ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი 23 ივნისს ვადაზე ადრე გადადგა. ოფიციალური ვერსიით, რომელიც მან ვიდეომიმართვაში გააჟღერა, გადაწყვეტილება მის მოსკოვში გადანაცვლებას უკავშირდება, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლის პოზიციაზე შესაძლო დანიშვნით.
თუმცა, ადგილობრივი ანალიტიკოსების ნაწილი ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს და მიიჩნევს, რომ რეალური მიზეზი გაცილებით უფრო რთულია. მათი თქმით, გაგლოევი ბოლო თვეებში კორუფციულ სკანდალებში მოექცა, მათ შორის რუსული საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში მილიონობით დოლარის სავარაუდო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. ამ ბრალდებებმა, როგორც ისინი ამბობენ, რეგიონი სერიოზულ პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისში შეიყვანა.
ამავე მოსაზრების მიხედვით, სწორედ ამ ფონზე მიიღო მოსკოვმა გადაწყვეტილება ცხინვალში ძალაუფლების გადალაგების შესახებ.
მარატ კამბოლოვი
ამ ვერსიას ნაწილობრივ ამყარებს ისიც, რომ გაგლოევის გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე, რეგიონში ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოსკოვიდან გამოგზავნილი მარატ კამბოლოვი დაინიშნა.
ამ ცვლილებების შემდეგ, ფაქტობრივად, ძალაუფლების ცენტრი სწორედ კამბოლოვისკენ გადაიხარა. ის ამჟამად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია, თუმცა ადგილობრივი პოლიტიკური წრეების შეფასებით, მისი შემდგომი დაწინაურება პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხია.
გაგლოევის მოსკოვში შესაძლო გადაყვანას ბევრი ადგილობრივი დამკვირვებელი ფორმალურ ნაბიჯად მიიჩნევს. პოლიტიკური ანალიტიკოსი დევიდ გაზატი, რომელიც მაისში ხელისუფლების ცვლილებასაც პროგნოზირებდა, ამბობს, რომ ეს უფრო პოლიტიკური დეკორაციაა, ვიდრე რეალური კარიერული წინსვლა.
მისი შეფასებით, “ახალი დანიშვნა მხოლოდ ფორმალური საფარია, რომელიც პროცესს ლეგიტიმურობის შთაბეჭდილებას აძლევს“.
ამავდროულად, ერთ-ერთი ადგილობრივი ჩინოვნიკის თქმით, საკადრო ცვლილებები პირდაპირ მიუთითებს მოსკოვის სურვილზე, გააძლიეროს კონტროლი ფინანსურ ნაკადებზე, რომლებიც რეგიონში რუსული საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში ნაწილდება.
მისივე განცხადებით, კამბოლოვი ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფებისგან დისტანცირებული ფიგურაა, რაც კრემლისთვის მისაღებ ბერკეტად განიხილება როგორც ფინანსური დისციპლინის გამკაცრების, ისე გავლენების ცენტრალიზაციის თვალსაზრისით.
ამ ფონზე, ადგილობრივ საზოგადოებაში, ნაწილობრივ, ცვლილებები დადებითადაც შეფასდა. ცხინვალში გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე რაიონში მოსახლეობამ გაგლოევის გადადგომა სპონტანურად აღნიშნა, რაც უკმაყოფილების დაგროვებაზე მიუთითებს.
თუმცა ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ საქმე არ ეხება რუსეთის კონტროლის გაძლიერებას, რადგან, მათი შეფასებით, ეს კონტროლი უკვე სრულად არსებობს. მთავარი საკითხი, მათი აზრით, ახლა ფინანსური მართვის გამკაცრება და ადგილობრივი ელიტების გავლენის შემცირებაა.
როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა რესპონდენტმა აღნიშნა, მოსკოვის მთავარი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ რეგიონში გამოყოფილი თანხები უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცეს და ნაკლები ადგილი დარჩეს არაეფექტიან ხარჯვაზე.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კამბოლოვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი შესაძლოა გახდეს წინა ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ფინანსური ოპერაციების მასშტაბური აუდიტი.