რა მოხდა საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში, 28 ნოემბრიდან. ბევრი ფაქტი და რიცხვი
“ქართული ოცნების” რეპრესიები
2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა ევროპული გზიდან გადახვევის შესახებ, საქართველო ღიად დაადგა ავტორიტარიზმის გზას.
პირველად ისტორიაში, საქართველოს ჰყავს: არაღიარებული, არალეგიტიმური ხელისუფლება და პრეზიდენტი, ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის ქალები, რამდენიმე ასეული სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელე, ასობით დასანქცირებული ადამიანი.
- პეტერ ფიშერი: საქართველომ გადაუხვია ევროკავშირის გზიდან, გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე
- “საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა” – EU-ს ანგარიში
- მოსაზრება: ევროპის სტრუქტურებმა საქართველოს ხელისუფლებას ვერდიქტი გამოუტანეს
შეჩერდა უამრავი საერთაშორისო პროგრამა. ქვეყანა სრულად არის იზოლირებული ცივილიზებული დასავლეთისგან.
მიიღეს არაერთი დრაკონული კანონი – ქვეყანაში ტერორის აქამდე არნახული მასშტაბებია. დაიხურა არაერთი ორგანიზაცია, რამდენიმე მედიასაშუალება. მას, ვინც ჯერ არ დახურულა, “ქართული ოცნება” ღიად ემუქრება რეპრესიებით და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით.
ციხეშია თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი. ვინც ჯერ დაპატიმრებული არ არის, მასზე საქმეა აღძრული. დღე-დღეზე საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად აკრძალავს სამ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას.
ამ სტატიაში შევეცდებით შევაჯამოთ ყველაფერი, რაც ამ ბოლო ერთ წელიწადში მოხდა.
არაღიარებული, არალეგიტიმური, დასავლური სამყაროსგან იზოლირებული "ქართული ოცნება"
ბოლო ერთი წელიწადია, ბევრი მცდელობის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოიპოვა ლეგიტიმაცია და აღიარება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერ ქვეყნის გარეთ.
არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევა მიხეილ ყაველაშვილიც, რომელიც სპეციალურმა 300 წევრიანმა კოლეგიამ აირჩია .
“ქართული ოცნების” ლიდერებს აღარ იწვევენ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებზე. საერთაშორისო ტრიბუნებზე ამ დრომდე ეპატიჟებიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
🟥 ერთი წელია ქვეყანა გაქრა დასავლური დღის წესრიგიდან. თუ სადმე საქართველოს პოზიტიურად ახსენებენ, ახსენებენ – “ქართველ ხალხს” და არა საქართველოს მთავრობას.
შეწყდა საქართველოს მთავრობის დახმარების საერთაშორისო პროგრამები. მაგალითად, უკვე 9 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ბრიტანეთის მთავრობა აჩერებდა საქართველოს მთავრობის დახმარებას. 9 ივლისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ EU-მა, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
365 დღეა საქართველოში გრძელდება უწყვეტი საპროტესტო აქცია
მასშტაბური პროევრიპული პროტესტი, საქართველოში, 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო. იმავე საღამოს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა 2028 წლამდე აჩერებდა ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებებს. ეს იყო მესამე დღე, მე-11 მოწვევის, არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებიდან.
ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ისინი კობახიძის განცხადებას აპროტესტებდნენ. პროევროპული პროტესტი, რომელიც იმ ღამეს დაიწყო, დღემდე არ შეწყვეტილა.
🟥 365 დღეა თბილისში, პარლამენტთან, ყოველ საღამოს უწყვეტად იმართება საპროტესტო აქცია.
ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს, და არამხოლოდ საქართველოს ისტორიაში. “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი იღონა, რომ ეს პროტესტი როგორმე ჩაეხშო – მიიღო რეპრესიული კანონები დემონსტრაციების წინააღმდეგ, იჭერს და აჯარიმებს ადამიანებს, ძალადობს, მაგრამ, ვერაფერს მიაღწია.
