4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 7 პირი პატიმრობაში გაუშვეს. მათ შორის, 72 წლის ექიმი
4 ოქტომბრის საქმის პატიმრები
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი გელაშვილმა, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. შვიდივე მათგანს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
პირები, რომელთაც პატიმრობა მიესაჯათ:
- ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი – კადრებში ჩანს, რომ იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებს – ფიზიოლოგიური ხსნარით ეხმარება ხალხს. საქმის მასალებში დევს კადრები “TV პირველის” ეთერიდან. ამ კადრებში ჩანს, რომ სასახლის ღობე გადანგრეულია და ხალხის ნაწილი ეზოში გადადის. პროკურორმა ერთ-ერთ სხდომაზე თქვა, რომ ექიმიც იმყოფება ჯებირს მიღმა, ეზოში.
- ზაქრო ალბუთაშვილი – ის ონკოპაციენტია. არის პროფესიით მშენებელი, სამხედრო, ყოფილი ფეხბურთელი, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით.
- დავით ჟღენტი – არსებობს კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ის აქციაზე მისულია საჰაერო ბუშტით. ისეთი ვიდეო, რასაც საქმეში მის წინააღმდეგ გამოიყენებდა პროკურატურა, უწყებას საერთოდ არ აქვს.
- კახაბერ მჟავანაძე – ტაქსის მძღოლად მუშაობდა. იგი ამით არჩენდა ოჯახს. ვიდეოში, რომელიც საქმის მასალებში დევს, ჩანს, რომ მჟავანაძე სასახლის ეზოს გარეთ იმყოფება. ამ დროს მის გვერდით ღობის ნაწილი უკვე გადანგრეულია.
- დავით სტურუა – არის სამტრედიიდან. იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ვიდეო აჩვენებს, რომ ის მიდის ღობესთან, რამდენიმე წამის განმავლობაში აჯანჯღარებს და შორდება.
- კონსტანტინე კოკაია – აქვს გულის მძიმე დაავადებები. ციხეში დაკარგა მხედველობა ცალ თვალში. მის საქმეში წარდგენილია ვიდეომასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან. ამ ვიდეოში კოკაია ჩანს სასახლის ეზოში, გისოსებს მიღმა. რამდენიმე წამი ღობის გასწვრივ გადაადგილდება .
- ია დარახველიძე – თავდაპირველად ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. შემდეგ, ეპილეფსიური შეტევების გამო, პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. საქმის მასალებში, ერთ ეპიზოდში იგი კამათობს სხვა დემონსტრანტთან. მეორეში ისვრის რაღაც საგანს სპეცრაზმის მიმართულებით.
შვიდიდან, ორი – ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი და ია დარახველიძე, გირაოს საფუძველზე იყვნენ გათავისუფლებული.
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. ია დარახველიძე სხდომას არ ესწრებოდა. ის საქართველოში არ იმყოფება. მასზე ძებნა გამოცხადდება. დანარჩენ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
შვიდივე ბრალდებულს ბრალი სხვადასხვა მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუასა და დავით ჟღენტს პროკურატურა ედავებოდა ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
ია დარახველიძეს კი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
პირველი კომენტარები
ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და ახსნა, როგორ აღმოჩნდა სასახლის ეზოში:
“მე, როდესაც იქ მივედი, ვიყავი გარეთ. გაუგებარი სიტუაცია მოხდა უცბად. როდესაც ვიგრძენი, რომ პროფესიული აუცილებლობა მოითხოვდა ჩემს შიგნით შესვლას, შევედი. ჩემი საქმე გავაკეთე. დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით. ეს ვიდეოშიც ჩანს. შემდეგ გამოვედი. ხელში მეკავა გამოხდილი წყალი, ფიზიოლოგიური ხსნარი. ის საჭიროებისამებრ გამოვიყენე”.
“სასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არასამართლიანია. ბრძოლა გრძელდება,“ – თქვა მამის განაჩენის გამოცხადების შემდეგ კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.
დავით ჟღენტის შვილმა, ლევან მჟავანაძემ, განაცხადა, რომ ამიერიდან მამის ადგილს თავად დაიკავებს:
„ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ველოდი. ისევე, როგორც ყველა თქვენგანი. ყველამ კარგად იცის, რომ ეს არ იყო წმინდა სამართლებრივი საქმე. ეს იყო პოლიტიკური საქმე.პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც ეკავა მამაჩემს. ამ სასჯელს, მე და ჩემი ოჯახი მივიღებთ როგორც პატივს, როგორც მსხვერპლს ჩვენი ქვეყნისთვის“.
4 ოქტომბრის საქმე
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელსაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა.
პარალელურად, ოპოზიციის ამ ნაწილმა თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა. ეს აქცია პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობით დასრულდა.
საქმეზე 70-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის, აქციის ორგანიზატორები და პოლიტიკური ლიდერები. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ჯამში, სისხლის სამართლებრივი დევნა 64 პირის წინააღმდეგ დაიწყო. ეს საქმე რამდენიმე ეპიზოდად დაყეს.
ბრალდებულების ნაწილმა ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ამ დროისთვის საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს 22 პირს.
4 ოქტომბრის საქმის მსჯავრდებული ლიდერები და სხვა პირები
4 ოქტომბრის საქმეზე პატიმრობა უკვე აქვს მისჯილი 10 პირს. მათ შორის, პოლიტიკურ ლიდერებს. ასევე, ოპერის მომღერალ პაატა ბურჭულაძეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ისინი სხვადასხვა ვადით გაუშვა პატიმრობაში.
- პაატა ბურჭულაძე – ოპერის მომღერალი. ის იყო ერთი-ერთი მთავარი ორგანიზატორი 4 ოქტომბრის აქციის. მისჯილი აქვს 7-წლიანი პატიმრობა.
- მურთაზ ზოდელავა – პოლიტიკოსი. მისჯილი აქვს 7-წლიანი პატიმრობა.
- ირაკლი ნადირაძე – პოლიტიკოსი. მისჯილი აქვს 7-წლიანი პატიმრობა.
- პაატა მანჯგალაძე – პოლიტიკოსი. მისჯილი აქვს 7-წლიანი პატიმრობა.
- ლაშა ბერიძე – სამხედრო პირი, თადარიგის პოლკოვნიკი. მისჯილი აქვს 7-წლიანი პატიმრობა.
- ირაკლი შაიშმელაშვილი – შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი. მას მისჯილი აქვს 2 წლიანი პატიმრობა.
იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს.
მსჯავრდებულთა შორის არიან ასევე:
თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია. მათ 5-5 წლით აქვთ მისჯილი პატიმრობა.
4 ოქტომბრის საქმის პატიმრები