ვის ეკუთვნის სიმდიდრე საქართველოში: Forbes-ის რეიტინგი და ძალაუფლების რეალური რუკა
ყველაზე მდიდარი ქართველები
ბიზნესგამოცემა Forbes Georgia-მ 23 მარტს პირველად გამოაქვეყნა ქვეყნის 100 უმდიდრესი მეწარმის სია.
ვის ეკუთვნის სიმდიდრე საქართველოში
რეიტინგში წარმოდგენილი 100 მეწარმის ქონების ჯამური ღირებულება ₾60.1 მილიარდს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის 60%-ს უახლოვდება და საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.
ქვეყნის მსგავსად, უმდიდრეს ადამიანთა შორისაც კაპიტალი მწვერვალზეა კონცენტრირებული: უმდიდრეს მეწარმეთა ასეულის პირველი ათეული საერთო ქონების დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს, ხოლო პირველი ხუთეული – თითქმის ნახევარს. რეიტინგში საშუალო ქონება დაახლოებით ₾600 მილიონს შეადგენს, მაშინ როდესაც მედიანური მაჩვენებელი მხოლოდ ₾227 მილიონია. ეს განსხვავება ცხადყოფს ასეულში სიმდიდრის მკვეთრად არათანაბარ გადანაწილებას.
კაპიტალის სექტორული სტრუქტურაც იმავე სურათს ამყარებს. რეიტინგში უდიდესი წილი მოდის ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ფინანსები, ტელეკომუნიკაციები, ჯანდაცვა და უძრავი ქონება. ეს არის სფეროები, სადაც ბაზარზე დამკვიდრებული პოზიცია და ოპერაციული მასშტაბი განსაზღვრავს შედეგს: სიმდიდრე გროვდება უფრო სისტემურად, სტაბილური ფულადი ნაკადებით და ბაზრის წილის განმტკიცებით, ვიდრე ტექნოლოგიური სფეროებისთვის დამახასიათებელი ნახტომებით.
“მოკლედ, საქართველოში სიმდიდრის კონცენტრაცია თვალსაჩინოა როგორც ეკონომიკის მასშტაბით, ისე ქვეყნის ეკონომიკური ელიტის შიგნითაც. თუმცა ეს რეიტინგი შეიქმნა არა ხსენებული დინამიკის განსჯის მიზნით, არამედ მის აღსაწერად.” – აღნიშნავს გამოცემა.
სიის სათავეში აღმოჩნდა მიხეილ ლომთაძე, ყაზახეთში ციფრული და საბანკო სერვისების სფეროში მოქმედი ბიზნესმენი – თითქმის 16 მილიარდი ლარის დეკლარირებული ქონებით. ის ასევე Forbes-ის გლობალურ რეიტინგში 597-ე ადგილზეა.
რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ბიძინა ივანიშვილმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც ქვეყნის არაფორმალური მმართველი.
ეკონომიკის ძველი ენერგია და ახალი შესაძლებლობები
Forbes Georgia-ს შეფასებით, ძირითადი სიმდიდრე მოდის ფინანსების, ტელეკომუნიკაციების, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და უძრავი ქონების სექტორებზე. ეს სფეროები დიდწილად ეყრდნობა უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას, ქსელებსა და მასშტაბს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური სექტორისგან განსხვავებით, სადაც კაპიტალი შეიძლება სწრაფად და ნახტომისებურად დაგროვდეს, ტრადიციული ინდუსტრიები პოზიციებს დროთა განმავლობაში დაგროვილი უპირატესობებით ამყარებენ – ეს ასახავს განვითარებადი ეკონომიკის “ინსტიტუციურ რეალობას“, სადაც ბაზარზე წვდომა და კონტაქტები გადამწყვეტ როლს თამაშობს.
კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ინოვაციაზე დაფუძნებული კაპიტალი ჩნდება, თუმცა სიმდიდრის იერარქია კვლავ დიდწილად არსებული ეკონომიკური სისტემების კონტროლით განისაზღვრება.
როგორ შედგა რეიტინგი
რეიტინგი მოიცავს მხოლოდ საქართველოში განთავსებულ აქტივებს და აქ უცხოური და ოფშორული ქონება გამორიცხულია. მონაცემები ეფუძნება ფინანსურ ანგარიშგებებს, საკუთრების სტრუქტურას, სექტორულ ანალიზსა და მრავალჯერად გადამოწმებას.
სიის შესადგენად გამოყენებულია 2023 წლის ფინანსური ანგარიშები, საჯარო რეესტრის მონაცემები, კომპანიების ოფიციალური ვებგვერდები და სხვა საჯარო წყაროები.
სიაში მხოლოდ ის პირები მოხვდნენ, ვისი ბიზნესაქტივებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი და გადამოწმებადი მონაცემებით შეფასდა.
100 უმდიდრეს ქართველს შორის მხოლოდ 12 ქალია.
სიის მონაწილეთა საშუალო ასაკი 56 წელია – ყველაზე ახალგაზრდა 25 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი 90-ის.
გლობალურ Forbes-ის რეიტინგში მხოლოდ ორი მათგანი, მიხეილ ლომთაძე და ბიძინა ივანიშვილი, ფიგურირებს.
ტოპ-10: ვინ აკონტროლებს ყველაზე დიდ კაპიტალს
მიხეილ ლომთაძე (ასაკი 50) — 15.853 მლრდ ლარი
Kaspi-ის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე. მის აპლიკაციას ყაზახეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყენებს. წარმოშობით ბათუმიდანაა, თუმცა ქონება ყაზახეთში დააგროვა. 2024 წლიდან ფლობს ინგლისურ საფეხბურთო კლუბ Wycombe Wanderers-ს.