300-მდე აქციის მონაწილე სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა
საპროტესტო აქციის პირველ დღეებში საპოლიციო ძალები სასტიკად არბევდნენ დემონსტრანტებს, უსწორდებოდნენ მათ წყლის ჭავლით, ცრემლმდენი გაზით, აკავებდნენ და სასტიკად სცემდენენ.
🟥 282 სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი აქვს იდენტიფიცირებული
სახალხო დამცველის აპარატს, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით პერიოდში.
იმ პერიოდში 55 ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში. ბევრ მათგანს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. მათ შორის იყო ონლაინგამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი. მას ცხვირი ჰქონდა გატეხილი.
120-მდე ადამიანია ციხეში სისხლის სამართლის ბრალდებით
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყანაში გვყავს ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი.
ამ ერთ წელიწადში ქვეყანაში მასშტაბური დაკავებების რამდენიმე ტალღა იყო. პირველი ტალღა შემოდგომით, აქციების დაწყებისთანავე დაიწყო. მეორე ტალღა 4 ოქტომბრის “არშემდგარი რევოლუციის” შემდეგ იყო. მესამე ტალღა კი 19 ოქტომბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” კიდევ უფრო გაამკაცრა კანონები აქცის მონაწილეების წინააღმდეგ.
🟥122 ადამიანის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის ბრალდებით დევნა აქციების დაწყებიდან დღემდე.
54 ადამიანი დააკავეს შემოდგომის აქციების დროს, დაკავებების პირველი ტალღისას. ამათგან, 46 ადამიანის სასამართლო პროცესები უკვე დასრულებულია – სამი ადამიანი უდანაშაულოდ სცნეს (გიორგი ახობაძე, თედო აბრამოვი და ნიკა კაცია), ხუთი ჯარიმით გამოუშვეს – ბათუმელი პროფესორი და მისი 4 სტუდენტი, რვა ადამიანის (თბილისი მოლთან დაკავებულების) საქმე ჯერ ისევ განხილვაშია. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული. დანარჩენი ადამიანები კი დღემდე ციხეში არიან.
64 ადამიანის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ. ამ დღეს დაგეგმილი იყო “ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა”. 64-დან 61 ადამიანი ციხეშია, მათ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. (სამი ადამიანი გარეთაა – გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი, არ არის საქართველოში და შესაბამისად, ის არ დაუკავებიათ. აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, რომელსაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ასევე გირაოთი გამოუშვეს პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი). 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო ჯერ ახლა გადავიდა არსებითი განხილვის ეტაპზე.
ასევე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მანდატურზე თავდასხმას ედავებიან მასწავლებელ ნინო დათაშვილს.
სისხლის სამართლის ბრალი აქვთ წაყენებული გზის გადაკეტვისთვის მეორედ დაპატიმრებულ ზურაბ მენთეშაშვილს და თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 22 ოქტომბერს, რუსთველის გამზირზე გამართული აქციის დროს, პოლიციის მანქანის სახურავზე აძვრა.
(ამ სიაში არ არიან ოპოზიციის ლიდერები და წევრები, სულ 10 ადამიანი. მათზე ცალკე ქვეთავში ვყვებით. ასევე, ამ მონაცემებში არ არის 2024 წლის გაზაფხულზე დაკავებული 10 ადამიანი და ის რამდნეიმე ბიზნესმენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირად ტყვედაა მიჩნეული).
600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული ბრალით
28 ნოემბრიდან დღემდე ასობით ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, სხვადასხვა წვრილმანი დანაშაულის ბრალდებით.
ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ადამიანი დააკავეს, არ არსებობს. ოფიციალური უწყებები ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. არსებობს რამდენიმე წყარო, საიდანაც ამ მონაცემების მიახლოებითი დადგენაა შესაძლებელი.
არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევაში “ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში”, ვკითხულობთ, რომ პირველი ტალღისას არასამთავრობოების ქსელის ცხელ ხაზზე 1087 ზარი შევიდა დახმარების თხოვნით. ამ პირებიდან ნაწილს ოქმები შეუდგინეს და გაუშვეს, ნაწილი დააკავეს. იზოლატორში 405 პირი მოხვდა.
