სტრასბურგის სასამართლო: აზერბაიჯანმა 2016 წლის აპრილის ომის დროს სიცოცხლისა და წამების აკრძალვის მუხლები დაარღვია
აზერბაიჯანი და სომხეთი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
სომხეთიდან წარდგენილი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის განხილვის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანი პასუხისმგებელია 2016 წლის აპრილის ე.წ. ოთხდღიანი ომის დროს დაჭრილი სომეხი ოფიცრის წამებასა და მკვლელობაზე.
სასამართლომ დაასკვნა, რომ სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ბრძოლისუნარიანობას უკვე მოკლებული იყო, აზერბაიჯანელი სამხედროების ხელში აღმოჩნდა, დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას და მოგვიანებით მოკლეს.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მისი ოჯახის წევრებმა განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადეს როგორც მკვლელობის გარემოებების, ისე ცხედრის არასრულად დაბრუნების გამო.
საქმე, რომელიც ოთხდღიან ომს უკავშირდება
საქმე ეხება 2016 წლის აპრილის სამხედრო ესკალაციას, რომელიც ოთხდღიანი ომის“ სახელით არის ცნობილი. 1-4 აპრილს აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის შეტაკებები ყოფილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობდა და ეს იყო ყველაზე მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.
დავის ცენტრში აღმოჩნდა ყოფილი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მაიორი, რომლის ვინაობაც სასამართლოს დოკუმენტებში მხოლოდ ინიციალებით — ხ.ტ.-თი არის აღნიშნული.
რა დაადგინა სასამართლომ
სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, სამხედრო ოფიცერი მძიმედ დაიჭრა სამხედრო სატვირთო ავტომობილზე განხორციელებული თავდასხმის დროს და იმ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მას ხელები ჯერ კიდევ სიცოცხლეში მოჰკვეთეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს.
სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლებას იცავს, რადგან დაჭრილი და ქმედუუნარო სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.
ამავე დროს, მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ დარღვეული იყო მე-3 მუხლიც, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა. გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული წამებისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ოჯახის წევრებმა მძიმე მორალური ზიანი განიცადეს.
ოჯახის ტანჯვა და ცხედრის დაბრუნება
საქმის მასალების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ მხარეებმა დაღუპულთა ცხედრები გაცვალეს. სომხურმა მხარემ მაშინ განაცხადა, რომ რამდენიმე სამხედრო სხეულის ნაწილების გარეშე დააბრუნეს.
სასამართლოს შეფასებით, ხ.ტ.-ის ცხედრის არასრულად დაბრუნებამ მის ოჯახს სრულფასოვანი დაკრძალვის ჩატარების შესაძლებლობა წაართვა, რამაც მათი ტანჯვა კიდევ უფრო გააღრმავა.
კომპენსაცია ოჯახისთვის
სტრასბურგის სასამართლომ გარდაცვლილის მშობლებს მორალური ზიანისთვის 60 000 ევრო მიანიჭა, ხოლო დას – 30 000 ევრო.
დამატებით, 14 210 ევრო გამოიყო სასამართლო და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად.
საერთო ჯამში, აზერბაიჯანმა დაახლოებით 104 000 ევროზე მეტი უნდა გადაუხადოს დაზარალებულის ოჯახს. თანხა სამი თვის ვადაში უნდა გადაირიცხოს.
პირველი გადაწყვეტილება 2016 წლის ომთან დაკავშირებით
ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება, რომელიც უშუალოდ 2016 წლის აპრილის სამხედრო მოქმედებებს ეხება.
სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე: დაჭრილ, ტყვედ ჩავარდნილ ან სხვაგვარად ქმედუუნარო პირებზე თავდასხმა აკრძალულია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კონფლიქტის მონაწილე მხარეს ეკუთვნიან.
სტრასბურგის მონაცემებით, ამჟამად სასამართლოში კიდევ 21 მსგავსი საქმე განიხილება, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს მომხდარ სავარაუდო დარღვევებს ეხება.
ბაქო ბრალდებებს უარყოფს
აზერბაიჯანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მოვლენები აქტიური საბრძოლო მოქმედებების პერიოდში განვითარდა.
ოფიციალური ბაქოს პოზიციით, სახელმწიფო წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობა არ დადასტურებულა, ხოლო ცხედრების გაცვლისა და ჩატარებული გამოძიებების დროს სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებულებები არ გამოვლენილა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას ასევე არაერთხელ დაუყენებია ეჭვქვეშ როგორც სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციას, ისე მის მიერ გამოყენებულ მტკიცებულებებს. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა წარსულში სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილება “მიკერძოებულად“ შეაფასეს.
18 ივნისის საღამოსთვის ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე აზერბაიჯანის ხელისუფლების ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გამოქვეყნებულა.