ბოლო 10 წელიწადში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს 5 324 ადამიანი ემსხვერპლა
გაზიარება
გაზიარება
ავტოსაგზაო შემთხვევები
2015-2025 წლებში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს 5 324 ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ 2025 წელს დაღუპულთა რიცხვმა 469-ს მიაღწია, მათ შორის 28 ბავშვი და 164 ქვეითია. ეს არის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ქვეყნის საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკაზე მძიმე კითხვებს აჩენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს დაფიქსირებული სიკვდილიანობა 2019 წლის შემდეგ რეკორდულია, ხოლო ავარიებისა და დაშავებულთა რაოდენობა 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი. გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში 8 191 ადამიანი დაშავდა, მათგან 1 151 ბავშვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წლიური სტატისტიკით, 2022 წლის შემდეგ ავარიებში მსხვერპლთა რიცხვი შეუქცევადად იზრდება
ავარიების გეოგრაფია მკაფიო სურათს აჩვენებს: შემთხვევების 43% თბილისში ხდება, თუმცა მსხვერპლთა რაოდენობით იმერეთი ლიდერობს. იმერეთის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და კახეთში ფიქსირდება. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ პრობლემა მხოლოდ დედაქალაქის გადატვირთულ მოძრაობას არ უკავშირდება და რეგიონებშიც მწვავეა.
განსაკუთრებით მაღალია ქვეითთა შორის მსხვერპლი – 2025 წელს დაღუპულთა 34% სწორედ მათზე მოდის. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 1 931 შემთხვევა, ანუ საერთო რაოდენობის დაახლოებით მესამედი, ქვეითზე ავტომობილის შეჯახებაა. აქედან 989 შემთხვევა ქვეითის მიერ არასათანადო გადასასვლელით სარგებლობას უკავშირდება, რასაც 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ქვეითების მხრიდან წესების დარღვევა ავარიების გამომწვევ მიზეზებს შორის მესამე ადგილზეა.
თუმცა პასუხისმგებლობა მხოლოდ ქვეითებზე არ არის. ავარიების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გავრცელებული მიზეზი კვლავ არაფხიზელი მძღოლია. სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს 62 ადამიანი დაიღუპა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის მონაწილეობით მომხდარ ავარიებში.
ამ ფონზე, 2025 წლის ბოლოს, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის შედეგადაც ამნისტია შეეხო დაახლოებით 23 000 მძღოლს, რომლებსაც მართვის მოწმობა სხვადასხვა მიზეზით ჰქონდათ ჩამორთმეული – მათ შორის, სიმთვრალეში მანქანის მართვისთვის.
იმ პერიოდში, როცა ცვლილებები განიხილებოდა, სიმთვრალეში მანქანის ტარებისთვის მართვის უფლება 18 000-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა შეჩერებული. კრიტიკოსების შეფასებით, გადაწყვეტილება საგზაო უსაფრთხოების გაძლიერების ნაცვლად, შესაძლოა, რისკების გაზრდასაც უწყობდეს ხელს.
ევროკავშირის ქვეყნებში ავტოავარიებში გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 44 ადამიანია მილიონ მოსახლეზე. საქართველოში ეს რიცხვი 129-ს აღწევს – თითქმის სამჯერ მეტს. სხვაობა არა მხოლოდ სტატისტიკურ ჩამორჩენას, არამედ პოლიტიკის, აღსრულებისა და კულტურული პრაქტიკის სისტემურ პრობლემას უსვამს ხაზს.