MMA-ს მებრძოლმა "ტრადიციული ღირებულებების დაცვის“ მოძრაობა დააფუძნა: იურისტები შესაძლო სამართლებრივ რისკებზე საუბრობენ
MMA-ს მებრძოლმა მოძრაობა დააარსა
MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა. მისი თქმით, მოძრაობის მიზანი “ტრადიციული ღირებულებების, კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვა“ იქნება.
ქართველიშვილმა მოძრაობის დაფუძნების შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაციას “მყისიერი რეაგირება ექნება“ წინაპრების, რელიგიის, ისტორიისა და სხვა საკითხების მიმართ, რასაც ჯგუფი შეურაცხყოფად მიიჩნევს.
“საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავალთ“, – განაცხადა ქართველიშვილმა მოძრაობის პრეზენტაციისას.
ვინ იქნებიან მოძრაობის წევრები, რა ფორმით იფუნქციონირებს და სხვა მსგავსი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე ქართველიშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს მოგვიანებით შევიტყობთ.
ქართველიშვილის რიტორიკა უკვე მოიწონა “ქართული ოცნების” დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ და აღნიშნა, რომ ეს არის “მნიშვნელოვანი და კარგი“, თუმცა “უნდა მოხდეს კანონის დაცვით და სრულ ჩარჩოებში“.
იურისტები კი ამბობენ, რომ სახეზე გვაქვს უკანონო ფორმირება, რომლის შექმნა, ხელმძღვანელობა ან წევრობაც დანაშაულია.
გიორგი ქართველიშვილი აქტივისტების ნაწილის მხრიდან წარსულში “ტიტუშკების”, ანუ ორგანიზებული აგრესიული ჯგუფების მობილიზებაში იყო დადანაშაულებული. რამდენიმე დღის წინ სამთავრობო მედიებმა ის იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელ ნიკო ხურცილავას მეგობრად მოიხსენიეს.
რა თქვა ქართველიშვილმა
მისი თქმით, ბოლო წლებში ქართული იდენტობა, ტრადიციები, რელიგია და კულტურული მემკვიდრეობა მიზანმიმართული თავდასხმების სამიზნე გახდა:
“ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და რელიგია, ასევე ის მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებენ, პერიოდულად კოორდინირებულად თავდასხმის სამიზნე ხდებოდა“, – განაცხადა ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი პროცესების უკან დგანან “ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები“, რომლებიც ქართული ღირებულებების გაუფასურებას ცდილობენ.
ქართველიშვილმა განაცხადა, რომ ახალი მოძრაობა დაიწყებს ბრძოლას იმ ადამიანებისა და ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც, მისი თქმით, “გარე ინტერესების გავლენის ქვეშ იმყოფებიან“ და მოუწოდა მხარდამჭერებს, შეუერთდნენ ინიციატივას.
იურისტების კომენტარი
ადვოკატი ბორის (ჩელე) ყურუა “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ ძნელად წარმოუდგენია, მსგავს ინიციატივას ძალოვნებთან შეთანხმების გარეშე იჩენდეს ქართველიშვილი.

ბორის (ჩელე) ყურუა: “4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მონაწილეობის მუხლით სხედან ციხეში. დანაშაულისთვის, რომლის ჩადენაც აგერ პირდაპირ ეთერში დაგვიანონსეს.
აქამდე ვინმეს თუ იოტისოდენა ეჭვი მაინც ჰქონდა, იქნებ, დანაშაულის ჩადენას სულაც არ აპირებენ ჯგუფურადო, ბრიფინგზე წარმოთქმული ფრაზა: მზად ვართ ციხეში წავიდეთ, ყველაფერს უფრო გასაგებს ხდის.
ამ რაზმის წევრები, ხის ჯოხებითაც რომ შეიარაღდნენ, 223 მუხლის მოცემულობას მივიღებთ, ანუ სახეზე გვაქვს უკანონო ფორმირება, რომლის შექმნა, ხელმძღვანელობა ან წევრობაც დანაშაულია.
სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლი გულისხმობს უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, ასეთ ფორმირებაში გაწევრებას, მონაწილეობას ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელებას. ისჯება პატიმრობით 3-დან 7 წლამდე. თუ მსგავსმა ქმედებამ გამოიწვია მძიმე შედეგი, საპატიმრო სასჯელი განისაზღვრება 4-დან 8 წლამდე.
უცებ რომ წარმოვიდგინოთ, თითქოს ეს ფორმირება ძალოვნებთან შეთანხმების გარეშე კეთდება, ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, დანაშაულის მომზადების ეტაპზევე უნდა მისცენ პასუხისგებაში მონაწილე პირები. ძნელად წარმომიდგენია, რომ მსგავს ინიციატივას ძალოვნებთან შეთანხმების გარეშე იჩენდეს ქართველიშვილი.”

“ნეტგაზეთთან” კომენტარს აკეთებს ადვოკატი ომარ ფურცელაძეც, რომელიც გარდა დანაშაულებრივი შემადგენლობისა, ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გიორგი ქართველიშვილის დღევანდელი ბრიფინგი პოლიტიკური განაცხადიცაა.
“იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც. იმედს ვიტოვებ, მინიმალური კეთილგონიერება მაინც აღმოაჩნდება ვინმეს იმისთვის, რომ ისედაც მძიმე პოლარიზებულ გარემოში მდგომარეობის სრული რადიკალიზაცია არ დაუშვას“, – ამბობს ადვოკატი.