მაქსიმუმ ორ თვეში საქართველომ ახალი პატრიარქი უნდა აირჩიოს. რა ვიცით კანდიდატებზე
ვინ იქნება ახალი პატრიარქი
ილია მეორის დაკრძალვის შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გარდამავალ ეტაპზე გადავიდა. თითქმის 50 წლის განმავლობაში ერთ ფიგურაზე კონცენტრირებული სისტემა ახლა გადადის კოლექტიურ გადაწყვეტილებებზე. მომდევნო ორ თვეში ეკლესიამ უნდა აირჩიოს ახალი პატრიარქი. ეს არის პროცესი, რომელიც ფორმალურად მკაცრად რეგულირებულია, თუმცა რეალურად ბევრად უფრო რთული და მრავალშრიანია.
ეკლესია პატრიარქის გარეშე: ვინ მართავს ახლა
ილია მეორის გარდაცვალებისთანავე საპატრიარქო კათედრა ოფიციალურად „დაქვრივდა“ – ტერმინი, რომელიც ეკლესიაში გამოიყენება პატრიარქის არყოფნის აღსანიშნავად.
ამ ეტაპზე ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი. ეს არ არის დროებითი შეთანხმება ან პოლიტიკური კომპრომისი – ეს არის წინასწარ განსაზღვრული მექანიზმი.
ილია მეორემ ჯერ კიდევ 2017 წელს თავად დაასახელა შიო მუჯირი მოსაყდრედ, რაც ნიშნავს, რომ მისი უფლებამოსილება ავტომატურად ამოქმედდა პატრიარქის გარდაცვალებისთანავე.
ფორმალურად, ეკლესიის ყველა წევრი ვალდებულია დაემორჩილოს მოსაყდრეს. პრაქტიკაში კი, სწორედ ახლა იწყება ის ეტაპი, სადაც გამოჩნდება, რამდენად ერთიანია ეკლესიის შიდა სისტემა.
როგორ ირჩევენ პატრიარქს: რთული, მაგრამ მკაცრად გაწერილი პროცესი
პატრიარქის არჩევა არ ხდება ერთი სხდომით ან ერთი გადაწყვეტილებით. პროცესი ორ ეტაპად არის დაყოფილი და რამდენიმე ინსტიტუციას მოიცავს.
პირველი ეტაპი: წმინდა სინოდი – კანდიდატების დასახელება
პირველი ეტაპი არის წმინდა სინოდის სხდომა, სადაც ამჟამად 39 მღვდელმთავარია.
სინოდის თითოეულ წევრს აქვს უფლება დაასახელოს ერთი კანდიდატი, მათ შორის საკუთარი თავიც. საბოლოოდ, კენჭისყრით შეირჩევა სამი კანდიდატი, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.
მეორე ეტაპი: გაფართოებული კრება – საბოლოო არჩევანი
მეორე ეტაპი არის „გაფართოებული კრება“, რომელსაც მოსაყდრე იწვევს.
კრება შედგება: სინოდის ყველა წევრისგან, ეპარქიებიდან მოწვეული სასულიერო და საერო წარმომადგენლებისგან და მონასტრებისა და სასულიერო სასწავლებლების დელეგატებისგან.
ფორმალურად ეს უფრო ფართო წარმომადგენლობითი ორგანოა, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ. ანუ საბოლოო არჩევანს ისევ იგივე 39 ადამიანი მიიღებს.
პატრიარქად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს – ანუ მინიმუმ 20 ხმას. თუ ეს არ მოხდა, ჩატარდება მეორე ტური ორ ლიდერ კანდიდატს შორის.
ვადები: რამდენ ხანში ეყოლება ეკლესიას ახალი ლიდერი
ეკლესიის წესების მიხედვით, პროცესი დროში მკაცრად არის შეზღუდული.
გაფართოებული კრება უნდა გაიმართოს: არა უადრეს 40 დღისა პატრიარქის გარდაცვალებიდან და არაუგვიანეს ორი თვისა.
ეს ნიშნავს, რომ მაქსიმუმ ორ თვეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქი ეყოლება.
ინტრონიზაცია ტრადიციულად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
„ანდერძი“, რომელიც არავის უნახავს
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ახლა პროცესს განსაზღვრავს, არის პატრიარქის ანდერძი. თუმცა ის ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა და არც საჯაროდ გახსნის შესახებ არსებობს ინფორმაცია.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ 2017 წელს შიო მუჯირის მოსაყდრედ დასახელება უნდა ჩაითვალოს პატრიარქის „ანდერძად“. მისი თქმით, ილია მეორემ თავად თქვა, რომ რაც ანდერძში უნდა ყოფილიყო, საჯაროდ უკვე განაცხადა.
ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქი
პატრიარქობის ყველაზე რეალური, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სწორედ შიო მუჯირია.
სხვა კონკრეტული კანდიდატების შესახებ არაფერია ცნობილი.
წესის თანხმად, პატრიარქობის კანდიდატის კრიტერიუმები მკაცრად არის განსაზღვრული:
● ის უნდა იყოს ეთნიკური ქართველი;
● უნდა იყოს მოქმედი მღვდელმთავარი;
● უნდა ჰქონდეს თეოლოგიური განათლება;
● უნდა იყოს ბერი;
● ასაკი: მინიმუმ 40, მაქსიმუმ 70 წელი;
● უნდა ჰქონდეს ეკლესიაში მართვის გამოცდილება.
ფორმალურად ყველაფერი მკაფიოა. რეალურად კი, მთავარი კითხვა პროცედურაში სულაც არ არის. დღეს მთავარი კითხვებია, ვინ აკონტროლებს სინოდის ხმებს? რამდენად კონსოლიდირებულია მხარდაჭერა მოსაყდრის მიმართ? იარსებებს თუ არა კონკურენცია ეკლესიის შიგნით?
ილია მეორის 49-წლიანი მმართველობის პერიოდში ეკლესია ჩამოყალიბდა, როგორც ძლიერი ცენტრალიზებული სისტემა. მისი ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ ბოლო წლებამდე შიდა დაპირისპირებები იშვიათად ხდებოდა საჯარო. მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს ბალანსი შეიძლება შეიცვალოს.
ვინ არის შიო მუჯირი: მთავარი ფავორიტი
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დღეს პატრიარქობის ყველაზე რეალისტურ კანდიდატად განიხილება.

მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, 57 წლისაა. მან განათლება თბილისის 53-ე სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ვიოლონჩელოს კლასში გააგრძელა.
საეკლესიო ცხოვრება 1993 წელს დაიწყო, როდესაც მონაზვნად აღიკვეცა და შიო ეწოდა. მალევე მიიღო დიაკვნობა და მღვდლობა. 1990-იანი წლებიდან იგი უკვე აქტიურად იყო ჩართული საეკლესიო ცხოვრებაში და სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრად მსახურობდა, მათ შორის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიაში, ანჩისხატში და ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძარში.
სასულიერო განათლება მიიღო ბათუმის სასულიერო სემინარიაში, მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიასა და წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
2003 წელს წმინდა სინოდმა იგი ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღვრად დანიშნა. შემდგომ წლებში სწრაფად დაწინაურდა: 2009 წელს მთავარეპისკოპოსი გახდა, 2010 წელს კი მიტროპოლიტის ხარისხი მიიღო. შიო მუჯირი ასევე არის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი.
ის ყოფილ პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და ბიზნესმენ ლევან ვასაძის ბავშვობის მეგობარი იყო.
ვინ ფლობდა პატრიარქის ბოლო დღეს
პატრიარქის დაკრძალვამ კიდევ ერთი საკითხი წამოწია – ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობა.
ილია მეორის დაკრძალვის დღეს სამების ტაძარში შესვლა და პატრიარქთან გამომშვიდობება სპეციალურ საშვებით იყო შესაძლებელი.
ეს საშვები, ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, მათი ოჯახების წევრებს და ასევე “ოცნებასთან” დაახლოებულ საზოგადო მოღვაწეებს და ცნობილ სახეებს ერგოთ.
საერო პირთაგან გამოსამშვიდობებელი სიტყვა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმოთქვეს, მათ შორის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და არაფორმალურმა მმართველმა, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის არასაპარლამენტო პარტიებს და ყოფილ პრეზიდენტებს – გიორგი მარგველაშვილს და სალომე ზურაბიშვილს ტაძარში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
დაკრძალვის ორგანიზება ერთობლივ კომისიას ევალებოდა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა, არ იყო გამჭვირვალე, ვინ და რა პრინციპით განსაზღვრა, ვინ იქნებოდა ტაძარში.
თეოლოგი შოთა კინწურაშვილი ამ პროცესს „უხერხულსა და უსამართლოს“ უწოდებს, ხოლო პოლიტიკის ექსპერტი არჩილ გამზარდია მას „პატრიარქის მისაკუთრებად“ აფასებს – მცდელობად, რელიგიური ავტორიტეტი გადაიქცეს პოლიტიკურ კაპიტალად.