გიგა ავალიანის საქმე. ყველაფერი, რაც ამ დრომდე ვიცით
გიგა ავალიანის საქმე

2025 წლის 1 ოქტომბერს, გვიან საღამოს, 28 წლის მათემატიკის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქაზე, სახლში ბრუნდებოდა, როდესაც საკუთარ სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. ახალგაზრდა მასწავლებელი 23 დღე კომაში იყო და 24 ოქტომბერს, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
გიგას ამბავი ფართო საზოგადოებამდე მისმა დედამ, ეკა კუპატაძემ მიიტანა. მან სოციალურ ქსელში ვიდეოების გავრცელება დაიწყო. ამ ვიდეოებში ის ჰყვებოდა, რომ მისი შვილი მოკლეს, გამოძიება კი სათანადოდ არ მიდიოდა.
- თბილისში ნეონაცისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს
- SJC: (არასრულწლოვანებზე) კანონპროექტი ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევასა და მდგომარეობის უკუსვლას გამოიწვევს
- ახალი განათლების რეფორმა: რა დააანონსა ირაკლი კობახიძემ და რას ამბობენ ექსპერტები
სისტემის წინაშე მარტო დარჩენილი შვილმკვდარი დედის, ეკა კუპატაძის სასოწარკვეთილმა ბრძოლამ ბევრი ადამიანი შეძრა. საქმე ძალიან მალე გახდა რეზონანსული. ეკა კუპატაძემ რამდენჯერმე აქციაც გამართა. მის მხარდასაჭერად ბევრი უცნობი ადამიანი მივიდა.
გიგა ავალიანის საქმე აღარ განიხილება მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედიად. ეს საქმე ბევრ სისტემურ ხარვეზს აჩვენებს – პრობლემებსა და ნდობის დეფიციტს საგამოძიებო უწყებებთან მიმართებით, ხარვეზებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, დაზარალებულის უფლებების შეზღუდულ დაცვის მექანიზმებს, პრობლემებს ჯანდაცვის სისტემაში.
ამ სტატიაში შევეცდებით შევაჯამოთ ყველაფერი, რაც ამ საქმეზე ვიცით – რა ეტაპზეა და რატომ არ ენდობა ოჯახი საგამოძიებო ორგანოებს, რა იპოვა გიგას დედამ შვილის გარდაცვალების მრავალტომიან საქმეში, რაც მის ეჭვებს აძლიერებს, რატომ დაიწყეს ცალკე ბრძოლა ბრალდებულების მშობლებმა.
თავდასხმა მასწავლებელზე
28 წლის გიგა ავალიანი პროფესიით ექიმი იყო და მუშაობდა კიდეც. თუმცა, პარალელურად, მათემატიკოსების ოჯახში გაზრდილი ბიჭი, დამატებით, თავისუფალ დროს, მოსწავლეებს ამეცადინებდა მათემატიკაში. დედა ამბობს, რომ გიგა ამერიკაში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას და ამისთვის ფულს აგროვებდა.
გიგა დედასთან ერთად მუშაობდა. მათ ზღვის უბანში, თემქაზე, მოსამზადებელი ცენტრი ჰქონდათ გახსნილი.
2025 წლის 1 ოქტომბრის საღამოს, გიგა ავალიანმა დაახლოებით 22:20 საათზე დაასრულა გაკვეთილი იმ დღის ბოლო ჯგუფთან და სახლში წასასვლელად მოემზადა. იმ დღეს გიგა ცენტრს მარტო ტოვებდა. დედა უკვე წასული იყო.
სასწავლო ცენტრიდან გამოსულ მასწავლებელს უკან ორი ბიჭი გაჰყვა. გიგა უკვე საკუთარ სახლთან იყო მისული, როდესაც თავს დაესხნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი ყველაფერს ტელეფონით იღებდა.
თავდასხმის შედეგად გიგა გაითიშა. იგი, მეზობელმა ბავშვებმა, ღამის 23:00 საათისთვის უგონოდ იპოვეს. სასწრაფომ დაშავებული მუხიანში, ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
გიგა ავალიანმა 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა ისე, რომ გონზე არც მოსულა.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
პროკურატურის თავდაპირველი ვერსიით, სასიკვდილო დარტყმა გიგა ავალიანს ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შუბლში მუშტის ჩარტყმით მიაყენა.
