ზაფხულის მაღალი ტემპერატურის დადგომასთან ერთად, ზოოპარკი მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. მომვლელების მთავარი ამოცანაა, ბინადრებს სიცხის გადატანა მაქსიმალურად გაუადვილონ და გადახურებისგან დაიცვან.
ამისთვის კომპლექსური ზომები ტარდება — ვოლიერების გაგრილებიდან დაწყებული, სპეციალური კვების რაციონით დამთავრებული. პირველი და უმთავრესი წესი, ყველა ცხოველისთვის სუფთა, გრილი სასმელი წყლის უწყვეტი მარაგის უზრუნველყოფაა.
წყლის ჭურჭელი დღეში რამდენჯერმე მოწმდება და ახლდება. ხოლო ვოლიერებში, საჭიროების მიხედვით, დამატებით იქმნება გაგრილების შესაძლებლობები. ერთ-ერთი ასეთი საშუალება თავად ვოლიერის მორწყვაა.
ტერიტორიის ტენიანობის შესანარჩუნებლად და ტემპერატურის დასაწევად, ზოოპარკის თანამშრომლები რეგულარულად რწყავენ ვოლიერების იატაკსა და მიმდებარე ტერიტორიას. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ დიდი ზომის ცხოველები.
მაგალითად, სპილოსთვის წყლის პროცედურები ნამდვილი ზეიმია. მომვლელები მათ შლანგით წყალს მთლიან სხეულზე ასხამენ, რაც სპილოებს სწრაფ გაგრილებაში ეხმარებათ. სპილოებისთვის და მარტორქისათვის სპეციალურად იქმნება ტალახის გუბეები.
როდესაც ტალახი კანზე შრება, ის დამცავ ფენას ქმნის, რომელიც ცხოველს მზის ძლიერი სხივებისგან, მათ შორის მზის დამწვრობისგან, და მწერებისგან იცავს. ამასთან, ტალახის ფენა სხეულს სიგრილის შენარჩუნებაში ეხმარება.
ზაფხულის სიცხე ყოველდღიური მოვლის რეჟიმშიც აისახება — საკვების მიწოდების ფორმა იცვლება ისე, რომ ცხოველმა ერთდროულად მიიღოს როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი სტიმული. მენიუში ჩნდება სეზონური ხილი. წყლიანი ხილი სიცხეში მათთვის დამატებითი გაგრილების საშუალებაა. პრიმატებისთვის და ბალახისმჭამელი ცხოველებისთვის ხილსა და ბოსტნეულს ყინავენ.
გაყინული საკვები მათთვის ერთგვარი საზაფხულო „ნაყინია“, თუმცა მისი დანიშნულება მხოლოდ გაგრილება არ არის. გაყინული საკვების მოპოვებისთვის ცხოველს გარკვეული ძალისხმევა სჭირდება. ეს კი ცხოველისთვის ერთდროულად ფიზიკური და გონებრივი აქტივობაა, რაც ბუნებრივი ქცევების გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს.
მტაცებლებისთვის იგივე პრინციპი ხორცის გაყინვით გამოიყენება. ლომებისა და ვეფხვებისთვის “ნაყინს” ხორცის ნაჭრებისგან ამზადებენ. ცივი საკვები მათ ორგანიზმის გაგრილებაში ეხმარება, მაგრამ ამასთან, ეს ძლიერი სენსორული ენრიჩმენტია.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ შიდა ვოლიერებში, სადაც ტემპერატურა უფრო დაბალია და საკმაოდ გრილა, კარები ყოველთვის ღიაა და ცხოველს ნებისმიერ დროს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, სად ურჩევნია ყოფნა.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.