის, რომელმაც საქართველო გადაარჩინა – მიმართ პატივისცემის დაბრუნებას“.
ანუ ის, რასაც თბილისში ხელისუფლება ისტორიის ინტერპრეტაციად და ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შეფასებად წარმოადგენს, რუსულ მედიაში უკვე იკითხება როგორც თანამედროვე რუსეთის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულების ცვლილების ნიშანი.
ერთი დღით ადრე რუსულ Telegram-სივრცეში კიდევ უფრო შორს მიმავალი ცნობები გავრცელდა. ერთ-ერთი არხი, INSIDER-T, დაუდასტურებელ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თბილისმა მოსკოვს კულუარული გარიგება შესთავაზა – საქართველოს „სრული გეოპოლიტიკური ლოიალობა“ რუსეთისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიაზე საჯარო უარის სანაცვლოდ.
ამ ცნობას სანდო მტკიცებულებები არ ახლავს.
თუმცა სხვა რამ არის მნიშვნელოვანი: რა პოლიტიკური მოლოდინი იქმნება რუსეთის საინფორმაციო სივრცეში საქართველოს ხელისუფლების განცხადებების ფონზე.
ისტორიული დავა თუ პოლიტიკური მომავლისთვის მომზადება
ამ ეტაპზე არ არსებობს საჯაროდ დადასტურებული მტკიცებულება, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან „ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის“ ან სხვა სამოკავშირეო შეთანხმების გაფორმებას მართლაც ამზადებს.
მაგრამ მიმდინარე პროცესს მხოლოდ ისტორიკოსთა დავაც ძნელად შეიძლება ეწოდოს.
ერთ მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც ბოლო წლებში მკვეთრად გააუარესა ურთიერთობები საქართველოს მთავარ დასავლელ პარტნიორებთან და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გააჩერა.
მეორე მხარეს არიან პრორუსული ჯგუფები, რომლებიც რუსეთთან პოლიტიკური და უსაფრთხოების კავშირის გაფორმებას ღიად ითხოვენ და კობახიძის ახალ რიტორიკას საკუთარი პოზიციის გამარჯვებად აღიქვამენ.
ამას ემატება რუსეთის საინფორმაციო სივრცე, სადაც საქართველოს ხელისუფლების გზავნილები სულ უფრო ხშირად იკითხება როგორც თბილისის რუსეთისკენ შემობრუნების ნიშანი.
ამ კონტექსტში გეორგიევსკის ტრაქტატის მნიშვნელობა XVIII საუკუნით აღარ შემოიფარგლება. საკვანძო კითხვა ახლა ისაა, რატომ სჭირდება ხელისუფლებას საზოგადოების დარწმუნება, რომ რუსეთთან გაფორმებულმა ისტორიულმა შეთანხმებამ, რომელიც საბოლოოდ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიით დასრულდა, საქართველო გადაარჩინა.
და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – რა თანამედროვე პოლიტიკური არჩევანის გასამართლებლად შეიძლება გახდეს საჭირო ეს ისტორიული ვერსია.