მოსაზრება: ენერგეტიკული ობიექტების გამოსყიდვა ნებისმიერ ფასად უნდა გვიღირდეს
გაზიარება
გაზიარება
ენერგეტიკული ობიექტები საქართველოში
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევითი ცენტრის დირექტორი ერეკლე პირველი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-21 პაკეტი, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია Интер РАО-ს შეეხო, პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ენერგოსისტემაზე. ექსპერტი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარება ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტების დაბრუნების შესაძლებლობაა.
ევროკავშირმა რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ ენერგოკომპანია Интер РАО-ს სანქციები დაუწესა. კომპანია შვილობილი სტრუქტურების მეშვეობით საქართველოში “თელასის“, “თელმიკოს“ და ჰიდროელექტროსადგურების — “ხრამჰესი I”-ისა და “ხრამჰესი II”-ის არაპირდაპირი მფლობელია.
ერეკლე პირველი: “ჩვენ, როგორც ქვეყანა, სტრატეგიულად უნდა ჩამოვყალიბდეთ და ვეცადოთ, თვითმყოფადები გავხდეთ. ეს არ არის ისეთი უმნიშვნელო საკითხი – ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ სექტორზე, რადგან მომიჯნავე ქვეყანაზე დამოკიდებულება უნდა შევამციროთ.
ის თანხები თუნდაც, რაც მათ კაპიტალში წერია რეალობაში, შეიძლება სხვა საბაზრო ღირებულების აღმოჩნდეს, მაგრამ საბოლოოდ, ეს არ არის იმდენად დიდი და დრამატული ღირებულება საქართველოსთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები სხვას მივანდოთ და კეთილ ნებაზე ვიყოთ დამოკიდებული. ეს არის ის, რაც ალბათ, სტრატეგიულ გადახედვას და გადაწყვეტილებებს იმსახურებს, თუმცა, წლებია გასული და ქმედით ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ.
მე თუ მკითხავთ, ეს ნებისმიერ ფასად შეიძლება გვიღირდეს, იმდენად სტრატეგიულ ობიექტზე ვსაუბრობთ. დაახლოებითი კაპიტალი დავთვალეთ – თუ წილის 25-პროცენტიან დაწევაზეა საუბარი, ამის რეალური ღირებულება კაპიტალით თუ ვიმსჯელებთ, დაახლოებით 125 მილიონი ლარია. რეალობაში, შეიძლება სხვა ციფრები იყოს, მაგრამ უნდა გვიღირდეს ყველანაირად, ნაბიჯ-ნაბიჯ შეამცირო სხვისი წილი და გაზარდო საკუთარი წილი.
რუსული სახელმწიფო კომპანია საქართველოში ფაქტობრივად, მონოპოლიურ მდგომარეობაშია, რადგან ის აკონტროლებს ენერგიის წარმოებასაც, განაწილებასაც და გაყიდვასაც. აქ საუბარია არა მხოლოდ ბიზნესზე, არამედ პოლიტიკურ და სტრატეგიულ ინტერესებზე. როდესაც მეზობელი, არაპროგნოზირებადი ქვეყანა შენს სტრატეგიულ აქტივებს ფლობს, ეს გრძელვადიან მაკროეკონომიკურ რისკებს შეიცავს.
ამ კომპანიების წლიური მოგება მათ კაპიტალთან მიმართებით მცირეა (დაახლოებით 3%), რაც იმის ნიშანია, რომ რუსეთისთვის ეს ობიექტები უფრო პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტია, ვიდრე ეკონომიკური სარგებლის წყარო.”