4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები პოლიტიკური პატიმრები არიან — TI
პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმე
2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე მომზადებულ ვრცელ ანგარიშში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის მექანიზმი აამოქმედა და “სახელმწიფო გადატრიალების“ ნარატივი შეგნებულად შექმნა, რათა პროტესტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, ძალადობრივ მცდელობად წარმოჩენილიყო.
ორგანიზაციის შეფასებით, საბოლოოდ ეს მცდელობა არ გამართლდა, რადგან ვერც საზოგადოება და ვერც საერთაშორისო პარტნიორები ვერ დარწმუნდნენ, რომ რეალურად არსებობდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის გეგმა. ანგარიშის მთავარი დასკვნაა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები პოლიტიკური პატიმრები არიან.
4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
რას ამბობს TI
საქმე ეხება ათობით ათასიანი საპროტესტო აქციის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ბრალი 66 ადამიანს წაუყენეს. მათ შორის არიან ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
4 ოქტომბრის აქცია თავისუფლების მოედანზე დაიწყო. დემონსტრანტები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში, ევროპული კურსის შეცვლაში და კრიტიკული აზრის ჩახშობაში ადანაშაულებდნენ. იმ დღის მთავარი პოლიტიკური გზავნილი იყო ხელისუფლების “მშვიდობიანი დამხობის“ მოთხოვნა – ფორმულირება, რომელსაც ხელისუფლებამ მოგვიანებით “გადატრიალების მცდელობა“ უწოდა.
ანგარიშის მიხედვით, სწორედ ამ ფრაზის გარშემო ააგო პროკურატურამ ბრალდებების მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ “მშვიდობიანი დამხობა“ პოლიტიკური მოწოდებაა და არა ძალადობისკენ მოწოდება. მათი განმარტებით, სისხლის სამართლის იმ მუხლების გამოყენება, რომლებიც ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას ეხება, მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა არსებობს პირდაპირი მოწოდება ძალადობაზე ან შეიარაღებულ მოქმედებაზე.
ამ კონტექსტში ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არც საჯარო გამოსვლებში და არც აქციის სცენარში არ იკვეთებოდა წინასწარ დაგეგმილი ძალადობრივი გეგმა. ორგანიზაციის აზრით, ხელისუფლებამ პოლიტიკური რიტორიკა სისხლის სამართლის საქმედ აქცია.
მოვლენების ყველაზე სადავო ეპიზოდი პრეზიდენტის სასახლესთან განვითარდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი სასახლესთან მივიდა, სადაც რამდენიმე წუთში ღობის ერთ-ერთი სექცია ჩამოიშალა და რამდენიმე დემონსტრანტი ეზოში შევიდა. ამის შემდეგ სპეცრაზმმა ტერიტორია სწრაფად გააკონტროლა.
ანგარიშის ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ სწორედ ამ ღობეზე. მათი მტკიცებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონსტრუქცია წინასწარ იყო დაზიანებული და ისე იყო დამაგრებული, რომ მცირე ზეწოლასაც ვერ გაუძლებდა. ეჭვს ამყარებს ტელეკომპანია TVპირველის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც, ორგანიზაციის შეფასებით, ჩანს, რომ მეტალის საყრდენები დეფორმირებული იყო.
საეჭვოდ მიიჩნევა ისიც, რომ ღობე, როგორც საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, სამართალდამცავებმა სათანადო წესით არ შეინახეს. ის არც დალუქულა და არც სრულფასოვანი ექსპერტიზა ჩატარებულა. უფრო მეტიც, ანგარიშის მიხედვით, ექსპერტებმა დასკვნები ისე დაწერეს, რომ თავად ღობე საერთოდ არ უნახავთ და მხოლოდ ფოტომასალას დაეყრდნენ.
ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ სამართალდამცავებმა შესაძლოა თავად შექმნეს ისეთი გარემო, რომელიც დაპირისპირების პროვოცირებას მოახდენდა. ანგარიშში ეს შეფასებულია, როგორც შესაძლო “მახეში გაბმა“ – პრაქტიკა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში აკრიტიკებს.
დოკუმენტში ცალკე არის განხილული სასამართლოს როლიც. ავტორები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში, სადაც ასობით საჯარო მოხელე და ათეულობით მოსამართლე საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე საუბარი რთულია. მათი აზრით, სწორედ ამ გარემომ შექმნა პირობები, რომ პოლიტიკური საქმეები სისხლის სამართლის ფორმით წარმართულიყო.
საბოლოოდ, ანგარიშის მთავარი ხაზი ასეთია: ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის მოვლენები გამოიყენა არა რეალური საფრთხის გასანეიტრალებლად, არამედ პროტესტის დასაშინებლად. ორგანიზაციის შეფასებით, “სახელმწიფო გადატრიალების“ თეორია ვერ დამტკიცდა, ხოლო საქმე უფრო ჰგავს მცდელობას, რომ მასობრივი პროტესტი კრიმინალურ ქმედებად წარმოჩენილიყო.