საქართველოში ბავშვებისთვის ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლაა — PHR პირველ ივნისზე
PHR პირველ ივნისზე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აცხადებს, რომ მიუხედავად არსებული სამართლებრივი გარანტიებისა, საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვა კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. 1989 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელიც 18 წლამდე ასაკის ყველა ადამიანს მოიცავს. საქართველო კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს და დაიცვას მასში გაწერილი უფლებები.
ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას ბავშვების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განვითარების, განათლების, უსაფრთხოების, სოციალური დაცვისა და ღირსების უფლებები, გამომდინარეობს როგორც საქართველოს კანონმდებლობიდან, ისე საერთაშორისო კონვენციებიდან. თუმცა, PHR-ის შეფასებით, პრაქტიკაში ეს ვალდებულებები ხშირად შეუსრულებელი რჩება.
განცხადებაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებაა დასახელებული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ხშირად უხილავები რჩებიან იმ ინსტიტუციებისთვის, რომელთაც მათი დაცვა ევალებათ. PHR-ს მაგალითად მოჰყავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის შემთხვევა, რომლის შესახებაც სახელმწიფო უწყებებმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ბავშვმა სახლიდან გაქცევა და დამოუკიდებლად დახმარების მოთხოვნა შეძლო.
PHR ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა სიღარიბის პრობლემაზეც. ორგანიზაციის შეფასებით, ათასობით ბავშვი კვლავ ცხოვრობს ისეთ პირობებში, რომლებიც ზღუდავს მათ ხელმისაწვდომობას განათლებაზე, ჯანდაცვაზე, კულტურულ და სოციალურ სერვისებზე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში, მათი თქმით, რეგიონებში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არიან.
უფლებადამცველები კრიტიკულად აფასებენ სახელმწიფოს დამოკიდებულებას საპროტესტო აქციებში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართაც. განცხადების მიხედვით, განსაკუთრებული დაცვის ნაცვლად, ბავშვები აქციების დროს ძალადობისა და დაკავების შემთხვევების წინაშე აღმოჩნდნენ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს ვალდებულებაა მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, დაცვა.
ორგანიზაცია ასევე შეშფოთებას გამოთქვამს არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრების გამო. საუბარია 10-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის “კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლის“ შექმნის ინიციატივაზე, რომელიც, PHR-ის შეფასებით, თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ჯერ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს არ არიან მიღწეულნი.
ორგანიზაციის აზრით, მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებების კონვენციის ძირითად პრინციპებს, რომლებიც ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტს, თავისუფლების შეზღუდვის უკიდურეს ღონისძიებად გამოყენებასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებულ პოლიტიკას ითვალისწინებს. მათივე შეფასებით, დახურული ტიპის ინსტიტუციების შექმნა ასევე წინააღმდეგობაში მოდის დეინსტიტუციონალიზაციის საერთაშორისო სტანდარტებთან.
განცხადებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მდგომარეობას. PHR მიუთითებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საქმეებზე, რომელთა ოჯახები თვეების განმავლობაში სახელმწიფოსგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას ითხოვენ. ორგანიზაციის თქმით, საჯარო უწყებების წინ შეკრებილ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ხშირად პასუხისმგებელი პირების ნაცვლად სამართალდამცავები ხვდებიან.
უფლებადამცველები ასევე იხსენებენ შემთხვევას, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს სოციალური შემწეობა შეუჩერდა იმ პერიოდში, როდესაც მისი დედის საბანკო ანგარიშები დაყადაღებული იყო. მათი შეფასებით, ასეთმა გადაწყვეტილებამ ბავშვი არსებობისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების გარეშე დატოვა და საფრთხე შეუქმნა მისი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას.
PHR-ის განცხადებით, ჩამოთვლილი პრობლემები მხოლოდ ნაწილია იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დღეს საქართველოს ბავშვები დგანან. ორგანიზაცია დამატებით საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე არასაკმარის ხელმისაწვდომობაზე, ონლაინ ძალადობის ზრდაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული სერვისების დეფიციტსა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებზე.
“1 ივნისი არის შეხსენება იმ ვალდებულებებისა, რომლებიც სახელმწიფომ მთელი წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს. ვიდრე საქართველოში ბავშვებისთვის ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლაა, ეს დღეც ვერ იქნება საზეიმო.“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.