ამ ვერსიის ოჯახს არ სჯერა – დაუჯერებელია, რომ ერთი მუშტის ჩარტყმით ადამიანს თავის ქალა გაუტყდეს – ესაა მათი პოზიცია. ისინი დავარდნით გამოწვეულ ტრავმასაც გამორიცხავენ – გეგა კეფით დაეცა, ბზარი შუბლის არეში ჰქონდა, მარჯვენა მხარეს.
ვინ არიან ბრალდებულები და რას ედავებიან მათ
დღეის მდგომარეობით საქმეზე ოთხი არასრულწლოვანია დაკავებული. პირველი მათგანი ჯერ კიდევ იქამდე დააკავეს, ვიდრე გიგა გარდაიცვლებოდა – 19 ოქტომბერს. ა.გ. ამ საქმის მთავარი ბრალდებულია. მისი ბრალდებაა – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ 117-ე მუხლის 2 ნაწილი).
რამდენიმე დღეში, 25 ოქტომბერს დააკავეს 17 წლის გ.რ. მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან (სსკ 376-ე მუხლი).
20 დეკემბერს, ოჯახის ხმაურისა და საჯარო პროტესტის შემდეგ, კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს – ა.ნ. და დ.ჩ. თავდაპირველად გამოძიება მათაც მძიმე დანაშაულის დამალვას ედავებოდა. ოჯახის რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, მათ ბრალი დაუმძიმეს.
ახლა დ.ჩ.-ს პროკურატურა ედავება, რომ ის ამზადებდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ა.ნ.-ს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი.
დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სამივე დაკავებული, მთავარი ბრალდებულის, ა.გ-ს მეგობრები ან უბნელები არიან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათთვის ნებისმიერი სასჯელი ერთი მეოთხედით მცირდება.
რა იყო დანაშაულის მოტივი
გამოძიება დანაშაულის მოტივად „მეგობარ გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციასა და ეჭვიანობას“ ასახელებს.
ამას იმეორებენ ბრალდებულებიც. ისინი ამბობენ, რომ გიგა ავალიანი მის მოსწავლე გოგონას სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს სწერდა, გოგონამ ეს შეყვარებულს უამბო, მასწავლებელთან საქმის გარჩევაც ამის შემდეგ დაიგეგმა.
ეკა კუპატაძე ამბობს, რომ სინამდვილეში არასრულწლოვანი გოგონა გიგას ახალი მოსწავლე იყო. მან რამდენიმე გაკვეთილი გააცდინა. ეკამ ამის შესახებ მის დედას აცნობა, რომელსაც ეს ამბავი გაუკვირდა – მან იცოდა, რომ შვილი გაკვეთილზე იყო.
სწორედ ამის მერე გაბრაზდა გოგონა და შეყვარებულთან დაიჩივლა.
ის, რომ არასრულწლოვანი გაკვეთილებს აცდენდა, ჩანს გიგას ცხრილში – იქ მისთვის ასანაზღაურებელი გაკვეთილები იყო ჩანიშნული.
არასრულწლოვანთა მიმოწერები, რომელიც გამოძიების მასალებში დევს, აჩვენებს, როგორ გეგმავენ ისინი ანგარიშსწორებას. მიმოწერები თავდასხმამდე ორი დღით ადრე, 29 სექტემბრით თარიღდება. ტექსტში ფიგურირებს სიტყვები – „დავითრიოთ“ მასწავლებელი, “ჯობია ჩამბარდეს თორემ გაკვეთილზე შტურმით შევვარდები”, “ნეკნებს დავულეწავ”.
– “ჯგუფური თავდასხმა, განზრახ მკვლელობა, მუქარა, ყველაფერია…” – ეუბნება ერთ-ერთი არასრულწლოვანი მთავარ ბრალდებულს.
–“მე ვაფშე არ მეშინია” – პასუხობს ის.
მიმოწერებში ჩანს, რომ მოზარდები რამდენიმე დღე უთვალთვალებდნენ გიგა ავალიანს, სწავლობდნენ მის მარშრუტს სასწავლო ცენტრიდან სახლამდე და ავალებდნენ ერთმანეთს, გაეგოთ, მარტო ბრუნდებოდა თუ დედასთან ერთად. ერთ-ერთ შეტყობინებაში საუბარია იმაზეც, რომ თუ მასწავლებელი ისევ დედასთან ერთად იქნება, „ტომარას ჩამოაცვამდნენ“ ქალსაც.
ეს მიმოწერები, რომელთა ნაწილი დედამ საჯაროდ გამოაქვეყნა, ოჯახის და ადვოკატების შეფასებით, პირდაპირ მიუთითებს დანაშაულის ჯგუფურად მომზადებაზე და წინასწარ შეთანხმებაზე – მათ შორის იმაზე, ვინ „დაარტყამდა“ და ვინ ვიდეოს გადაიღებდა.
რას აპროტესტებს და რას ითხოვს გიგა ავალიანის ოჯახი

გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე
ოჯახი პირველი დღიდან ითხოვს – მიენიჭოს საქმეს ჯგუფური თავდასხმის კვალიფიკაცია. პროკურატურა საქმეს ამ მუხლით არ იძიებს. ასეთი კვალიფიკაცია ბრალის დამძიმებას ნიშნავს. ბრალდებულების ოჯახები ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, სასამართლო პროცესები დახურულია. ამიტომ, დაზარალებულის მხარეს საქმის მასალებიც კი არ ჰქონდა სრულყოფილად. ამიტომ, საქმის მასალების გადაცემა ერთ-ერთი იყო ოჯახის მოთხოვნებს შორის.
საჯარო პროტესტების და დიდი ბრძოლის შემდეგ, ეკა კუპატაძეს საქმის მასალები გადასცეს.
საქმე 11-ტომიანია. თითოეული ტომი 200-ზე მეტი გვერდია. საქმეში დევს ბრალდებულების მიმოწერები, ფარული მიყურადებით მოპოვებული საუბრები, ვიდეომტკიცებულებები, ექიმების ჩანაწერები, ექსპერტიზის კითხვები, გამოკითხვის ოქმები.
ამ მასალების გაცნობის შემდეგ, ეკა კუპატაძეს კიდევ უფრო გაუმყარდა ის ეჭვები და კითხვები, რაც აქამდეც ჰქონდა გამოძიებასთან.
ოჯახის მოთხოვნებს შორისაა გამოძიება დაინტერესდეს გიგას მოსწავლით, იმ გოგონათი, რომლის გამოც ყველაფერი დაიწყო. მას დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნევენ.
სად ხედავს ოჯახი გამოძიების ხარვეზებს
გიგა ავალიანის ოჯახი ამ საქმეში თავიდანვე საუბრობდა ბევრ დარღვევაზე. მას მერე, რაც გამოძიების მასალები გადასცეს, ამაში მეტად დარწმუნდნენ.
ერთ-ერთი პრობლემა – მტკიცებულებების შეგროვების ხარისხია.
- დანაშაულის ადგილის დათვალიერება – პოლიციას შემთხვევის ადგილზე გიგას ყურსასმენი არ აუღია; ოჯახმა თავად იპოვა და მოგვიანებით გადასცა;
- სავარაუდო საგანი – ქვა – სასწავლო ცენტრთან, სადაც მოზარდები ისხდნენ და ავალიანს უთვალთვალებდნენ, ეზოში დეკორატიული ქვის წრეა, რომელსაც ერთი ქვა აკლია; ოჯახმა მოგვიანებით იპოვა მსგავსი ქვა უკვე მათი სახლის მიმდებარე ტერიტორიასთან. იგი ახლა ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. ოჯახი ხაზს უსვამს, რომ შემთხვევის ადგილი გამომძიებლებს სათანადოდ არ დაუთვალიერებიათ;
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ბრალდებულებმა გამოძიებას უთხრეს, რომ ქურთუკი „გაყიდეს“, ხოლო ფეხსაცმელი ნაგავში გადააგდეს. ოჯახის აზრით, ამ შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო დამატებითი ძიება და ჩხრეკა, მათ შორის – არასრულწლოვანთა საცხოვრებელ სახლებში. ასეთი ჩხრეკა არ ჩატარებულა;
- ვიდეოჩანაწერი – თავდასხმის ამსახველი ვიდეო, რომელიც ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა გადასცა გამოძიებას, თავდაპირველად მხოლოდ 4 წამის ხანგრძლივობის იყო. შემდეგ კიდევ დამატებით 19 წამი აღადგინეს. თუმცა, ვიდეო სრული მაინც არაა. გიგას ოჯახის ვარაუდით, თავდაპირველი ჩანაწერი უფრო ხანგრძლივი იყო და იქ ჩანდა გიგა ავალიანზე ძალადობა დაცემამდეც და დაცემის შემდეგაც.
კითხვები საავადმყოფოსთან
გიგას საქმე მრავალმხრივ სისტემურ პრობლემებს აჩვენებს, მათ შორის, პრობლემებს ჯანდაცვის სექტორში.