კიდევ ერთი წყაროა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ცხელი ხაზი. მარიკა არევაძეს, კოალიციის წევრს და ადვოკატს, რომელიც დაკავებულებს იცავს,19 ოქტომბრის შემდეგ დაპატიმრებული 203 ადამიანის მონაცემი აქვს (ეს 26 ნოემბამდე მონაცემია.რედ).
თუ ამ მონაცემებს შევკრებთ და დავუშვებთ, რომ არის ერთეული შემთხვევები, რომელიც ამ სტატისტიკაში არ მოხვდა, გამოვა, რომ:
🟥600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ბოლო ერთ წელიწადში.
19 ოქტომბრის შემდეგ დაკავებულებში, ბევრია ქალი. მარიკა არევაძემ ბოლოს ნოემბრის პირველ კვირაში მოახერხა მონაცემები გაეანალიზებინა და ჯერ კიდევ მაშინ, დაკავებულებს შორის უკვე იყო 50 ქალი.
დაკავებულების ნახევარზე მეტს რამდენიმე დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ (მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 14 დღე).
800-დან 1200-მდე ადამიანი გაათავისუფლეს საჯარო სამსახურიდან
“ქართული ოცნების” რეპრესიები შეეხოთ საჯარო მოხელეებსაც. ირაკლი კობახიძის განცხადებისთანავე, სხვადასხვა უწყებებში დასაქმებულმა ადამიანებმა გამოაქვეყნეს კოლექტიური განცხადებები ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერაზე (რაც გარანტირებულია კონსტიტუციის 78-ე მუხლით).
ამას “ქართულმა ოცნებამ” საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში სასწრაფოდ მიღებული ცვლილებებით უპასუხა. ამ ცვლილებებით გაადვილდა ადამიანების გათავისუფლება სამსახურიდან. 2025 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეეების მასობრივი გათავისუფლებები დაიწყო.
🟥800-დან 1200-მდე საჯარო მოხელის გათავისუფლებაზე აქვს ეჭვი საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელ პროფკავშირს – “კონსტიტუციის 78-ე მუხლი”.
ეს პროფკავშირი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბეს. ისინი ცდილობენ, სამართლებრივად იბრძოლონ. მიზეზი, რატომაც ამ ეტაპზე რიცხვის დაზუსტება რთულია, რამდენიმეა. თაია მახარაშვილი, ამ პროფკავშირების თანადამფუძნებელი, გვიხსნის, რომ პირველი – ყველამ არ გაამჟღავნა რომ გაათავისუფლეს, მეორე – ზოგმა არ მიმართა სასამართლოს და მესამე – ზოგი არ დაკავშირებია პროფკავშირს. თუმცა, პროფკავშირებმა ამ ხალხის შესახებ იცის და ეჭვი, ამ რიცხვზე, აქედან აქვს.
700 ადამიანის გათავისუფლების შესახებ უკვე ცნობილი იყო “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის” 2025 წლის აპრილში. ტენდენცია მას შემდეგაც გაგრძელდა. მხოლოდ ორი დღის წინ, 25 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 60-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან.
10 ოპოზიციონერი ციხეშია, მათ შორის, პარტიების ლიდერები. 3 ოპოზიციურ პარტიას კი აკრძალვა ემუქრება
🟥10 ოპოზიციონერი ლიდერია ამ დროისთვის ციხეში. ზოგი მათგანის პატიმრობის ვადა იწურება, მაგრამ, “ქართულმა ოცნებამ” ახალი ბრალი წარუდგინა, რაც დამატებით რამდენიმეწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
მათი ნაწილი სადავო პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლისთვის დააკავეს (ეს კომისია იმისათვის შეიქმნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს ჩადენილი დანაშაულები გამოეძია). ნაწილს კი 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობისთვის წაუყენეს ბრალი.
ამ დროისთვის, კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პატიმრობა აქვთ მისჯილი “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერებს: ნიკა გვარამიას (8 თვე), ნიკა მელიას (8 თვე) და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს (7 თვე). კიდევ ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმე ჯერ დასრულებული არ არის. ელენე ხოშტარია დააკავეს თბილისის მერის კახა კალაძის (მაშინ მერობის კანდიდატის) საარჩევნო ბანერზე მარკერით “რუსული ოცნების” მიწერისთვის. სრულიად აბსურდული ბრალით ზის ციხეში ამ კოალიციისკიდევ ერთი წევრი გელა ხასაია. მას მისთვის უცნობი ადამიანის ცემას ედავებიან.
