კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა
გაზიარება
გაზიარება
ბენზინის კრიზისი აფხაზეთში
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტის ფონზე ბენზინი თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. ამის შესახებ კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტია. ეს რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია, რაც ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინის დარტყმებს უკავშირდება.
“მოძრაობა აფხაზეთისთვის” დამფუძნებელის, ნუკრი ნოდიას ინფორმაციით, საწვავი თბილისიდან ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურის ხიდის გავლით მიეწოდა.
„ჩვენ არ შეგვიტანია, კერძო ბიზნესმა შეიტანა“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯები მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონის შესაბამისად ხორციელდება.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, შესაძლებლობის შემთხვევაში, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას მდგომარეობის შემსუბუქებაში დაეხმაროს.
„თუ ჩვენ შეგვიძლია მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე ახსენა მთავრობის პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც, მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს, მათ შორის აფხაზური მოსახლეობის.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და ხელისუფლებას დამატებითი განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდა.
გვარამიას თქმით, კობახიძემ დაადასტურა, რომ აფხაზეთში საწვავი თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. მისივე განმარტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი ზოგადად კრძალავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უშუალო, არაავტორიზებულ ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა გარკვეულ გამონაკლისებს, მათ შორის ჰუმანიტარული მიზნებით განხორციელებულ საქმიანობას, ითვალისწინებს.
გვარამიას ამბობს, რომ საქმე შეიძლება ეხებოდეს რუსული “საომარი მანქანის” საწვავით მომარაგებას.
ნიკა გვარამია: “საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ წინასწარ ნებადართულ ქმედებასთან, რისი საფუძველიც და თანხმობის მიცემის დრო და დასაბუთება საზოგადოებისთვის უცნობია.
იმ ვითარების გათვალისწინებით,
რომ რუსული საომარი მანქანა მწვავედ განიცდის საწვავის დეფიციტს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები,
რომ ივანიშვილის რეჟიმი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხაზგასმულად და მიზანმიმართულად მიუთითებს რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობზე,
რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული ინტერესების გათვალისწინებით, ასევე, რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გათვალისწინებით, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა ვერ ჩაითველბა კანონით დაშვებული ჰუმანიტარული ან სოციალ-ეკონომიკური მიზნებით გამართლებულად,
ცხადი ხდება, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დღეს აღიარა, რომ მათი ნებართვით (და საერთოდაც, მათ მიერვე) გხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც:
არღვევს საქართველოს კონსტიტუციას,
არღვევს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს,
მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას მისთვის სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტის მიწოდების გზით.”