სასწრაფო დახმარების სამსახურმა, რომელიც თემქაზე მცხოვრებმა სხვა არასრულწლოვნებმა გამოიძახეს, გიგა ავალიანი ახლომდებარედ, მუხიანის დასახლებაში, ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში მიიყვანა.
საავადმყოფოში პირველი ეჭვი ზედოზირებაზე გაჩნდა, რადგან გიგას ასეთი სიმპტომები ჰქონდა, მაგალითად, პირღებინება. ამიტომ, პირველი რაც გააკეთეს, მისთვის კუჭის ამორეცხვა დაიწყეს.
გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფიაც, მაგრამ, ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ და ჩანაწერის გაშიფვრა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც ეს კატეგორიულად მოითხოვა ოჯახმა – დაახლოებით, 1,5 საათის შემდეგ. ამასობაში, გიგას თავზე ტრავმის კვალი უკვე შესამჩნევი გახდა – თავი ამოებერა.
ეკა კუპატაძე ამბობს, რომ გიგას ჰქონდა თავსა და ტანზე სისხლნაჟღენთები, მაგრამ, ექიმებს ეს არ შეუტანიათ სამედიცინო ისტორიაში.
ოჯახი მიიჩნევს, რომ გიგა ავალიანს საავადმყოფოში არ გაეწია სათანადო მკურნალობა, პროცედურები დაგვიანდა, ამიტომ, მათ ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელ ორგანოსაც მიმართეს.
„ბავშვს თავი რომ ამოებერა, შეშუპება რომ დაიწყო და ფორმა შეეცვალა, ატეხეს ყვირილი დედამ და ბიძამ ნახეთ კატეო, იქამდე კაციშვილს ყური არ გაუბერტყია… ოპერაციაც დაგვიანდა და კატეზე გამოჩნდა, რომ „შუბლის ძვალია გატეხილი“, – ამბობს ადვოკატი.
ცნობილია, რომ ქართულ-ჰოლანდიური კლინიკიდან შესაბამისმა სამსახურმა წაიღო ყველა დოკუმენტაცია. მეტი, ამ მიმართულებით, არაფერი ვიცით. საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.
ბრალდებულების ოჯახების ბრძოლა და მათი პოზიცია
მას შემდეგ, რაც ეკა კუპატაძემ ბრძოლა დაიწყო და საქმემ მაღალი საჯარო ინტერესი შეიძინა, ხმამაღალი საუბარი დაიწყეს ბრალდებულების ოჯახის წევრებმაც.
ბრალდებულების ვერსიაა, რომ გიგა დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სასტიკი ცემა არ ყოფილა, არც არანაირი ქვის ჩარტყმა. ა.გ-მ მუშტი დაარტყა გიგა ავალიანს, ის დაეცა და დაცემის შედეგად მიიღო სასიკვდილო ტრავმა – ესაა მათი პოზიცია.
ისინი უპირისპირდებიან ეკა კუპატაძესაც და პროკურატურასაც და ამბობენ, რომ პროკურატურა მათ შვილებს წირავს იმისათვის, რომ დაზარალებულის ოჯახი გააჩუმოს.
ამას უკავშირებენ მაგალითად, მათი შვილებისთვის ბრალის დამძიმებას.
ერთ-ერთი ბრალდებულის, დ.ჩ.-ს დედამ, სოფო ძნელაძემ, რომელსაც დაუმძიმეს ბრალი ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით (ამ მუხლის უმაღლესი სასჯელი 13-წლიანი პატიმრობაა), ასევე გამართა საპროტესტო აქცია პროკურატურასთან და უკიდურეს ნაბიჯებზეც წავიდა – შიმშილობა დაიწყო.
ის ამბობს, რომ თუ მის შვილს ამ მუხლით გაასამართლებენ, პროკურატურასთან თავს დაიწვავს.
“მაჩვენეთ ბავშვი, ვისაც არ უჩხუბია გოგოს გამო ან არ იჩხუბებს ხვალ, ეგ ვართ საქართველო”, – თქვა “რადიო თავისუფლებასთან” ამ საქმის მთავარი ბრალდებულის, ა.გ.-ს მამამ. მან თავად მოინდომა საჯაროობა და გაუთქმელობის პირობის დარღვევაზეც წავიდა ამის გამო.
ინტერვიუში ის ყვება, რომ მასაც არაერთხელ უჩხუბია სხვა გოგოების თუ მისი ცოლის გამო, მისმა შვილმა “იმარიაჟა” შეყვარებულის დაქალთან [ეხება მიმოწერის იმ ფრაგმენტს, სადაც ის შეყვარებულის დაქალს წერს, რომ “ვაფშე არ ეშინია”. ].
