თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია
გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, პატიმრობიდან გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც პროკურატურის ცნობით, “სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ზიანი აანაზღაურა.” აღნიშნული შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმას ითვალისწინებს.
“ყველა საქმე დასრულდა, სამოქალაქოც და სისხლიც, მშობლების საქმეც შეწყდა. დაეკისრა 50 ათასი ლარი და ერთი წელი პირობითი. 9 თვე მოხდილი აქვს და 3 თვე დარჩა პირობითი“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა.
გიორგი ბაჩიაშვილის საქმე
ბიტკოინები და დაპირისპირება ივანიშვილთან
საქმე 2023 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების მტკიცებით, მან ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ბიტკოინი – მაშინდელი კურსით დაახლოებით 39 მილიონი დოლარის ღირებულების – მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
2025 წლის იანვარში გამართულ სასამართლო პროცესზე ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ გასულ შემოდგომაზე ივანიშვილმა მისგან მუქარით 5 000 ბიტკოინის გადახდა მოითხოვა ყოველთვიურად. ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ, დაადასტურა, რომ მხარეებს შორის კომუნიკაცია მართლაც შედგა და ბაჩიაშვილისთვის “დისკონტის“ სახით გარკვეული რაოდენობის ბიტკოინის გადახდა იყო შეთავაზებული.
პირველ მაისს სასამართლომ ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის დაახლოებით 9 000 ბიტკოინის გადახდა დააკისრა.
“მტკვარი ჰესის“ საქმე და დამატებითი ბრალდებები
2025 წლის თებერვალში ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინეს ე.წ. “მტკვარი ჰესის“ საქმეზეც. პროკურატურის თანახმად, მან ვერ შეაფასა პროექტის რისკები და არ მიიღო შესაბამისი პრევენციული ზომები, რის შედეგადაც საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარით გაიზარდა.
მარტში ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო დატოვა და ამისთვის “სისტემაში არსებული ხვრელები“ გამოიყენა. შსს-მ ერთი პირი მისი დახმარებისთვის დააკავა. მოგვიანებით, თავად ბაჩიაშვილზე გამოცხადდა ძებნა, ხოლო სასამართლომ “ბიტკოინების საქმეზე“ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

დაკავება, ბრალდებები გატაცებაზე და ციხის სკანდალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაისის ბოლოს განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი დააკავა “წითელი ცირკულარით“ ძებნის ფარგლებში, წითელი ხიდისა და სადახლოს შორის ე.წ. “მწვანე საზღვრის“ მონაკვეთთან. თავად ბაჩიაშვილი ამტკიცებდა, რომ ის საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, ორი დღე თვალებახვეული ატარეს და შემდეგ საქართველოში ჩამოიყვანეს.
ივლისში მან განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სცემეს და კლინიკაში გადაიყვანეს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კი აღნიშნა, რომ საკანში “მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“ მოხდა.
მალევე თანამდებობები დატოვეს გლდანის ციხის დირექტორმა დავით გოგობერიშვილმა, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გია ქემოკლიძემ და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემ. მოგვიანებით ქემოკლიძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, ბაჩიაშვილის ცემის “იმიტაცია“ წინასწარ იყო დაგეგმილი, ხოლო კამერები ინციდენტამდე გამორთეს.
ოქტომბერში გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი, ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
საქმე, რომელიც სცდება ერთ ბრალდებულს
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმეები მხოლოდ პირად პასუხისმგებლობას არ ეხებოდა. სექტემბერში პროკურატურამ მის მშობლებსაც წაუყენა ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებისთვის. მათ ანგარიშებსა და აქტივებს ყადაღა დაედო, ხოლო სასამართლომ მათ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, რომელიც ივანიშვილმა დააფუძნა. მოგვიანებით ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მანამდე ბაჩიაშვილი მუშაობდა საპარტნიორო ფონდში და ივანიშვილის რუსეთში მოქმედ კომპანია Unicor Management Company-ში.
მისი გათავისუფლება ფორმალურად ამთავრებს სამართლებრივ პროცესს, თუმცა კითხვები – როგორც ბრალდებების საფუძვლიანობაზე, ისე ძალაუფლების ბალანსზე საქართველოში – კვლავ ღიად რჩება. საქმე, რომელიც კრიპტოვალუტით დაიწყო, საბოლოოდ იქცა პოლიტიკის, უსაფრთხოების სტრუქტურებისა და სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის ტესტად.