დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, დააკავეს. პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ლილუაშვილი ოთხ ეპიზოდშია ბრალდებული. უწყების შეფასებით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებულ კორუფციულ სქემებს, რომელთა საერთო მოცულობა მილიონობით ლარსა და დოლარს შეადგენს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურის ვერსიით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი 2022 წლის ოქტომბერს უკავშირდება. გამოძიების მტკიცებით, ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან, ჩაღათაი ულქერისგან, ერთი მილიონი დოლარი აიღო ქრთამის სახით. თანხა, პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის შუამავლობით გადაეცა და მიზნად ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული მემორანდუმის გაფორმებისთვის ლობირება ისახავდა.
მეორე ეპიზოდი იმავე წლის თებერვალში ვითარდება. პროკურატურის თქმით, ამ შემთხვევაშიც შუამავლად მიქაუტაძე ფიგურირებს. ბრალდების თანახმად, კომპანია “ექსპრეს სერვისი 2008“-ის დამფუძნებელმა გიორგი ხაჟალიამ ლილუაშვილს გაზიფიკაციის ტენდერებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მილიონნახევარი ლარი გადაუხადა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მესამე ეპიზოდი, რომელიც 2021-2023 წლებს მოიცავს და ქვეყანაში მოქმედ თაღლითურ ქოლ-ცენტრებს ეხება. მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ქოლ-ცენტრების დიდი ნაწილი იმ პირთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც მიღებული შემოსავლებით სხვადასხვა ოპოზიციურ მედიას აფინანსებდნენ. ამავე ჩვენებების მიხედვით, შედარებით მცირე ნაწილი გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ იყო და მის ნათესავს, სანდრო ლილუაშვილს, შუამავლად იყენებდა. გამოძიების შეფასებით, ამ სქემიდან ლილუაშვილმა დაახლოებით 1.36 მილიონი დოლარი მიიღო.
მეოთხე ეპიზოდი თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს უკავშირდება. პროკურატურის ინფორმაციით, ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის სანაცვლოდ, გვანცელაძეს მფარველობდა. გამოძიების თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელი საბავშვო ბაღების შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმებისას ე.წ. “ატკატებს“ იღებდა, პროცესში კი სააგენტოს ფინანსური და მონიტორინგის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული. მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია.
გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლილუაშვილის მიმართ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის შესაბამის ნაწილებს ეფუძნება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს.
გვარაკიძის თქმით, გამოძიება გრძელდება და არ გამორიცხავს, რომ საქმეში ახალი ეპიზოდები და სხვა შესაძლო მონაწილეებიც გამოიკვეთოს.