საქართველოში "ხელისუფლების არაღიარება" შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს
გაზიარება
გაზიარება
ხელისუფლების არაღიარება
საქართველოს ხელისუფლება ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის: “ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მხარი დაუჭირა იდეას, რომლის მიხედვითაც არჩეული ხელისუფლების არაღიარება და მისი “ოკუპანტი ძალის მიერ მართულად“ მოხსენიება შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.
ხელისუფლება ამას კონსტიტუციური წესრიგის დაცვის აუცილებლობით ხსნის, მაშინ როცა კრიტიკოსები ინიციატივას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხედ აღიქვამენ. საკითხი სცილდება ტექნიკურ სამართლებრივ ჩარჩოს და გადადის პოლიტიკურ დებატში – სად მთავრდება კრიტიკა და სად იწყება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
ირაკლი კობახიძემ ინიციატივა დუბაიში ყოფნისას შეაფასა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, პარლამენტი კანონპროექტს “ბოლომდე მიიყვანს“. მისი თქმით, კონსტიტუციური წესრიგი ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია და ყველა ვალდებულია აღიაროს ქვეყნის კონსტიტუციური პრინციპები.
კობახიძე ამტკიცებს, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას:
“ერთია გამოხატვის თავისუფლება და მეორეა კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე, რაც არის ერთ-ერთი უზენაესი ინტერესი. ქვეყანა მშვიდად ვერ განვითარდება, თუ ის მუდმივად იქნება საბოტაჟის რეჟიმში“.
“ოცნების” პრემიერის თქმით, რეალურად ყველა აღიარებს საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოებს, თუმცა პოლიტიკური გზავნილები ხშირად მიზნად ისახავს ქვეყნაში მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებას.
ინიციატივის ავტორია “ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი. 3 თებერვალს მან პარლამენტში განაცხადა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს იმ პირებისთვის, რომლებიც:
არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას;
ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება;
და ამ პოზიციების გავრცელებისკენ სხვებსაც მოუწოდებენ.
იდეა გაჟღერდა პლენარულ სხდომაზე, სადაც მაჭავარიანმა ამ საკითხზე კიდევ ერთ “ქართული ოცნების” დეპუტატს, არჩილ გორდულაძეს მიმართა “უცხოური გრანტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას.