ევროკავშირმა ყულევის პორტი შესაძლო სანქციების სიიდან ამოიღო
ყულევის პორტის შესაძლო სანქციები
ევროკავშირმა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის პორტი შესაძლო სანქციების სიიდან ამოიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც თბილისმა და პორტის ოპერატორმა აზერბაიჯანულმა კომპანიამ ბრიუსელს სანქციების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები წარუდგინეს.
ამის შესახებ ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს 5 მარტით დათარიღებულ წერილში აცნობებს.
საწყის ეტაპზე ევროკავშირი განიხილავდა ყულევის ტერმინალის სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო შეტანას. ბრიუსელში შეშფოთებას იწვევდა პორტის როლი რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში და “ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების პორტში შესვლა. თუმცა, ო’სალივანის წერილის თანახმად, ეს პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა კონკრეტული ვალდებულებები აიღეს.
“მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ მისცემს ევროკავშირის მიერ სანქცირებულ ხომალდებს თქვენს პორტებში შესვლის ან სერვისების მიღების უფლებას,“ — წერს ო’სალივანი.
მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული ენერგეტიკული კომპანია SOCAR-ი, რომელიც ყულევის ტერმინალს მართავს, დათანხმდა საქმიანობის განხორციელებას ევროკავშირის სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრისა და ევროკავშირის იმპორტის აკრძალვების გათვალისწინებით.
ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, სწორედ ამ ვალდებულებებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ბრიუსელის გადაწყვეტილებაში, საბოლოოდ არ შეეყვანა ყულევის პორტი სანქციების მე-20 პაკეტში.
“ჩრდილოვანი ფლოტი“ და ევროკავშირის ზომები
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ფარგლებში ევროკავშირმა უკვე შეიყვანა სანქცირებულთა სიაში 605 ნავთობის ტანკერი, რომლებიც “ჩრდილოვან ფლოტად“ მიიჩნევა – ხომალდებად, რომლებიც ხშირად იყენებენ გაუმჭვირვალე საკუთრების სქემებს და სანქციების გვერდის ავლისთვის გადაადგილდებიან.
მომზადების პროცესში მყოფ მე-20 პაკეტში, ო’სალივანის თქმით, შესაძლოა დამატებით დაახლოებით 40 ხომალდი შევიდეს.
წერილში ასევე ნახსენებია შემთხვევა ტანკერ M/T TRUVOR-თან დაკავშირებით (IMO 9676230). საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიას კონსულტაციისთვის მიმართა და საბოლოოდ ხომალდს ქვეყნის პორტში შესვლის ნებართვა არ მისცა.
“ვაფასებ იმ ფაქტს, რომ თქვენ ამ ხომალდს საქართველოს პორტში შესვლაზე უარი უთხარით,“ – აღნიშნავს ო’სალივანი და იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ოპერატიული კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.
გაფრთხილება ფინანსურ სექტორს
ევროკავშირის წარმომადგენელი წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სანქციების გვერდის ავლის რისკებს, მათ შორის ფინანსურ სექტორში.
მისი თქმით, ბრიუსელს აქვს ინსტრუმენტები, სანქციების სიაში შეიყვანოს მესამე ქვეყნების ის ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებიც რუსეთის მიერ შექმნილ ფინანსურ სისტემებს იყენებენ, მათ შორის SPFS-ს, SBP-ს ან რუსულ საგადამხდელო ბარათების სისტემა MiR-ს, ან სხვა გზით უწყობენ ხელს სანქციებისთვის გვერდის ავლას.

ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულ ინსტიტუტებს ევროკავშირთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება შეიძლება აეკრძალოთ.
“თქვენი ვალდებულება, თავიდან აიცილოთ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიის გავლით, მომავალშიც მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება,“ — წერს ო’სალივანი.
“ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები სანქცირებულთა სიაში შესაყვანად მესამე ქვეყნების იმ ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებენ რუსეთის მიერ შემუშავებულ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს, როგორიცაა ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა (SPFS), სწრაფი გადახდის სისტემა (SBP) და რუსული ეროვნული საგადამხდელო ბარათების სისტემა (MiR), ან უფრო ზოგადად, რომლებიც ახორციელებენ ისეთ ტრანზაქციებს, რომლებიც ხელს უშლის ჩვენს სანქციებს ან მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას. ვიყენებ ამ წერილის შესაძლებლობას და გაფრთხილებთ, რომ ფინანსური ინსტიტუტების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მათ შეიძლება ევროკავშირში ტრანზაქციების განხორციელება აეკრძალოთ. თქვენი ვალდებულება, თავიდან აიცილოთ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიის გავლით, მომავალშიც მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება და ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ საჭიროების შემთხვევაში, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს სანქციებს ძირი არ გამოეთხაროს“, – ნათქვამია წერილში.
შემდგომი თანამშრომლობა
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ასევე სთავაზობს ქართულ მხარეს, რომ ბრიუსელის ტექნიკურმა ექსპერტებმა და საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა ვიდეოკონფერენცია გამართონ, რათა სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური განხილვა მოხდეს.
წერილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მალე გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას. მისი დამტკიცება აქამდე შეფერხებული იყო წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით უგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო.
“ამ ეტაპზე ყულევი გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გადაარჩინა” – კომენტარი
ეკონომისტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყულევი გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გადაარჩინა, ამ ქარხანას კი, რომლის უკან რუსები იმალებიან, წინ სერიოზული პრობლემები ელის.

რომან გოცირიძე: “ევროკავშირმა ყულევის პორტი ამოიღო სასანქციო სიიდან. ეს იმით ახსნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის მფლობელმა აზერბაიჯანულმა კომპანიამ “სოკარმა” პირობა დადო, რომ შემდგომში არ მოხდებოდა სანქციების დარღვევა.
“თავდაპირველად საქართველოს ყულევის პორტის ჩართვა სანქციების მე-20 პაკეტში იგეგმებოდა რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისა და პორტში “ჩრდილოვანი ფლოტის“ შესვლის გამო. ეს პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს”, – წერია ევროკავშირის განმარტებაში.
რუსული პროპაგანდისათვის დასანქცირებულმა “იმედმა” კი გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სასანქციო სიიდან ყულევის პორტი ამოიღეს “მტკიცებულებების არარსებობის გამო”.
სინამდვილეში ყულევის პორტი გადარჩა დასანქცირებას ამერიკის და ევროკავშირის აზერბაიჯანისადმი დამოკიდებულების გამო. ამ პორტიდან გადის აზერბაიჯანული მზა ნავთობპროდუქტების უდიდესი ნაწილი. მისი დასანქცირება უდიდესი დარტყმა იქნებოდა აზერბაიჯანის ეკონომიკისათვის.
ყულევის პორტი შარში გაეხვა მის მახლობლად მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გამო. ქარხანა ჯერაც არ ამუშავებულა, მაგრამ ნოემბერ, დეკემბერ, იანვრის თვეში მოასწრო რუსული ნედლი ნავთობიდან 116 მილიონი დოლარის ნავთობოროდუქტები “წარმოება” და გაყიდვა. ამ აფიორის ჩატარება ყულევის ტერმინალის გარეშე შეუძლებელი იყო. უმოქმედო ქარხანა ვერაფერს აწარმოებდა.
ამ ეტაპზე ყულევი გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გადაარჩინა, ამ ქარხანას კი, რომლის უკან რუსები იმალებიან, წინ სერიოზული პრობლემები ელის. ჩვენი ინფორმაციით თებერვალშიც აქვს ჩადენილი მსგავსი მანიპულაცია. თებერვლის ცოდვებიც ჩამოწერა ევროკავშირმა და დღევანდელი დღით იწყება თუ არა ათვლის წერტილი, ეს მალე გამოჩნდება.”