ასევე კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 7-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პარტია “სტარატეგია აღმაშენებლის ლიდერს” გიორგი ვაშაძეს. ამავე პარტის კიდევ ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე კი დაკავებულია 4 ოქტომბრის საქმეზე.
4 ოქტომბრის “მშვიდობიანი დამხობის” საქმეზე ასევე დაკავებული არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ორი წევრი – მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე.
დაპატიმრებულია კიდევ ერთი პოლიტიკოსი – საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი (2004-2006), ირაკლი ოქრუაშვილი. ის ახლა აქტიურ პოლიტიკაში არ არის. თუმცა, თავის დროზე, “ქართული ოცნების” ოპოზიცია იყო.
ციხეში არ არის, თუმცა, რამდენიმე სისხლის სამართლის ბრალი აქვს წაყენებული “ქართული ოცნების” ყოფილ პრემიერს და ამჟამად ოპოზიციონერ გიორგი გახარიას. მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ასევე დაკავებული იყვნენ და 8-თვიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი “ლელოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფრიძეს. 5 სექტემბერს ისინი მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა და საპატიმრო დატოვეს.
ეს ოპოზიციისადმი დაწყებული რეპრესიების სრული სურათი არ არის. “ქართული ოცნება” აპირებს მისთვის არასასურველი ოპოზიციურ პარტიები არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალოს. კანონპროექტით, რომელიც “ოცნებამ” მოამზადა, აკრძალვა ემუქრება ყველაზე მსხვილ სამ ოპოზიციურ პარტიას. შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.
600 თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე, მედიის შემზღუდავი კანონები და ღია მუქარა – ტერორი მედიაზე
ბოლო ერთი წელია, უპრეცენდენტო რეპრესიების სამიზნეა დამოუკიდებელი მედია. ამ ხნის განმავლობაში, საქართველოში ყოველდღიურობად იქცა ჟურნალისტების დაშინება, შევიწროება, მათ მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა, სამართლებრივი დევნა და დაპატიმრება.
🟥 600 თავდასხმის შემთხვევა აღრიცხა ჟურნალისტებზე, ბოლო ერთ წელიწადში, მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ “მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი” (CMIS).
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”, ქართული მედიაგარემოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და თქვა, რომ “2024 წლის 28 ნოემბრიდან, პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ, საქართველოში პრესის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა“.
🟥 14 მედიის წარმომადგენელი (ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, ოპერატორი) დააკავეს ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში. მათან ერთი, ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის აბსურდული ბრალდებით. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
CMIS-ის მონაცემებით, ჟურნალისტებს აკავებენ ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო აქციაზე, გზის გადაკეტვის ბრალდებით. მათ დიდ ნაწილს რამდენიმედღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიან.
“ქართული ოცნება” დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვას ცდილობს რეპრესიული კანონებითაც.
🟥 7 საკანონმდებლო ცვლილება მიიღო პარლამენტმა, მედიის შესაზღუდად, 2025 გაზაფხულიდან დღემდე.
ამ ცვლილებებით მედიას ფაქტობრივად აეკრძალა უცხოური დაფინანსების მიღება, მნიშვნელოვნად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, აიკრძალა ფოტო/ვიდეო გადაღება სასამართლოში და გაძლიერდა სახელმწიფოს კონტროლი მედიაზე.
რეპრესიული კანონების ამოქმედება მედიის წინააღმდეგ, უკვე დაიწყო. ანტიკორუფციული ბიურო, რომელმაც ეს კანონები უნდა აღასრულოს, ექვსი მედიასაშუალებისგან უკვე ითხოვს გრანტების შესახებ ინფორმაციას.
