ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის აღდგენა: ინტეგრაცია თუ უსაფრთხოების მუქარა?
აფხაზეთის მოქალაქეობა ეთნიკური ქართველებისთვის
აფხაზეთის პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც შესაძლოა გალის რაიონში მცხოვრებ ათიათასობით ადამიანს აფხაზეთის მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობა მისცეს. ინიციატივა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება, ოპოზიციის მწვავე წინააღმდეგობას აწყდება. მათი შეფასებით, ცვლილებები სოხუმის ეროვნულ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.
სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი ცვლილებებს „სამოქალაქო სტატუსის შესახებ“ კანონში. პროექტი აფართოებს აფხაზური ეროვნებისა და გვარის აღდგენის უფლებას იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში, ეთნიკური აფხაზები არიან ან იმ ადამიანების პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც, კანონპროექტის განმარტებით, მე-19 და მე-20 საუკუნეებში გატარებული „ანტიაფხაზური ეროვნული პოლიტიკის“ შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნება.
პრაქტიკაში ეს ცვლილებები, პირველ რიგში, გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შეეხება. საუბარია დაახლოებით 30 000 ადამიანზე, რომლებსაც 2011 წელს აფხაზეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ ორმაგი, საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქეობის ფლობის გამო.
მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ მათ აფხაზური პასპორტების ნაცვლად ბინადრობის ნებართვები მიიღეს, რაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით ცხოვრების უფლებას უზრუნველყოფს, თუმცა მოქალაქის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების გარეშე.
გალის მოსახლეობის ინტეგრაციის საკითხი აფხაზურ პოლიტიკურ სივრცეში წლების განმავლობაში პერიოდულად განიხილება. ერთ-ერთ შესაძლო მექანიზმად სახელდება დოკუმენტებში „ეროვნების“ გრაფაში ქართული ეროვნების აფხაზურით შეცვლის შესაძლებლობა. ამ იდეის მომხრეები მიუთითებენ, რომ გალის ნაწილ მოსახლეობას აფხაზური წარმოშობის გვარები აქვს და მათი წინაპრების ასიმილაცია, მათი შეფასებით, გასული საუკუნის დასაწყისში მოხდა.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი ცვლილების განხორციელება მოქალაქეობის აღდგენის სამართლებრივ საფუძველს შექმნის, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ პირი საქართველოს მოქალაქეობასაც შეინარჩუნებს.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ დებატები განსაკუთრებით მწვავე იქნება, რადგან ოპოზიციურმა ძალებმა უკვე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ხუთი ოპოზიციური ორგანიზაციის განცხადებით, არსებული საგარეო-პოლიტიკური ვითარების პირობებში კანონპროექტის მიღება „დამატებით და უკიდურესად საშიშ რისკებს“ ქმნის, რომელთა გამოყენებაც, მათი შეფასებით, გარე ძალებს შეუძლიათ სტაბილურობისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თუ გალის მცხოვრებლები აფხაზეთის მოქალაქეობას აღიდგენენ და ამავე დროს საქართველოს მოქალაქეობასაც შეინარჩუნებენ, ისინი შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, იყარონ კენჭი პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებზე, მონაწილეობდნენ რეფერენდუმების ინიციირებასა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში.
მათი შეფასებით, მსგავსი ცვლილებები გავლენას მოახდენს ძალთა ბალანსზე და საფრთხეს შეუქმნის იმ ეროვნულ ინტერესებსა და უფლებებს, რომლებიც, ოპოზიციის განცხადებით, „უზარმაზარი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული“.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას