პატიმარი ლიდერი: როგორ განსაზღვრავს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკას
მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თითქმის ხუთი წელია ციხეშია. მიუხედავად ამისა, ის ქართული პოლიტიკაში ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება.
მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” საკუთარ პოლიტიკურ კამპანიას დღესაც „სააკაშვილის დაბრუნების“ საფრთხეზე აშენებს. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ისევ მის მიმართ დამოკიდებულებით განისაზღვრება.
- მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, რომ “სამოქალაქო ტყვეების“ სიაში შეიყვანონ
- “პრაქტიკულად, ციხეში განადგურება მომისაჯეს” – სააკაშვილის საქმეზე შეკრებითობის პრინციპი გამოიყენეს და 12 წელი მიუსაჯეს
ეს პარადოქსულ კითხვას აჩენს: რატომ რჩება ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ფიგურად მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში აღარ არის, არჩევნებში ვერ მონაწილეობს და წლებია თავისუფლება შეზღუდული აქვს?
-
ვინ არის მიხეილ სააკაშვილი. მოკლე ცნობა, ჩამოშალეთ
მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში 1995 წელს გამოჩნდა. მაშინ იგი აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა და იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანია მიწვევით, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძე-ს პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა. იმავე წელს, იგი, იმდროინდელი მმართველი პარტიის, “მოქალაქეთა კავშირის” სიით, პარლამენტის წევრად აირჩიეს.
1995 – 1998 წლებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. იმ დროიდან იწყება მისი, როგორც რეფორმისტი ახალგაზრდა პოლიტიკოსის იმიჯის შექმნა. 2000-2001 წლებში იუსტიციის მინისტრად ინიშნება. მაშინ უკვე საჯაროდ აკრიტიკებს კორუფციას ხელისუფლებაში. 2001 წლიდან ოპოზიციაში მიდის და აფუძნებს პარტიას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
2003 წელს, სააკაშვილის მეთაურობით, ქვეყანაში რევოლუცია ეწყობა. ეს მოვლენა ისტორიაში “ვარდების რევოლუციის” სახელით შედის. სააკაშვილი კი, როგორც ამ რევოლუციის სახე, მთავარი პოლიტიკური ფიგურა ხდება.
2004 წლიდან მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი ხდება და მასშტაბურ რეფორმებს იწყებს. საქართველო, როგორც მთავარი რეფორმატორი სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთის ყურადღების ცენტრში ექცევა. თუმცა, პროცესს ბევრი დარღვევა ახლავს. იწყება სააკაშვილის კრიტიკა მის ხელში ძალაუფლების ცენტრალიზაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
2012 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება. ქვეყნის სათავეში რუსეთში გამდიდარებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ახალშექმნილი პარტიული კოალიცია “ქართული ოცნება” მოდის, მიხეილ სააკაშვილის პარტია ოპოზიციაში გადადის.
2013 წლის ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად. ვადის ამოწურვის შემდეგ უკრაინაში მიდის. 2015 წელს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინის მოქალაქეობას აძლევს, 30 მაისს კი ოდესის გუბერნატორად ნიშნავს.
მიუხედავად ამისა, სააკაშვილი ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან არ ქრება. ის ხშირად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, მონაწილეობს პარტიის მართვაში. 2020 წელს ის ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხდება. ამ არჩევნებს “ქართული ოცნება” აყალბებს. ოპოზიციური გაერთიანება ბოიკოტის რეჟიმში გადადის და შემდეგ ნელ-ნელა იშლება.
2021 წლის 1 ოქტომბერს, რვაწლიანი ემიგრაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრუნდება. ამ დროს, ქვეყანაში, მის წინააღმდეგ, “ქართულ ოცნებას” არაერთი სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული. სააკაშვილს დაბრუნებისთანავე აკავებენ. ექსპრეზიდენტი შიმშილობას იწყებს. 50-დღიანი შიმშილის ფონზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიზისული ხდება.2022 წლის 12 მაისს სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” გადაჰყავთ. აქ იგი 2025 წლის 12 ნოემბრამდე რჩება. ამ დღეს, მას კლინიკიდან ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აბრუნებენ.
_________________________________________
სააკაშვილი ციხეში
მიხეილ სააკაშვილის გვერდს, სოციალურ ქსელში, 1,3 მილიონი მიმდევარი ჰყავს. მასზე დღეში რამდენიმე პოსტი ქვეყნდება, ასობით გაზიარება და ათასობით კომენტარია.
მაგალითად, 22 ივნისს პატიმარმა სააკაშვილმა ხუთი ფეისბუკ-პოსტი დადო. მათ შორის 1900 სიტყვიანი “ჩემი მანიფესტი”, სადაც ის მათ შორის ოპოზიციას აკრიტიკებს.
სააკაშვილი ფეისბუკზე იწერება ყველაფერზე. პოსტების უმრავლესობა შიდა პოლიტიკაზე და პარტიულ ამბებზეატ. თუმცა, არის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ანალიზი, მილოცვები და სამძიმრის წერილები. ხშირად აზიარებს პატარა ქალიშვილის ვიდეოებს, თუ იუმორისტული შოუებიდან ნაწყვეტებს.
ერთ-ერთ ბოლო პოსტში, მიხეილ სააკაშვილმა, ყურადღება თავის ახალ ვარცხნილობაზე გაამახვილა. დაწერა, რომ მხოლოდ ვარცხნილობა არ შეუცვლია. დიდი ცვლილებები დააანონსა მის პარტიაში.
ახალ ვარცხნილობას მართლაც მოჰყვა ცვლილებების ქარიშხალი “ნაციონალურ მოძრაობაში” – გაირკვა, რომ პარტია თავმჯდომარეს იცვლის.
კანდიდატი სააკაშვილმა თავად შეარჩია – ჟურნალისტი და აქტივისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და ფეისბუკზე დაწერა მანამდე, ვიდრე მისგან საბოლოო დასტურს მიიღებდა.
საინტერესოა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ, თანა ბოკუჩავამ ეს ამბავი სოციალური ქსელით, სააკაშვილის პოსტიდან გაიგო.
ამ ამბავს დიდი დისკუსია მოჰყვა.
“ის არის ისეთივე არაფორმალური ლიდერი, როგორც ივანიშვილი. არანაირი პარტიული აზრი, შიდა დემოკრატია თუ დისკუსია. მიშა არის ისეთი, როგორიც არის. მისი შეცვლა შეუძლებელია. ის საოცრად ეგოცენტრისტია”, – ამბობს პოლიტიკის მიმომხილველი ირაკლი მელაშვილი.
არსებობს კითხვა, როგორ ახერხებს პატიმარი პრეზიდენტი ასეთ აქტიურობას. ვინ და როგორ მართავს მის გვერდს? ეს კითხვა ბევრ ადამიანს აქვს, თუმცა მისი ადვოკატები უარს ამბობენ გაამხილონ, ტექნიკური დეტალები.
ისინი გვარწმუნებენ, რომ თავად სააკაშვილს ინტერნეტთან წვდომა ნამდვილად არ აქვს. გაკვრით ამბობენ, რომ პრეზიდენტს ჰყავს ბევრი ადვოკატი. მასთან ყოველდღე ვიღაც შედის.
სააკაშვილი, როგორც ეპოქა
სააკაშვილის გავლენის ახსნა მხოლოდ მისი მიმდინარე პოლიტიკური აქტიურობით შეუძლებელია, აღნიშნავენ ექსპერტები.
ქართულ პოლიტიკაში ბევრი ლიდერი ყოფილა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე იქცა ეპოქის სიმბოლოდ.
მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში საუბარი მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკოსზე აღარ არის. მის სახელს უკავშირდება სახელმწიფოს რადიკალური გარდაქმნა, კორუფციასთან ბრძოლა, საჯარო სერვისების რეფორმა, დასავლური ინტეგრაციის დაჩქარება.
ამავე დროს, მის ხელისუფლებას უკავშირდება ძალაუფლების კონცენტრაცია, ციხეების სკანდალები, 7 ნოემბერის აქციის დარბევა და მედიის წინააღმდეგ ზეწოლის ბრალდებები.