ბოლო დღეებში მედიაზე ტერორი ახალ ფაზაში გადავიდა. “ქართული ოცნება” დამოუკიდებელ ონლაინ მედიას ღიად დაემუქრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასაშუალებები კრიმინალსა და სისხლის სამართლით დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა – თქვა, რომ ისინი კანონების გვერდის ავლით ცდილობენ უცხოური დაფინანსების მიღებას.
4 ტალღად განხორციელებული რეპრესიული ცვლილებები აქციების ჩასახშობად
აქციების დაწყებისთანავე “ქართულმა ოცნებამ” კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა დაიწყო. ამ ცვლილებების მიზანი დემონსტრაციების ჩახშობა იყო.
დრაკონული კანონები, რომელთაც წესით მაქსიმალურად უნდა შეევიწროებინა აქციის მონაწილეები, ჯარიმების გაათმაგებით დაიწყო და ბოლოს, პატიმრობის შემოღებით დასრულდა.
🟥 4-ჯერ შეიტანა ცვლილება შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში “ქართულმა ოცნებამ” ბოლო ერთ წელიწადში. ყველა ეს რეპრესიული ცვლილება პარალმენტმა დაჩქარებული წესით, რამდენიმე დღეში მიიღო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, ამ ცვლილებებით სამართალდარღვევად განმოცხადდა ისეთი ქმედებები, რომლებიც მანამდე არასოდეს ყოფილა დასჯადი. გაფართოვდა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილებები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები სხვადასხვა დარღვევაზე.
13 დეკემბრის ცვლილებებით , პარლამენტმა აკრძალა აქციებზე ლაზერის ქონა, ნიღბის ტარება და პიროტექნიკის გამოყენება. ამ წესის დარღვევისთვის 2000-ლარიანი ჯარიმა შემოიღო. ამავე დროს, 20-ჯერ გაზარდა ჯარიმები შენობებზე საპროტესტო წარწერების გაკეთების გამო და 10-ჯერ (500-დან 5 000 ლარამდე) გზის გადაკეტვისთვის.
6 თებერვლის ცვლილებებით, აიკრძალა აქციის ჩატარება შენობაში მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გაზარდა 15-დან 60 დღემდე.
2 ივლისის ცვლილებებით განისაზღვრა, რომ თუ პირი წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ან გზის გადაკეტვისთვის გამოწერილი ჯარიმას არ გადაიხდის და იგივეს ჩაიდენს, მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
ბოლო, 16 ოქტომბრის ცვლილებებით, 15-დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს აქციაზე ნიღბის ტარება, ცრემლმდენი საშუალების ქონა და გზის გადაკეტვა. (ეს ცვლილებები მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ ჯარიმები არ მუშაობდა. ადამიანები მაინც გადიოდნენ რუსთაველზე); ამ ცვლილებების შემდეგ დაიწყეს მასობრივად ადამიანების დაპატიმრებები ადმინისტრაციული წესით.
1000-ზე მეტი დაჯარიმებული ადამიანი. ბევრი მათგანი რამდენჯერმე
მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” გაზარდა ან შემოიღო ახალი ჯარიმები, დემონსტრანტების წინააღმდეგ, ასობით ადამიანი დააჯარიმეს – უმეტესად, აქციაზე გზის გადაკეტვისთვის. ზოგ დემონსტრანტს, ვინც აქციაზე თითქმის ყოველდღე დადის, უკვე ასობით ათასი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული.
მაგალითად, განათლების სპეციალისტს, მასწავლებელ გოტა ჭანტურიას, რომელიც ამ აქციების ერთ-ერთი, გამორჩეული სახეა, 73 ჯარიმა აქვს – 365 ათასი ლარის. 50 ჯარიმაზე საუბრობდა პაატა ბურჭულაძე, ვიდრე დააკავებდნენ.
რაღაც პერიოდის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ დაჯარიმებულთა სტატისტიკა ეწარმოებინათ, თუმცა, ბოლოს ესეც შეუძლებელი გახდა.
რამდენიმე ფაქტი მაინც ვიცით:
🟥 1400-მდე პირს დაეხმარა უსამართლო ჯარიმების გასაჩივრებაში სამართლებრივი დახმარების ქსელი, რომელიც 2024 წელს 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შექმნა.
