ქრთამის აღება, ყალბი მართვის მოწმობების დამზადება, მიწი ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება — სუს-მა 28 პირი დააკავა
კორუფცია საქართველოში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, ქვეყნის ცხრა რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში 28 პირია დაკავებული ან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული.
უწყების ინფორმაციით, საქმეები მოიცავს ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებს.
სუს-ის ცნობით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებას ეხება, სამი პირი დააკავეს, ხოლო კიდევ 11 პირს ბრალდება წარუდგინეს.
უწყების განცხადებით, საქმეები უკავშირდება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში კერძო კომპანიების მიერ გზების, სასმელი წყლის შიდა ქსელებისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას დოკუმენტაციის გაყალბებასა და სხვა უკანონო ქმედებებს, რის შედეგადაც, გამოძიების ვერსიით, თაღლითურად მიითვისეს ათობით ათასი ლარი.
ამავე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებულთა ნაწილმა თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოებისთვის გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სხვადასხვა დროს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობის, განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი, ასევე დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები მიაწოდა.
უწყების შეფასებით, ამ ქმედებების შედეგად სახელმწიფოს 669 497 ლარის ზიანი მიადგა.
ცალკე სამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ სიყალბეს ეხება, შვიდ პირს წარედგინა ბრალდება.
სუს-ის განცხადებით, საქმე ეხება დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ, სხვადასხვა დროს, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, საერთო ჯამში 91 564 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებას. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებების შედეგად სახელმწიფოს 397 804 ლარის ზარალი მიადგა.
ქრთამის აღების ფაქტებზე მიმდინარე სამი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია კიდევ სამი პირი.
გამოძიების ვერსიით, ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიის, ასევე ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან ქრთამი აიღეს.
სუს-ის განცხადებით, სანაცვლოდ ისინი ჰპირდებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ. “დრაივის“, განთავსებასა და შემდგომ მფარველობას, სახელმწიფო მიწის საფუტკრე მეურნეობისთვის გადაცემას, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და ტყიდან გატანის ხელშეწყობას.
კიდევ სამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას, გასაღებასა და ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას ეხება, ოთხი პირია დაკავებული.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები სხვადასხვა დროს ქრთამის სანაცვლოდ ამზადებდნენ და ასაღებდნენ ყალბ მართვის მოწმობებს, საქართველოს მოქალაქის პასპორტებსა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბ ბაკალავრის დიპლომებს.
უწყების განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აუდიო- და ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც, სუს-ის ცნობით, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას ასახავს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 196-ე, 221-ე, 332-ე, 338-ე, 341-ე და 362-ე მუხლებით.