მოსაზრება: ირანიდან ლტოლვილთა შესაძლო შემოდინება სომხეთისთვის მთავარი გამოწვევაა
მოსაზრება ირანში აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შესახებ
მესამე დღეა, რაც ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია რეგიონს ახალ და სახიფათო რეალობაში ამყოფებს. აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი მოქმედებების შედეგად მოკლულია ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი – ფიგურა, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრავდა ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „48 ირანელი ლიდერი ერთი დარტყმით იქნა ლიკვიდირებული“. დაღუპულთა შორის, მისივე თქმით, იყვნენ თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.
პასუხად, ირანმა რაკეტები გაისროლა ისრაელის მიმართულებით და სპარსეთის ყურეში მდებარე აშშ-ის 14 სამხედრო ბაზას შეუტია. ტრამპის შეფასებით, ომი შესაძლოა ოთხ კვირამდე გაგრძელდეს.
ამ ფონზე, ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს და დასძინა, რომ სამხედრო მოქმედებები ირანს არ დაუწყია.
ირანის მეზობელ სომხეთში მოვლენები აშკარა შეშფოთებას იწვევს. ერევანში შეიქმნა პოტენციური რისკების მართვის სამუშაო ჯგუფი, ხოლო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სეიედ აბას არაღჩისთან. სომხეთში ირანის საელჩოს ცნობით, ერევანმა „მწუხარება გამოთქვა უზენაესი ლიდერის, ირანის მოქალაქეების, ქალებისა და ბავშვების გარდაცვალების გამო“.
მირზოიანმა ასევე დაადასტურა სომხეთის მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარება გასწიოს და იმედი გამოთქვა, რომ ვითარება დიპლომატიური გზით მოგვარდება.
თუმცა, ორი ქვეყნის ოფიციალურ განცხადებებს შორის აქცენტები განსხვავებულია. ირანული მხარე ოპერაციას „უკანონო და გაუმართლებელ აგრესიად“ აფასებს და აცხადებს, რომ მზადაა გააგრძელოს თავდაცვა და შური იძიოს ლიდერის სიკვდილისთვის. სომხური განცხადება კი უფრო ზოგადია: საუბარია დაძაბულობის შემცირებისა და მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს. მან ხაზი გაუსვა ხამენეის „პირად როლს“ სომხურ-ირანული ურთიერთობების განვითარებაში და გამოთქვა იმედი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის სწრაფი დამყარების შესახებ.
ერევანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაცია სომხეთის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ არ აქვს. დიპლომატიური წარმომადგენლობები ირანსა და ისრაელში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. პარალელურად, მთავრობა განიხილავს იმ მოქალაქეების რეპატრიაციას, რომლებიც ფრენების გაუქმების გამო ახლო აღმოსავლეთში დარჩნენ, განსაკუთრებით კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. პრიორიტეტი, ოფიციალური ცნობით, ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს მიენიჭებათ.
პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანი მიიჩნევს, რომ სომხეთმა ამ ეტაპზე მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი. მისი შეფასებით, ვაშინგტონის მიზანი მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება არ არის; საუბარია თეოკრატიული რეჟიმის ცვლილებაზე, რაც გეოპოლიტიკურ და ენერგეტიკულ გათვლებს უკავშირდება – მათ შორის, ჩინეთისთვის იაფი ნავთობის მიწოდების შეზღუდვას.
გევონდიანი ორ ძირითად სცენარს განიხილავს: პირველი – ირანის სულიერი ლიდერები ძალაუფლებას ინარჩუნებენ და რეჟიმის შეცვლა არ ხდება; მეორე – ხელისუფლება იცვლება.
მისი აზრით, რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში სომხეთმა შეიძლება მეტი შესაძლებლობაც კი მიიღოს, თუ ირანი დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება. თუმცა, ანალიტიკოსი გამორიცხულად არ მიიჩნევს უარეს ვარიანტსაც – ახალი, შესაძლოა უფრო მკაცრი რეჟიმის წარმოქმნას.
გევონდიანი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ლტოლვილთა შესაძლო ნაკადზე. მისი თქმით, საქმე ირანელ სომხებს კი არა, ირანელი მოქალაქეების მასობრივ გადაადგილებას ეხება, რაც სომხეთის სახელმწიფო მდგრადობისა და მმართველობისთვის გამოწვევა იქნება.
ეკონომიკური რისკებიც აშკარაა. ირანიდან ტვირთების გადაზიდვა უკვე შეჩერებულია; ნაწილი ტვირთისა თურქმენეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია გაჩერებული. სანქციების ფონზე, რუსეთის გავლით ტრანზიტიც პრობლემურია.
ანალიტიკოსი ახსენებს ერევანსა და თეირანს შორის მოქმედ პროგრამას — „გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ“. თუ კონფლიქტი გაჭიანურდება, ეს თანამშრომლობაც შეიძლება შეწყდეს.
დამატებით, ახლო აღმოსავლეთიდან სომხეთში ფრენების შეჩერება არა მხოლოდ ტურიზმს, არამედ სავაჭრო ჯაჭვებსაც აზიანებს. საჰაერო გზით შემოსული საქონელი, მათ შორის ევროპიდან და სამხრეთ ამერიკიდან, ამ ეტაპზე შეფერხებულია, რაც ალტერნატიული, უფრო ძვირი მარშრუტების მოძიებას და, საბოლოოდ, ფასების ზრდის რისკს ქმნის.