პრორუსული ორგანიზაციების ინიციატივით საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა
რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო
პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით საქართველოში “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. ორგანიზატორების განცხადებით, ახალი პლატფორმის მიზანი საჯარო სივრცეში “ანტირუსული რიტორიკის“, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი იქნება.
ინიციატივის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო მედიის პლატფორმა Sputnik Georgia-მ გაავრცელა. გამოცემის თანახმად, საბჭო შეაგროვებს მონაცემებს იმ ფაქტებზე, რომლებსაც მისი წევრები “რუსოფობიის გამოვლენად“ მიიჩნევენ – “რუსეთის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებიდან და ისტორიული მოვლენების დამახინჯებიდან დაწყებული, ენობრივი ან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციით დასრულებული“.
ორგანიზატორების განცხადებით, მონიტორინგი შეეხება მხოლოდ საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს. მათივე თქმით, საბჭოს ფარგლებში შეიქმნება იურიდიული ჯგუფიც, რომელიც გამოვლენილ შემთხვევებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საჩივრების მომზადებას უზრუნველყოფს.
ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება სამ თვეში ერთხელ იგეგმება. განსაკუთრებული ყურადღება, მათი თქმით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებსა და მოვლენებზე გამახვილდება. ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ საქართველოში ანტირუსული განცხადებებისა და აქციების რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა.
ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, გულბაათ რცხილაძემ, განაცხადა, რომ საბჭო მხოლოდ საჯარო განცხადებების მონიტორინგით არ შემოიფარგლება და შესაძლოა საკანონმდებლო ბაზის გადახედვაც მოითხოვოს. მისი თქმით, თუ რომელიმე ნორმა “რუსოფობიურ შინაარსს“ შეიცავს, ორგანიზაცია შესაბამისი ცვლილებების ინიციირებას განიხილავს.
რცხილაძის განცხადებით, პროექტი მის მიერ დაფუძნებულ “ევრაზიის ინსტიტუტსა“ და რამდენიმე პარტნიორ ჯგუფს ეკუთვნის.
ტერმინი “რუსოფობია“ ისტორიულად რუსების მიმართ შიშს ან მტრულ დამოკიდებულებას აღნიშნავს, თუმცა ბოლო წლებში იგი რუსეთის ოფიციალური რიტორიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მოსკოვი ამ ტერმინს ხშირად იყენებს საერთაშორისო კრიტიკის საპასუხოდ, მათ შორის მაშინ, როდესაც საუბარია მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე ან სხვა სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის ბრალდებებზე.
რუსეთის ხელისუფლება “რუსოფობიის“ თემას მეზობელ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის არგუმენტადაც იყენებს. კრემლი არაერთხელ ამტკიცებდა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს ენობრივი და კულტურული პოლიტიკა რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციას იწვევს.
კომენტარი

შოთა დიღმელაშვილი, “ფორბსის” აღმასრულებელი რედაქტორი: “რუსული სპუტნიკი იუწყება, რომ საქართველოში “რუსოფობიის” მონიტორინგს გააკეთებენ.
ამის განხილვა არ შეიძლება პუტინის მიერ ახლახანს მიღებული კანონისგან დამოუკიდებლად. კანონი ამბობს, რომ რუსეთს აქვს ნებისმიერი ქვეყნის ანექსიის უფლება ადგილზე რუსების “დასაცავად”.
საქართველოს ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკა გულისხმობდა, რომ დასავლეთთან დაპირისპირების სანაცვლოდ უნდა მიგვეღო “მშვიდობა” და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.
რეალობა კი საპირისპიროა: სულ ახლახანს გაგლოევი შეხვდა პუტინს, გაფორმდა ახალი სამოკავშირეო შეთანხმება “ოსი ხალხის გაერთიანების პროცესისთვის”
გასული წლის 17 მაისს კი პუტინმა მოგვილოცა ოჯახის სიწმინდის დღე როგორც სამაჩაბლოში, ისე აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსული მოქალაქეობის მიღების გამარტივებით.
საბოლოო ჯამში, რუსეთთან მიტმასვნის პოლიტიკამ (რომელსაც მავანნი ბალანსირებად ასაღებენ) ქვეყნის გაერთიანების პროცესი კიდევ უფრო შეაფერთხა, საფრთხეები კი გაზარდა.
ეს მხოლოდ დასაწყისია, დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურის წიაღში რეინტეგრაციის გარეშე კიდევ გაიზრდება უსაფრთხოების რისკი და გაღრმავდება ბზარები რეგიონებს შორის.
ამას დამატებით ხელს უწყობს ეროვნული ნაციონალიზმის ეთნიკური ნაციონალიზმით ჩანაცვლების პროექტი, რომლითაც, თავის დროზე, სსრკ აუვნებელყოფდა ეროვნული სუვერენიტეტის სენტიმენტს
ხოლო საბჭოეთის შემდეგ ნოყიერ ნიადაგად იქცა ფსბ-ს მიერ სეპარატიზმის და ეთნოკონფლიქტების გასაღვივებლად, რამაც შეაფერხა ყოფილი დსთ-ის ევროატლანტიკური ინტეგრაცია აქაც და სხვაგანაც.”