სწორედ ამიტომ სააკაშვილი დღემდე რჩება ფიგურად, რომლის მიმართაც საზოგადოებას ერთიანი დამოკიდებულება არ აქვს. მის მიმართ ემოციები თითქმის არასდროს არის ნეიტრალური.
პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ სააკაშვილი იმ ტიპის პოლიტიკოსია, რომლის გავლენაც თანამდებობის დატოვების შემდეგაც გრძელდება. რადგან მისი სახელი კონკრეტულ ისტორიულ პერიოდთან არის გაიგივებული.
ხელისუფლების როლი
ექსპერტების შეფასებით, სააკაშვილის ფაქტორის შენარჩუნებაში დიდი როლი აქვს ხელისუფლებას. “ქართული ოცნება” დიდი ხანია ცდილობს, მომავალი წარმოაჩინოს როგორც არჩევანი “ქართულ ოცნებასა” და “სააკაშვილის დაბრუნებას” შორის.
შუა უნდა გაიკრიფოს” – განაცხადა ქვეყნის ამჟამინდელმა, არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2011 წელს, ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში. მაშინ ის პოლიტიკაში ახალი გამოჩენილი იყო:
„შუა უნდა გაიკრიფოს, იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ხალხს უნდა მივცეთ მკაფიო არჩევანის საშუალება. მოგწონს სააკაშვილი? ღმერთმა მოგახმაროს, დაუჭირე მხარი. ოღონდ, ნუ თამაშობ, რომ, თითქოს, არც იქით ხარ და არც აქეთ. ეს არის ორპირობა. და თუ ორპირობა დარჩა შუაში, ამას ვერ შევეგუები. რადგან თუ შევეგუე, მეც ისევე ჩავიძირები, როგორც ჩემზე გამოცდილი პოლიტიკოსები ჩაიძირნენ. ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს. ჩემთვის პრინციპულია, რომ მოხდეს პოლარიზება”.
“ქართული ოცნება”, დღემდე, ყველა საარჩევნო კამპანიას “სისხლიანი 9 წლის” და”სააკაშვილის დაბრუნების” შიშზე აგებს. ეს მისი მთავარი პოლიტიკური სტრატეგიაა.
ირაკლი მელაშვილის თქმით, სააკაშვილის ფაქტორის მუდმივ შენარჩუნებაში სისტემური ინტერესია. ეს “ქართული ოცნებისთვის” ძალაუფლების შენარჩუნების კარგი საშუალებაა.
“არცერთ პოლიტიკოსს [ციხეში ბევრი პოლიტიკოსია] არ აქვს შექმნილი ისეთი პირობები ციხეში, რომ თავისი ნააზრევი მიაწოდოს საზოგადოებას, როგორც მიხეილ საკააშვილს. ეს დასაფიქრებელია. ამაზე შეიძლება მილიონი შეთქმულების თეორია განავითარო. რასაც სააკაშვილი აკეთებს, ხელისუფლებას რომ არ აწყობდეს, ამის საშუალებას არ მისცემდა. მისი სასამართლო პროცესები გადაქცეულია მიტინგად”.
ოპოზიცია და ლიდერის კრიზისი
მიხეილ სააკაშვილის ფაქტორად ყოფნაში თავისი როლი აქვს ოპოზიციასაც. საქართველოში პარტიული სისტემა, დიდწილად, პერსონებზეა დამოკიდებული.
ბევრ დასავლურ დემოკრატიაში პარტიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული ლიდერები, საქართველოში პირიქით ხდება.
“პერსონა მოქმედებს, ლიდერი მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკაში და არამხოლოდ ქართულ პოლიტიკაში”, – ამბობს პოლიტიკის მიმომხილველი დავით ზურაბიშვილი. მას უმუშავია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში და მას ძალიან კარგად იცნობს.
ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველოში, წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობასთან მიმართებით განისაზღვრებოდა – ან მის გარშემო ერთიანდებოდა, ან მისგან დისტანცირებას ცდილობდა.
“პოლიტიკური პარტიები, რაც შეიქმნა, გახარიას [“ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერის ოპოზიციური პარტია_JAMnews] და “ლელოს” გარდა, იყო “ნაციონალური მოძრაობის” განაყოფი. ამაზე ითამაშა ხელისუფლებამაც. მინიმუმ, ხელი შეუწყო პროცესს. ყველა ეს ადამიანი, მეტად თუ ნაკლებად, პოლიტიკაში მოსულია სააკაშვილის დროს, მისი მხარდაჭერით. მიშას პირობებში ჩამოყალიბდნენ როგორც პოლიტიკური ფიგურები, მოლაპარაკე თავები. მასთან ასოცირდებიან და ამ ორბიტიდან ვერ გადიან”, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.
ექსპერტების შეფასებით, სააკაშვილი ძალიან კარგად იყენებს იმას, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო გამოეკვეთა ლიდერები, რომელთაც საზოგადოების ნდობა ექნებოდა:
“ლიდერი , პარტია “ნაციონალურ მოძრაობაშიც” კი ვერ გამოიკვეთა. ნიკა მელიას [პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ამჟამად ციხეშია_JAMnews] ჰქონდა შანსი. მაგრამ როგორც კი ცოტა გამოიზარდა, მაშინვე გაანეიტრალეს”, – გვეუბნება ირაკლი მელაშვილი.
მისი თქმით, ეს ძალიან გამოცდილი პოლიტიკური ტექნოლოგიაა. ის აწყობს სააკაშვილსაც და “ქართულ ოცნებასაც”:
“სააკაშვილს აწყობს, რათა შენარჩუნდეს, როგორც პოლიტიკური ფიგურა. “ქართული ოცნება” კი ამით ის ხელისუფლებას ინარჩუნებს. შესაბამისად, ის ხელს უწყობს სააკაშვილს, რომ ეს დიქოტომია შეინარჩუნოს”.
გამოვა ოპოზიცია სააკაშვილის ჩრდილიდან?
ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, შეძლებს თუ არა საბოლოოდ ჩამოშორდეს მიხეილ სააკაშვილის ფიგურას და დამოუკიდებელი დღის წესრიგი შექმნას.
პოლიტოლოგი გია ნოდია ახლო მომავალში ამას არ ელის:
“მართლა რომ გადატრიალდეს რაღაც სააკაშვილის თავში, თქვას, რომ აღარ მინდა პოლიტიკა და შეწყვიტოს აქტივობა, მათ შორის სოციალურ ქსელში, ალბათ კი. მაგრამ, ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ”, – ამბობს იგი და ამას ასე ხსნის:
“მიხეილ სააკაშვილს აქვს შიში, რომ ციხეში ყოფნა მას ამარგინალებს. იმიტომ, რომ ვერ არის ჩართული საქმეებში. მისი გავლენა მცირდება. ამიტომ, ძალიან დიდი აქტიურობით ციხიდან, ამის კომპენსაციას ცდილობს”.
ბოლო პერიოდში პროდასავლურ ოპოზიციაში, რომელთა ნაწილსაც (9 პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, “ნაციონალურ მოძრაობას”) ალიანსი აქვს შექმნილი, დიდი განხეთქილებაა.
ალიანსის წევრები ღიად ესხმიან თავს ერთმანეთს და აკრიტიკებენ. განსაკუთრებული სამიზნე მიხეილ სააკაშვილია. დაწყებულია დისკუსია, უნდა დატოვოს თუ არა ეს ალიანსი სააკაშვილის პარტიამ.
“ოპოზიციამ ან უნდა იპოვოს ძალები, მიშა დატოვოს როგორც ერთ-ერთი ფლანგი და გადალაგდეს. ყველა გაერთიანებაში, სადაც იქნება მიშა, ის გამოიყენებს შანსს რომ გაერთიანება არიოს. ის ფიქრობს, რომ თუ არ დარჩა მთავარ ფაქტორად, პოლიტიკურად ვერ გადარჩება”, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.