ბიძინა ივანიშვილი (70) — 7.254 მლრდ ლარი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. ქონება ძირითადად რუსეთში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბანკო და მეტალურგიულ სექტორებში დააგროვა. მრავალწლიანი დავა აქვს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან.

გიორგი ჯოხთაბერიძე (72) — 2.764 მლრდ ლარი
MagtiCom-ის 75%-ის მფლობელი – საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანია. ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიძე და თანამედროვე ქართული ხელოვნების კოლექციონერი.

ირაკლი რუხაძე (59) — 2.227 მლრდ ლარი
MagtiCom-ის 25%-ის, Liberty Bank-ის თითქმის სრული და Rustavi Steel-ის სრული მფლობელი. ფლობდა ტელეკომპანია “იმედს“, რომელიც ცოტა ხნის წინ გაყიდა.

თემურ ჭყონია (75) — 1.745 მლრდ ლარი
Coca-Cola Bottlers Georgia-სა და McDonald’s-ის ქსელის მთავარი ოპერატორი საქართველოში. ბიზნესში 1990-იანი წლებიდანაა აქტიურად ჩართული.

პაატა კურტანიძე (58) — 1.562 მლრდ ლარი
ფარმაცევტული ქსელ “ავერსის“ მფლობელი და წამლების მწარმოებელი კომპანიის მთავარი აქციონერი.

გიორგი რამიშვილი (58) — 1.485 მლრდ ლარი
Silk Road Group-ის მფლობელი. ჯგუფში შედის Silknet და სხვა მსხვილი კომპანიები, მათ შორის სასტუმროები.

კახაბერ ოქრიაშვილი (59) — 1.141 მლრდ ლარი
PSP-ის, GM Pharma-ს და სამედიცინო ცენტრების მფლობელი. სხვადასხვა პერიოდში იყო პარლამენტის წევრი.

ხვიჩა მაქაცარია (61) — 1.132 მლრდ ლარი
ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. ფლობს წილებს თბილისი ენერჯისა და თელასში.

გია გორგოშაძე (55) — 1.045 მლრდ ლარი
სამშენებლო და სარემონტო კომპანია Gorgia-ს დამფუძნებელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს.

