პროევროპული აქციების მონაწილეს, იუმორისტს, “სტენდაფერ” ონისე ოქრიაშვილს, რომელიც ბოლო დღეებში პროსამთავრობო მედიების დეზინფორმაციის სამიზნე იყო, სახლთან სამი პირი დახვდა და სასტიკად გაუსწორდა.
შემთხვევა 22 ივლისს, გვიან საღამოს, თბილისში, ვაკეში მოხდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ცემის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც თვითმხილველებმა გადაიღეს. ვიდეო მძიმე სანახავია.
გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ სასტიკად უსწორდება სამი ახალგაზრდა ონისე ოქრიაშვილს. „ნოდარ დუმბაძეს აგინე… ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო“, – ისმის ვიდეომასალაში.
ონისე ოქრიაშვილი დახმარებას ითხოვს. ახლოს რამდენიმე ადამიანი ჩანს, ისინი მიახლოებას ვერ ბედავენ. ისმის ქალის განწირული კივილიც, რომელიც ცდილობს მოძალადეები შეაჩეროს.
ვინ არის ონისე ოქრიაშვილი და რატომ იყო ის პროპაგანდის სამიზნე
კომიკოსი (“სტენდაფერი”) ონისე ოქრიაშვილი პროევროპული პროტესტის აქტიური მონაწილეა. ის გამორჩეულია “ქართული ოცნების” კრიტიკით სოციალურ ქსელებშიც. ასევე, ერთკაციანი აქციებით.
იგი ხშირად დადის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თან დააქვს სხვდასახვა შინაარსის საპროტესტო ბანერები და ცდილობს, მოსახლეობის ყურადღება მიიპყროს.
ონისე ოქრიაშვილის ერთკაციანი აქცია. ფოტო: ონისე ოქრიაშვილის პირადი გვერდი
ბოლო დღეებში კომიკოსი “ქართული ოცნების” დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიის სამიზნე გახდა.
პროპაგანდისტულმა საშუალებებმა კომედიური შოუდან „პანჩლაინ თერაპიია” ამოჭრეს ფრაგმენტი, სადაც ის მწერალ ნოდარ დუმბაძეზე საუბრისას უხეშ გამონათქვამს იყენებს. ვიდეო კონტექსტის გარეშე გავრცელდა ისე, თითქოს ოქრიაშვილი პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდა მწერალს.
ნოდარ დუმბაძის სახელი არაერთხელ ისმის დღევანდელი ცემის ვიდეოშიც. თავდამსხმელები მას უყვირიან, “როგორ შეეხო ნოდარ დუმბაძეს” და აგინებენ.
19 ივლისს კომიკოსმა ვიდეოც ჩაწერა, რომელშიც ჰყვება, რომ ხელისუფლება მის მიმართ სიძულვილს ახალისებს.
ამ ვიდეოში ონისე ხსნის, რომ შოუში ის არ აგინებს ნოდარ დუმბაძეს – “ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ და ყველაზე აბსურდული, რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს“.
“დღეს ვსაუბრობდით, რომ ვაპირებდით ჩივილს იმ ცილისწამების გამო, რაც გაავრცელა პროპაგანდისტულმა მედიამ და დღეს სცემეს ონისე”, – თქვა შემთხვევის შემდეგ, მედიასთან საუბარში, ონისე ოქრიაშვილის ცოლმა მარიამ სამუშიამ.
იგი ჰყვება, რომ საღამოს ყვირილის ხმა გაიგონა. რადგან ბოლო დღეები ონისე პროპაგანდის სამიზნე, გასაფრთხილებლად დაურეკა. თუმცა, მიხვდა, რომ მის ქმარს ესხმოდნენ თავს.
“ეს არის ხელოვნურად აგორებული ზიზღი”, – ამბობს იგი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გვიან ღამით უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა:
“ამჟამად ის, სხვა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, იკითხება მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით“, – ნათქვამი იყო უწყების განცხადებაში.