საქართველო და თურქმენეთი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ — კობახიძე ბერდიმუხამედოვის ვიზიტს აფასებს
საქართველო და თურქმენეთი
ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუხამედოვის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმებს.
სერდარ ბერდიმუჰამედოვი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დედაქალაქში 16 ივლისს ჩამოვიდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტები ევროკავშირის ქვეყნებთან შემცირდა. ბოლო ვიზიტები კობახიძეს ტაჯიკეთსა და ყაზახეთში ჰქონდა. გასულ წელს ის სამჯერ ჩავიდა თურქმენეთში.
კობახიძის განცხადებით, მიღწეული შეთანხმებები საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
“მოხარული ვართ, რომ საქართველოში ვმასპინძლობთ თურქმენეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ სერდარ ბერდიმუხამედოვს. აღსანიშნავია, რომ ეს არის თურქმენეთის პრეზიდენტის მეორე სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2015 წელს შედგა, როდესაც ქვეყანას გურბანგული ბერდიმუხამედოვი სტუმრობდა. კობახიძემ აღნიშნა, რომ სერდარ ბერდიმუხამედოვთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები.
“შუა აზია ზოგადად საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ, როგორც საიმედო პარტნიორს და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს“, – განაცხადა მან.
კობახიძის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავალწლიან მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, რაც, მისი შეფასებით, თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საფუძველს ქმნის.
კობახიძემ ყურადღება გაამახვილა თურქმენეთის ეკონომიკურ განვითარებაზე, სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მისი განცხადებით, ბოლო წლებში განხორციელებულმა ინიციატივებმა ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას შეუწყო ხელი.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების, ექსპორტის ხელშეწყობისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო “შუა დერეფნის”, აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას და დამატებითი ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობებს.
შეხვედრებზე ასევე განიხილეს ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. კობახიძის განცხადებით, ქვეყნებს შორის არსებობს შესაძლებლობა ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
“ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა მიმართულებებში. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.