სხვა მნიშვნელოვანი ფიგურები
რეიტინგში მოხვდნენ როგორც ბიზნესმენები, ისე მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები.
მაკა ასათიანი (მე-12 ადგილი. ქონება: 806,56 მლნ) — ყოფილი მოდელი და ბიზნესმენი, აქტიურია ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორებში.

მამუკა ხაზარაძე (მე-18. 732,28 მლნ) — ოპოზიციური პარტია “ლელოს” ლიდერი და TBC Bank-ის თანადამფუძნებელი, ამჟამად მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ბადრი ჯაფარიძე (23-ე. 478,82 მლნ) — TBC Bank-ის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი, ასევე ბრალდებული იმავე საქმეში მამუკა ხაზარაძესთან ერთად.

კახა ბექაური (36-ე. 326,25 მლნ) — კომუნიკაციების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი, სუპერმარკეტების ქსელის, “ორი ნაბიჯის” თანამფლობელი.

ანტონ ობოლაშვილი (46-ე. 244,61 მლნ) და შოთა ბერეკაშვილი (73-ე. 122,32 მლნ) — მმართველი პარტიის დეპუტატები, ბიზნესაქტივებით ფარმაცევტულ და სამშენებლო სექტორებში.
ზაალ დუგლაძე (მე-80. 115,95 მლნ) — “ქართული ოცების” დეპუტატი და ღვინის ბიზნესის თანამფლობელი.
კომენტარი
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ ვთქვათ, რომ ეს მონაცემები გვაძლევს არა უბრალოდ იმის სურათს, თუ “ვინ არის მდიდარი საქართველოში“, არამედ სურათს იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა, ძალაუფლების განაწილება და საბოლოოდ განვითარების მოდელი.