თუმცა, მისივე აზრით, აქ ოპოზიციას დიდი პრობლემა აქვს: “რაშიც სააკაშვილი მართალია – ოპოზიციას უნდა მისი პარტიის ხმები, მაგრამ, მიშა არ უნდა . ეს ასე არ გამოვა. სააკაშვილი მაგას არ გააკეთებს. ამიტომ, ოპოზიციამ უნდა ისწავლოს მიშას ხმების გარეშე მუშაობა”.
დავით ზურაბიშვილის თქმით, “არა ნაცი” პოლიტიკური ძალების სისუსტე, დღეს, პოლიტიკური სპექტრის მთავარი პრობლემაა:
“ივანიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულება არის გაცილებით ფართო, გაცილებით მეტ სეგმენტს მოიცავს საზოგადოებისას, ვიდრე ეს არის “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოსული მხარდამჭერები. მაგრამ, ის პოლიტიკური ძალები, ვინც არ არიან გამოსული სააკაშვილის პარტიიდან, ვერ ახერხებენ ძლიერი ალტერნატიული ჯგუფის შექმნას. ისეთის, რომელიც, მაგალითად, თუნდაც, რეიტინგის დონეზე, იქნებოდა “ნაციონალური მოძრაობის” საპირწონე. ამიტომ, ამომრჩევლის ეს სეგმენტი დაბნეულია, დაკარგულია”.
რამდენად აზიანებს ეს ქართულ პოლიტიკას და სად არის გამოსავალი?
ექსპერტების შეფასებით, ეს საკითხი ერთმნიშვნელოვანი არ არის. თუმცა, პრობლემა თავად სააკაშვილის არსებობა არ არის, არამედ ის, რომ ქართული პოლიტიკა ვერ გასცდა სააკაშვილ – ივანიშვილის დილემას.
შეძლებს ოპოზიცია ამ მოცემულობის შეცვლას? – ამ კითხვაზე ექსპერტები ამბობენ, რომ აქ მთავარი ეგოების საკითხია.
“თავშეკავების ამბავია, როგორც სააკაშვილის მხრიდან, ისევე ცალკეული ოპოზიციის. თითოეულმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, რაც რთული ჩანს. ეგოების ამბავიც არის და პოლიტიკური კულტურის, ხასიათის, რომ არ შეიძლება გაატარო რაღაცები, აუცილებლად უნდა უპასუხო და რაც შეიძლება მძაფრად”, – ამბობს გია ნოდია.
ირაკლი მელაშვილის თქმით, პრობლემა პარტიების გაერთიანება – არგაერთიანება არ არის. მთავარია, რომ რეალური ალტერნატივა და იდეები გაჩნდეს:
“ალტერნატივა თუ არ შესთავაზე, 35 პარტია გაერთიანდეს თუ გინდა. იდეები არ ჩანს, რომელიც სააკაშვილის და “ოცნების” ალტერნატიული იქნებოდა. არც იდეები და არც ფიგურები. როდესაც იდეები არ არის, როდესაც ყველა პარტია ერთსა და იმავეს იმეორებს, გამოსავალი ძალიან რთულად მოიძებნება”.
“საკუთარი ამომრჩეველი უნდა გყავდეს”, – ამბობს დავით ზურაბიშვილი და ამატებს – “ამ პარტიების მთავარი პრობლემაა, რომ მათ არ აქვთ სტრატეგიული გათვლა – ჯერ რას ვაკეთებ, მერე რას ვაკეთებ. ისინი ორიენტირებული არიან, რომ ხელისუფლება ჩამოანგრიონ, ამის რესურსი კი არ აქვთ. “არანაცი” აქტივის აქტუალიზება თუ არ მოხდა, ვერაფერს უშვრები ამ ხელისუფლებას”.
ექსპერტების შეფასებით, ეს მოცემულობა თუ არ შეიცვლება, ქვეყანა დარჩება ორ პოლუსს შორის გაჭედილ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც ახალი ცენტრისა და ალტერნატივის შექმნა რთულია. ამ რეალობის გარღვევა მიაჩნიათ მათ დღევანდელი პოლიტიკური სისტემის მთავარ გამოცდად.
მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი