პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო წლებში 75 ადგილით ჩამოქვეითდა — RSF-ს ანგარიში
RSF-ს ანგარიში
ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) აცხადებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება 2026 წელს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რასაც ხელს უწყობს ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისი, რეპრესიული კანონმდებლობა და ჟურნალისტებზე მზარდი ზეწოლა.
RSF-ს თანახმად, 2026 წელს საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში, წინა წელთან შედარებით, 21 ადგილით ჩამოქვეითდა. თუ გასულ წელს საქართველო 50.53 ქულით, 180 ქვეყანას შორის 114-ე ადგილს იკავებდა, ახლა 135-ე ადგილზეა. ჰონგ-კონგთან და ელ სალვადორთან ერთად, საქართველო მათ შორისაა, სადაც პოლიტიკური ცვლილებებისა და მზარდად რეპრესიული რეჟიმების გამო, პრესის თავისუფლება ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა.
საქართველო რეიტინგში თავის საუკეთესო შედეგს 2019-21 წლებში აჩვენებდა, როდესაც მე-60 ადგილს იკავებდა, საიდანაც მას შემდეგ 75 ადგილით ჩამოქვეითდა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო მედიის თავისუფლების ინდექსის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისს განიცდის 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ანგარიშის მიხედვით, შექმნილი გარემო ზრდის მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების რისკს.
“მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიის ფლობას უკრძალავს, მსხვილი მედიასაშუალებები ხშირად იმ მფლობელების ინტერესებს ემსახურებიან, რომლებიც პოლიტიკასთან არიან დაკავშირებული. ამავე დროს, სახელმწიფო მედიაზე ხელისუფლების გავლენა ძლიერდება და კრიტიკულ მედიასთან კომუნიკაცია სულ უფრო იშვიათდება, რასაც თან ახლავს ცენზურა, ცილისწამების კამპანიები და დაშინება.” – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაციები პრესის თავისუფლების მიმართულებით, რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
დოკუმენტის მიხედვით, ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად ამძიმებს მედიაგარემოს. მათ შორისაა “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც მედიის ხელმძღვანელ პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს და დარღვევის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს მაუწყებლების უცხოურ დაფინანსებას და ზრდის მარეგულირებლის უფლებამოსილებას.
ანგარიში ასევე ამახვილებს ყურადღებას მედიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აღნიშნავს, რომ ბეჭდურ და ონლაინ სივრცეში სარეკლამო ბაზარი მცირდება, არსებული გარემო კი განსაკუთრებით აზარალებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც დიდწილად საერთაშორისო დონორებზე არიან დამოკიდებული.
“უცხოური დაფინანსების შეზღუდვებმა მათი ფინანსური მდგრადობა კიდევ უფრო შეასუსტა.” – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში აღწერილია სოციოკულტურული გარემოც, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, დამატებით ზეწოლას ახდენს ჟურნალისტებზე. საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რელიგია, LGBTQ+ უფლებები და რუსული გავლენა, ასევე გავლენას ახდენს მედიაზე.
ორგანიზაცის განმარტებით, განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში არიან ჟურნალისტები, რომლებიც ამ თემებს აშუქებენ და ხშირად ხდებიან სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური თავდასხმებისა და დაშინების სამიზნეები.
ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევები გაიზარდა, ხოლო მათი გამოძიება კვლავ არაეფექტურია, რაც დაუსჯელობის გარემოს ამყარებს.