საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გაზიარება
გაზიარება
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი
აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ თბილისში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად (საქმეთა დროებით რწმუნებულად) ემი ვ. დიაზი დაინიშნა. ინფორმაცია საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საელჩოს ცნობით, დიაზი აშშ-ის საგარეო სამსახურის მაღალი რანგის კარიერული დიპლომატია და აღნიშნულ თანამდებობას 2026 წლის ივლისიდან იკავებს.
მის კარიერაში სხვადასხვა დიპლომატიური და მმართველობითი პოზიცია შედის. დანიშვნამდე იგი მალავის დედაქალაქ ლილონგვეში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მანამდე მუშაობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში, სადაც პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
დიაზი ასევე ხელმძღვანელობდა საკონსულო განყოფილებას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში, ზიმბაბვეში, ხოლო ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, აშშ-ის საელჩოში, ხელმძღვანელობდა ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფს.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს კანონის უზენაესობის მრჩევლისა და “ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს პანამაში აშშ-ის საელჩოში, შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას თბილისში აშშ-ის საელჩოში, ასევე ვიცე-კონსულის მოვალეობებს ჰარარესა და მექსიკის ქალაქ მონტერეის აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლიემი ვ. დიაზი (Amy W. Diaz)
დიაზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 2002 წელს, Presidential Management Fellows-ის პროგრამის ფარგლებში შეუერთდა, ხოლო 2005 წლიდან აშშ-ის საგარეო სამსახურის კარიერული დიპლომატია.
მას ბაკალავრის ხარისხი მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში მდებარე სენტ-ჯონის კოლეჯში აქვს მიღებული, სამართლის დოქტორის ხარისხი კი არიზონას უნივერსიტეტში. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, იგი მრავალჯერ არის დაჯილდოებული განსაკუთრებული დამსახურებისა და უმაღლესი ღირსების საპატიო ჯილდოებით.
აშშ-ის ელჩის პოსტი საქართველოში ვაკანტურია 2025 წლის ივლისიდან, მას შემდეგ, რაც თანამდებობა რობინ დანიგანმა დატოვა. მას შემდეგ საელჩოს საქმიანობას საქმეთა დროებითი რწმუნებულები ხელმძღვანელობენ. თავდაპირველად ამ მოვალეობას ალან პარსელი ასრულებდა, ხოლო 2026 წლის ივლისიდან ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ემი ვ. დიაზი დაინიშნა. ამ დრომდე ვაშინგტონს საქართველოში ახალი სრულუფლებიანი ელჩი არ დაუნიშნავს.