“ქართველები ვართ, ამის დედას იმას ვუზამ, ამას ისე ვუზამ, ესაა ჩვენი ბუნება… იქვე ეუბნება, ჩემგან ელის მოქმედებას და ჩმორი ხომ არ ვარო”, – ამბობს იგი.
ის ბევრს საუბრობს ექიმების სავარაუდო შეცდომაზე. კითხვაზე, ეს ასეც რომ იყოს, ათავისუფლებს თუ არა მის შვილს პასუხისმგებლობისგან, ამბობს, რომ არა, მაგრამ, ეს არ უნდა იყოს მკვლელობის მუხლი.
სკოლა, სამინისტრო, განათლების სისტემის ჩართულობა
საქმეზე ოთხივე დაკავებული ერთი კერძო სკოლიდან – „ინტელექტიდან“ არიან. სკოლის დირექტორის თქმით, მათთან სამართალდამცავები გამოძიების პირველ ეტაპზე არ მისულან; საქმეში მხოლოდ სოციალური აგენტი ჩაერთო, რომელიც ბრალდებული არასრულწლოვნების ქცევითი პროფილით დაინტერესდა.
სკოლა ამბობს, რომ ნ.ი. – გიგა ავალიანის მოსწავლე და ბრალდებული მოზარდის შეყვარებული – სასწავლო პროცესში აღარ მონაწილეობს. მას „არები“ ეწერება;
ოჯახისა და მათი მხარდამჭერების თქმით, განათლების სამინისტრო ამ საქმის კონტექსტში სისტემურ რეაგირებას არ აჩენს – მაგალითად, არ ჩატარებულა სრულყოფილი შეფასება, როგორ და რატომ აღმოჩნდნენ ერთ სკოლაში ამგვარი ძალადობრივი გეგმის ავტორები და მონაწილეები.
არასრულწლოვანთა ძალადობა, ნდობის კრიზისი და უფრო ფართო კონტექსტი
გიგა ავალიანის საქმე ერთდროულად რამდენიმე მგრძნობიარე თემას აერთიანებს:
- არასრულწლოვანთა ძალადობა და მათი პასუხისმგებლობის ხარისხი;
- საგამოძიებო სტანდარტები და მტკიცებულებების შეგროვების პრაქტიკა;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ბალანსი – ბავშვის ინტერესებსა და დაზარალებულის უფლებებს შორის;
- საზოგადოების ნდობა პროკურატურისა და სამართალდამცავი სისტემის მიმართ.
გიგა ავალიანის ოჯახის ბრძოლა გრძელდება. ისინი ყველა დამნაშავის გამოვლენას და დასჯას ითხოვენ, მათ შორის, ექიმების, ბავშვების მშობლებისაც, რომლებიც, ოჯახის აზრით, პირველივე დღიდან ცდილობენ საქმის ჩაფარცხვას.
“მე სისხლს ვერ ავიღებ, მე შურს ვერ ვიძიებ, მე სამართალს ვითხოვ ჩემი სახელმწიფოსგან“, – თქვა ერთ-ერთ აქციაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ბიძამ კოტე კუპატაძემ, რომელიც ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის პედაგოგია.
მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი მასწავლებლის ოჯახმა საპროტესტო აქციები დაიწყო და პროკურატურა არასრულყოფილ გამოძიებაში ამხილა, საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა: ოჯახს საქმის მასალების ასლი გადასცა და ბრალი დაუმძიმა შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ არასრულწლოვანს. ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს საქმის მთავარ ფიგურანტს, ა.გ.-საც.
საბოლოო პასუხები – იქნება ეს მუხლის შეცვლა თუ ახალი ბრალდებულების გამოჩენა – მხოლოდ სასამართლოსა და დასრულებული ექსპერტიზების შემდეგ გახდება ცნობილი.
გიგა ავალიანის საქმე ტესტია სახელმწიფოსთვის – რამდენად შეძლებს სისტემა ერთდროულად დაიცვას როგორც დაზარალებულის უფლებები, ის იმ არასრულწლოვანთა და მათი ოჯახების უფლებები, რომლებიც სახელმწიფოსგან მიუკერძოებელ გამოძიებას ელიან.
ეკა კუპატაძისთვის, ეს ბრძოლა, სამართლიანობისთვის ბრძოლის გარდა, შვილის ღირსებისთვის ბრძოლაცაა. ამას ის ხშირად უსვამს ხაზს საჯაროდ.
გიგა ავალიანის საქმე