ოცნება ევროკავშირთან ხანგრძლივ პარტნიორობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს - ევროკომისრების განცხადება
ევროკომისრების განცხადება
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა ახალი კანონის პაკეტმა, რომელიც უცხოური დაფინანსების და პოლიტიკური საქმიანობის რეგულირებას ეხება, ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში და მარტა კოსმა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ერთობლივ განცხადებაში დააკონკრეტეს, რომ ახალი რეგულაციები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს და უგულვებელყოფს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს.
მათი შეფასებით, კანონი პოლიტიკურ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ახალ სისტემას აწესებს და სერიოზულ სამართლებრივ გაურკვევლობას ქმნის.
“საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღება საქართველოს ხელისუფლების სისტემატური ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვაზეა მიმართული.
ახალი კანონმდებლობა ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფართო სისტემას აწესებს. მას უცხოური წყაროებიდან მხარდაჭერის მიმღები პირებისა ან ორგანიზაციებისთვის პოტენციური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოაქვს. მისი ბუნდოვანი დებულებები სერიოზულ სამართლებრივ გაურკვევლობას და თვითნებური და შერჩევითი აღსრულების მნიშვნელოვან რისკებს ქმნის.
ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით საქართველოს ხელისუფლება მეტად უგულებელყოფს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, და უფრო შორდება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროკავშირის წევრობის შესახებ. ეს ემატება საქართველოს ხელისუფლების მიერ უკვე განხორციელებულ ქმედებებს, რამაც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და აქტივისტების უსამართლო დაკავება გამოიწვია; ისინი დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები.
საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შედეგები მოჰყვა. მაგალითად, დღეს, საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში ნაკისრი ვალდებულებების მიზანმიმართული და განგრძობითი დარღვევის საპასუხოდ, კომისია აჩერებს უვიზო მიმოსვლას დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში.
ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ სიღრმე და არსი თანამშრომლობისა, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოს კეთილდღეობისა და სტაბილურობის მიმართ თავიანთ ერთგულებას თანმიმდევრულად გამოხატავდნენ და კრიტიკულ მომენტებში საიმედო მხარდაჭერას უწევდნენ ქვეყანას, მათ შორის 2008 წლიდან მოყოლებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მეშვეობით.
ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დროს და ფინანსურად ეხმარებოდა. რუსეთის მიერ საქართველოს ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს მწარმოებლებისთვის სავაჭრო შესაძლებლობები გააფართოვა. საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ.
ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდებს ასობით სტიპენდიის შეთავაზების საშუალებით იღებს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ურყევია. ჩვენ გავუღეთ კარი საქართველოს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანებისთვის 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საშუალებით. ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას მის ევროპულ გზაზე.
საქართველოს ხელისუფლება ამ ხანგრძლივ პარტნიორობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს და სამწუხაროდ, უფრო მეტად აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზას, იმ მიზნისგან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. ამ ეტაპზე, ღრმა სინანულით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა”. – ნათქვამია კალასისა და კოსის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს.
კონტექსტი
4 მარტს, “ქართულმა ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო ე.წ. გრანტების კანონი, რომელიც ასევე მათი ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებასაც გულისხმობს. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
გარდა ამისა, ახალი ცვლილებებით, მეწარმე იურიდიული პირი “პოლიტიკური აქტივობისთვის” პირველ ჯერზე 20 000 ლარით დაჯარიმდება, შემდგომი შემთხვევა კი 3 წლამდე ვადით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ხელისუფლება ასევე სისხლისსამართლებირვი წესით დასჯადს ხდის გარე ლობიზმს, ცვლილებები შეიტანა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.