რა იცვლება უცხოეთში 6 თვეზე მეტი ვადით მყოფებისთვის საყოველთაო ჯანდაცვაში
გაზიარება
გაზიარება
საყოველთაო ჯანდაცვა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოქალაქეებს, რომლებიც ექვს თვეზე მეტხანს უწყვეტად იმყოფებიან საზღვარგარეთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაცია შეუჩერდებათ. უწყების განცხადებით, მსგავსი ინტერპრეტაცია რეალობას არ შეესაბამება და პროგრამის ძირითადი სერვისები ცვლილების გარეშე რჩება.
6 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ მოქალაქეებს, რომლებიც 6 თვეზე მეტ ხანს უწყვეტად იქნებიან საზღვარგარეთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაცია შეუჩერდებათ.
სამინისტროს განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება არ გულისხმობს სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულებების დაფინანსების ტექნიკურ მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სხვა კომპონენტებზე, მათ შორის გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებზე.
უწყებაში აცხადებენ, რომ საუბარია ე.წ. კაპიტაციის მოდელზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კლინიკებს ფიქსირებულ თანხას უხდიდა იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც ფაქტობრივად ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ და სამედიცინო მომსახურებას არ იღებდნენ. სამინისტროს თქმით, სწორედ ამ პრაქტიკის გადახედვა გახდა ცვლილების საფუძველი.
“საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში. იქვე ხაზგასმულია, რომ საზღვარგარეთ ყოფნა მოქალაქეს სამედიცინო მომსახურებაზე უფლებას არ უზღუდავს.
სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეს საქართველოში დაბრუნებისთანავე შეუძლია, ყოველგვარი ბიუროკრატიული შეზღუდვის გარეშე, კვლავ დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში. უწყება ამ გადაწყვეტილებას არამიზნობრივი ხარჯების შემცირების, ბენეფიციარების ინტერესების დაცვისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსური მდგრადობის გაძლიერების აუცილებლობით ხსნის.
ცვლილება ძალაში შევიდა ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ 2025 წლის 31 დეკემბერს გამოცემული ბრძანებით. მიუხედავად სამინისტროს განმარტებისა, გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში კითხვები და შეშფოთება გამოიწვია – განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ხანგრძლივი დროით ცხოვრობენ ან მუშაობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ დამატებითი განმარტებების მიწოდებას და საზოგადოების ინფორმირებას მომავალშიც გააგრძელებს, რათა, მათი თქმით, “არასწორი ინტერპრეტაციებით გამოწვეული გაუგებრობა თავიდან იქნას აცილებული“.