თამთა მიქელაძე: ჩანს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც საქართველოს პოლიტეკონომიკურ სისტემას ხსნის და რომელსაც ყველა ოჯახი და მოქალაქე საკუთარ ცხოვრებაში ხედავს და განიცდის:
- სიმდიდრის კონცენტრაცია ერთეულების ხელში და აშკარა ოლიგოპოლიური ეკონომიკის ნიშნები. სიის ტიპ ათეული აკონტროლებს სიმდიდრის 50 %, ტოპ ხუთეული კი 50 %. უფრო მეტიც, მხოლოდ 2 ადამიანი, ივანიშვილი და ლომთაძე, აკონტროლებს ქვეყნის უმდიდრესი 100-ის ქონების მესამედს.
ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში სიმდიდრე ფართოდ განაწილებული არ არის და გადამყვეტ ეკონომიკურ რესურსებს და ბერკეტებს მცირე ჯგუფი ფლობს. ასეთ სისტემაში რთულდება ახალი მოთამაშეების შემოსვლა და ცხადია, რომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ძალაუფლება ადვილად გარდაიქმნება პოლიტიკურ გავლენად.
რაღაც გაგებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სისტემაში ბაზარი არის სტრუქტურულად დომინირებული და მიკერძოებული ძლიერების სასარგებლოდ და კლასიკურად თავისუფალ საბაზრო სისტემასთან შეხება არ გვაქვს.
2. თვალშისაცემია, რომ ეკონომიკურ სექტორებში დომინირებს ფინანსები და ბანკები, მონოპოლიური სერვისები, უძრავი ქონება და ინფრასტრუქტურა, იმპორტი, რომელიც მიბმულია გლობალურ ბრენდებზე. და რაც ყველაზე მთავარია ინდუსტრიული ბაზა არის სუსტი და პრაქტიკულად არ ჩანს მაღალტექნოლოგიური წარმოება, ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრია და ინოვაციური სექტორები. ანუ ქართული ეკონომიკა არ არის “რეალური ეკონომიკა”, რომელიც აწარმოებს და პროდუქტიურია, იმიტომ რომ ის არსებითად სერვისებზე, იმპორტზე და ფინანსებზეა დამოკიდებული.
დათვლებით, სიმდიდრის 45 % მოდის კონცენტრირებულ ბაზრებზე, სადაც მონოპოლიური აქტორები განსაზღვრავენ თამაშის წესებს (რეგულაციები, ფასები და ა.შ.).
3. ასეთი ეკონომიკის სტრუქტურული გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე და სოციალურ რეალობაზე უმძიმესია:
ასეთი ტიპის ეკონომიკა არ ქმნის მასობრივ და მაღალი პროდუქტიულობის სამუშაო ადგილებს, საბოლოოდ კი
სიმდიდრე „არ იჟონება ქვემოთ.“ ამიტომაც ასეთი ეკონომიკის პირდაპირი შედეგია სოციალური სტაგნაცია, დაბალი სოციალური მობილობა, ახალგაზრდების ემიგრაცია და საშუალო კლასის სისუსტე.
უფრო მეტიც დააკვირიდთ, სერვისის სექტორებში კონკურენციის არარსებობის გამო, ხშირად ხდება (და ეს ჩვენი ყველას რეალობაა) ფასების გადაჭარბებული ზრდა, რაც საბოლოოდ მოქალაქეებს ე.წ. “ფარული გადასახადების” სახით აწვება.იმის გამო, რომ ასეთ ეკონომიკაში ეს სოციალური ტვირთი და ხარჯი ნაკლებად ხილულია, ის ნაკლებად ხდება პოლიტიკური დებატის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირია და სისტემური.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს რეალობა, სადაც მოსახლეობა არა მხოლოდ არ იღებს სარგებელს ამ ეკონომიკიდან, არამედ აფინანსებს კიდეც სიმდიდრის ამ უსამართლო კონცენტრაციას.
4. უფრო ფართოდ და კრიტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოდელი ქმნის რეალობას, სადაც ვიწრო ეკონომიკურ ელიტა მუდმივად უპირისპირდება ფართო და მასობრივ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას და რომელიც, მათი შრომისა და გაღარიბების ხარჯზე მდიდრდება. ამიტომაც ეს არის არა უბრალოდ სიმდიდრის კონცენტრაცია, არამედ კაპიტალის უპირატესობა შრომაზე და მისი ამოღება ჩვენი შრომიდან და ოჯახებიდან (ყოველდღიური უსმართლოდ გაზრდილი მოსაკრებლებისა და ხარჯების სახით).
5. ძალიან თვალშისაცემია პოსტსაბჭოთა კაპიტალიზმის მემკვიდრეობა. 90-იანი წლებში დაგროვებული სიმდირე და პრივატიზაციის გზით მიღებული რესურსები და რაც ყველაზე მთავარია ამ მდიდარი მეწარმეების ასაკი. 50 + ასაკშია 100 ყველაზე მდიდარი ადამიანიდან 70, რაც აჩვენებს რომ სიმდიდრის 70 % ძველი ბიზნეს ელიტა ფლობს. ეს ტიპები გამდიდრდა 90-იანი და 2000-იანი წლების კრიზისების დროს, მგონი, მათმა მეზობლებმაც იციან.
ამასთან საინტერესოა, რომ ამ სიმდიდრის 15-20 % კავშირშია პოსტსაჭოთა კაპიტალთან გეოგრაფიულად.
ამასთან თვალშისაცემია ოჯახური კაპიტალიზმი. რეალურად ამ ბიზნესების 25-30% ოჯახურ/კლანური სტრუქტურებშია მოქცეული და მასში ცირკულირებს. ანუ სიმდიდრე ბრუნავს იგივე წრეში და არ ახასიათებს მობილობა.
ის რომ საქართველო არ არის რესურსებით მდიდარი, ამ კლანური, ოლიგოპოლიური და დახურული ეკონომიკური სისტემის ზიანს უფრო ამსუბუქებს, თორემ ჩვენ მერე გვენახა აქ ავტოკრატია და შუა აზია.
6. ცხადია, რომ ყველაზე თვალშისაცემი პატერნი ეს ეკონომიკის და პოლიტიკის გადაჯაჭვაა და აშკარა მოძრაობა, როგორც ბიზნესიდან პოლიტიკაში, ისე პირიქით, პოლიტიკიდან ბიზნესში. მონაცემების დათვლით, ამ 100 ფიგურიდან 35-40% აქვს პირდაპირი თუ არაპირდაპიარი პოლიტიკური კავშირი. ცხადია, რომ ამ პირობებში პოლიტიკა ხდება უფრო მგრძნობიარე ელიტების ინტერესების მიმართ და არა ამომრჩევლისა და ხალხის მიმართ.