🟥 ორი მილიონი ლარი იყო ჯარიმების ოდენობა, ჯერ კიდევ მარტში, ანუ, არასრულ სამ თვეში – ამას წერდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
დიდი ალბათობით, ეს რიცხვი, მინიმუმ, გაორმაგებული უნდა იყოს.
პარალელურად, “ქართულმა ოცნებამ” დააყადაღა ყველა ის ფონდი, რომელიც დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდა.
230-ზე მეტი დასანქცირებული საჯარო მოხელე, მოსამართლე და პროკურორი
“ქართული ოცნების” ამ რეპრესიულ პოლიტიკას უკვალოდ არ ჩაუვლია. ისტორიაში პირველად, საქართველოში, დასავლელი პარტნიორებისგან – ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, ასობით ადამიანია დასანქცირებული.
🟥 230-ზე მეტ ადამიანს საქართველოში აქვს დასავლეთის სანქციები.
ეს მონაცემები “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” შეკრიბა .ორგანიზაციის ცნობით, 141 ადამიანის ვინაობა გასაჯაროვებულია, (იხილეთ სრული სია), ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული.
ეს რიცხვი მოიცავს არამხოლოდ 28 ნოემბრის შემდეგ პერიოდს, არამედ, 2023 წლიდან, როცა მოსამართლეები დაასანქცირეს. თუმცა, სანქციებმა მოიმატა რეპრესიების შემდეგ, ამიტომ, ამ 230 ადამიანიდან უმეტესობა სწორედ ბოლო ერთ წელიწადშია დასანქცირებული.
მათ შორის, 27 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო ხაზინამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს რეალურ მმართველს, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს.
რაც ზუსტად ვიცით ასევე, 6 ადამიანია მაგნიტსკის სიაში.
“ქართული ოცნების” წევრებს უკვე მოუხდათ აღიარება, რომ ეს სანქციები მუშაობს. რამდენიმემ საჯაროდ თქვა, რომ მოუხდა ვიზის აღება ევროპაში მოგზაურობისას. ასევე, ამ ბოლოს, დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნის გამო, გაუქმდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო.
“ქართულ ოცნებას” ასევე მოუხდა დასანქცირებული ადამიანების ნაწილის ჩამოშორებაც მართვის სადავეებიდან. მაგალითად, თანამდებობიდან მოხსნეს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელი დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება”.
ახალი რეპრესიები ჰორიზონტზე – როგორ აპირებს გაგრძელებას "ქართული ოცნება"
“ქართული ოცნების” რეპრესიები ამით არ სრულდება. ჯერ კანონის სახე არ აქვს, მაგრამ, უკვე დაანონსებულია ხმის მიცემის შეზღუდვა ემიგრანტებისთვის.
🟥 ათობით ათასი ემიგრანტი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, თუ ისინი არჩევნების დღეს საქართველოში არ დაბრუნდებიან.
“ქართული ოცნება” მათ ეუბნება, რომ უცხოეთში საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება, რადგან ისინი უცხო ძალების გავლენის ქვეშ არიან და არ იციან, რა ხდება მათ მშობლიურ ქვეყანაში. 25 ნოემბერს ამ კანონპროექტს უკვე დაუჭირეს მხარი პირველი მოსმენით.
დიდი რეფორმა იგეგემება განათლების სფეროში. “დეფორმა” – ასე უწოდეს ამ ინიციატივას განათლების სპეციალისტებმა, რადგან ის სრულიად ანგრევს განათლების სისტემას, აუარესებს ხარისხს, ქვეყანას აშორებს დასავლური საგანმანათლებლო სისტემიდან.
🟥 ასობით ახალგაზრდა ვეღარ შეძლებს მარტივად გააგრძელოს სწავლა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში, თუ ეს რეფორმა განხორციელდა.
„ქართული ოცნება“ აინიცირებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის რეაბილიტაციის ცენტრი შეიქმნება.
🟥 სპეციალურ დაწესებულებაში გამოკეტავენ არასრულწლოვნებს, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ.
არასამთავრობოებმა ეს ინიციატივა უკვე შეაფასეს როგორც ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა.
“ქართული ოცნების” რეპრესიები