შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაციის უკრაინული და მოლდოვური გზა არ არის ქართული გზა
გაზიარება
გაზიარება
შალვა პაპუაშვილი ევროინტეგრაციაზე
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არ უნდა დაემსგავსოს უკრაინისა და მოლდოვის მოდელებს, რომლებიც, მისი შეფასებით, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობას უკავშირდება.
ჟურნალისტებთან საუბარში პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, თუ ამის სანაცვლოდ ქვეყანას მოუწევს საკუთარი ტერიტორიების, იდენტობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დათმობა. მისი თქმით, საქართველო “არასდროს დადგება იმ გზაზე“, რომელიც, მისივე ინტერპრეტაციით, უკრაინასა და მოლდოვასთვის არის შეთავაზებული.
პაპუაშვილმა საკუთარ არგუმენტად მოიყვანა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შესაძლოა ტერიტორიული საკითხები გახდეს განხილვის საგანი. ამასთან, მან მიუთითა მოლდოვის პრეზიდენტის პოზიციაზეც, რომელიც, პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში რუმინეთთან გაერთიანებას განიხილავს.
მისი შეფასებით, მსგავსი მიდგომები მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირში წევრობის მიღწევა ხშირად დაკავშირებულია მძიმე პოლიტიკურ დათმობებთან.
“თუ წევრობა არის თვითმიზანი, ეს ნიშნავს, რომ უნდა გაწირო შენი სუვერენიტეტი – საქართველოსთვის ასეთი არჩევანი მიუღებელია.” – განაცხადა მან.
პაპუაშვილმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირი დემოკრატიული სტანდარტების მხრივ და განაცხადა, რომ ბლოკის ინსტიტუტები თავად არიან ჩართული სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში.
მისი კომენტარი უკავშირდებოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს, რომელშიც საუბარია ევროკავშირის შესაძლო ჩარევაზე სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში.
პაპუაშვილის თქმით, ეს ანგარიში აჩენს კითხვებს ევროკავშირის დემოკრატიული იმიჯის შესახებ. პაპუაშვილის მტკიცებით, ევროკომისიისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან არჩევნებში “სისტემური ჩარევა“ ხდება, მათ შორის საქართველოში.
მან ასევე გაიხსენა შემთხვევა, რომელიც, მისი თქმით, დანიის დაფინანსებას უკავშირდებოდა და რომლის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენის მცდელობა ხორციელდებოდა. პაპუაშვილის თქმით, საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც დანიურ მედიაში გაჩნდა ინტერესი და სკანდალი.