რომან გოცირიძე, ეკონომისტი: “ქართულმა “ფორბსმა” პირველად გამოაქვეყნა ქართველ მილიონერთა ასეული. კარგია ეს მცდელობა. მერე ნელ-ნელა დაიხვეწება სია. ზოგი ზედმეტად გადაფასებულია ჩემი აზრით, ზოგიც ზედმეტად შეუფასებელი. ერთ ნაცნობს ხუმრობოთ მივულოცე მესინჯერში და გაკვირვებული იყო, ნეტავ მართლა მქონდეს მაგდენი ქონებაო.
ორი რამ მომხვდა თვალში:
ამ ასი ყველაზე მდიდარი ადამიანიდან დღეს მხოლოდ 3-4-ს თუ მიაქვს რეკლამა კრიტიკულ ტელევიზიებში, დანარჩენს ყველას სად მიაქვს (მიჰქონდა) ისედაც ნათელია.
სინამდვილეში გამდიდრდა თუ გაღარიბდა ივანიშვილი? გამდიდრდა, თანაც ყველა მიმართულები: გაიზარდა მისი აქციების ფასი, გაიზარდა მისი ნახატების ფასი, გაიზარდა მისი უძრავი ქონების ფასი, შვეიცარიის ბანკთან დავაშიც კი ორმაგად და უფრო მეტად აინაზღაურა ზიანი. ამ ფულის ნაწილი, 463 მილიონი დოლარი უკვე ჩაერიცხა, 600 მილიონი კი გაყინულია, თუმცა მოიგო სასამართლო დავა. და რაც მთვარია, აქ, საქართველოში იშოვა კოლოსალური ფული. მისი კომპანიები იგებენ ტენდერებს და უმეტესობა სარგებლობს სხვადასხვა სახის საგადასახადო თუ არასაგადასახადო შეღავათებით. აგერ, ახლა ბაჩიაშვილიც განაკულაკა.
რადგან ქართული “ფორბსიც” არიდენტიფიცერებად აქტივებს არ ითვლის (პირდაპირ გადმოაქვს ინფორმაცია სათავო ფორბსიდან), ამიტომ არის ამ სიაში ივანიშვილი მეორე ადგილზე წარმოდგენილი. ივანიშვილი ყაზახ ბიზნესმენ მიხეილ ლომთაძეზე მდიდარია.
რაც შეეხება თავად ლომთაძეს, მისი ამ სიაში მოხვედრა დაახლოებით ისეთივეა, ასი ქართველი ქორეოგრაფის სია რომ შეგვექმნა და პირველ ადგილზე ამერიკელი ბალეტმრისტერი გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი) რომ დაგვეწერა.
ლომთაძე მხოლოდ იმიტომაა ამ სიაში, რომ აქაა დაბადებული და ქართული პასპორტი არ დათმო. რადგან საერთაშორისო ფორბსის სიაში იგი ქართველად მოიხსენიება, აქაურმა ფორბსმაც საჭიროდ ჩათვალა, რომ ამ სიაშიც ყოფილიყო. ალბათ სწორიცაა. ერთი რამ კი აუცილებელია – მონაცემების ანალიზისას სრულიად უნდა გამოირიცხოს მისი ქონება, რადგან საქართველოს ეკონომიკაში მისი მონაწილეობა ნულის ტოლია.”