ნაურუს მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან გაიწვია
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება
ნაურუს მთავრობა აცხადებს, რომ ოფიციალურად გააუქმა ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
“ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან გაიხმო “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა“ და “აფხაზეთის რესპუბლიკის“, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, აღიარება.
შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან.
შესაბამის ქვეყნებს ოფიციალურად ეცნობებათ სათანადო დიპლომატიური არხების მეშვეობით” – წერია ნაურუს მთავრობის განცხადებაში.
29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის გამოხატულება უწოდა და განაცხადა, რომ თბილისი მზად არის ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს.
“აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განცხადებით, საქართველო მზად არის ნაურუსთან ორმხრივი თანამშრომლობა გააძლიეროს საერთო ინტერესების საფუძველზე.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნაურუზე “უპრეცედენტო ზეწოლა” განხორციელდა, მათთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაწყვეტად.
“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებით ახდენს აფხაზეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე ნაურუს რესპუბლიკის იძულებითი ხასიათის გადაწყვეტილების კონსტატაციას, რომელიც უპრეცედენტო და სისტემატური საგარეო ზეწოლის ფონზე იქნა მიღებული…
აფხაზეთის რესპუბლიკისა და ნაურუს რესპუბლიკის თანამშრომლობის განვითარება მუდმივად აწყდებოდა საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან წინააღმდეგობას. მას შემდეგ რაც ინიციატივებმა პრაქტიკულ სივრცეში დაიწყეს გადასვლა ნაურუს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიული საგარეო ზეწოლის კამპანია გაჩაღდა. ამოქმედებულ იქნა დახრჩობისა და იძულების დაუშვებელი მეთოდების მთელი არსენალი – უპრეცედენტო პოლიტიკური შანტაჟითა და უხეში დიპლომატიური ზეწოლით დაწყებული, ღია ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიებითა და სადამსჯელო სასანქციო ზომებით დამთავრებული, რომლებიც მიმართული იყო ნაურუს რესპუბლიკის სუვერენული გადაწყვეტილების გადახედვისკენ.” – ნათქვამია განცხადებაში.
ნაურუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2009 წელს აღიარა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. ნაურუ ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებმაც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ეს გადაწყვეტილება გაიზიარეს.
ნაურუ არის პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, მიკრონეზიის რეგიონში. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა როგორც ფართობით, ისე მოსახლეობით. მისი ფართობი დაახლოებით 21 კვადრატული კილომეტრია, ანუ ქვეყანა თბილისის რამდენიმე უბანზე პატარაა, მოსახლეობა კი დაახლოებით 12–13 ათასი ადამიანია.